გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/708-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ჯ--–------–--------–---–ი
წარმომადგენელი ჯ--–-----------ა
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
წარმომადგენელი ნ-------------–---–ი
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი თ----------–----ე
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ 2017 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 27.07.2018წ. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს სამედიცინო გამოკვლევებზე და დაწყებულ მკურნალობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4497 (664+3833) ლარის ოდენობით (იხ. 10.09.2018წ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (შუამდგომლობა), ტ. II, ს.ფ. 74-77).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 1 ივლისს ჯ--–------–--------–---–მა №5------- საჩივრით მიმართა მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტს დაკავებისას წამება/არასათანადო მოპყრობის გამო. კომიტეტმა არსებითად განიხილა წამების, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების და პატიმრების მოპყრობის საკითხები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით (საჩივარი №5-------) კომიტეტმა მიიჩნია, რომ მის ხელთ არსებული ფაქტები ადასტურებს კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების (პირველ მუხლთან ერთობლიობაში) და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მე-16 (1) მუხლის დარღვევას მომჩივანთან (ჯ--–------–--------–---–თან) მიმართებით.
საქმის არსებითი განხილვის შედეგად, კომიტეტმა დაადგინა, რომ 2010 წლის 10 და 11 ოქტომბერს, შესაბამისად, დმი-ის მორიგე ექიმმა დოკუმენტურად დააფიქსირა დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები მომჩივნის (ჯ--–------–--------–---–ი) სხეულზე, და რომ ეს დაფიქსირებული დაზიანებები შეესაბამებოდა მომჩივნის მონათხრობს. მიუხედავად მოპასუხე სახელმწიფოს მითითებისა, რომ მომჩივნის მიერ 2010 წლის 13 ოქტომბერს თბილისის №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ ჩატარებულ სამედიცინო გამოკვლევების ოქმებში არ არის აღნიშნული ასეთი დაზიანებები და გამომძიებლების განკარგულებით ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზებმა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა სხვადასხვა სამედიცინო დასკვნის შესწავლა, გამოიტანა დასკვნა, რომ მომჩივნის მიერ მიღებული დაზიანებები არ იყო სერიოზული. კომიტეტის თვალსაზრისით, დმი-დან მიღებული დოკუმენტაცია წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მომჩივნის მონათხრობის დასადასტურებლად. მიწოდებული მტკიცებულების საფუძველზე კომიტეტი მიიჩნევს, რომ მომჩივნის მონათხრობი სანდოა. უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტებით მოპასუხე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებს ისეთ ქმედებაში ედებათ ბრალი, რომელიც უტოლდება „მძიმე ტკივილსა და ტანჯვას“ კონვენციის 1 (1)-ლი მუხლის თანახმად.
კომიტეტი, ასევე, ხაზს უსვამს პრეტენზიას, რომ მომჩივანს (ჯ--–------–--------–---–ს), რომელიც დაავადებულია დიაბეტით, არ მისცეს ინსულინის ინექციების გაკეთების საშუალება პოლიციის განყოფილებასა და დმი-ში დაკავების მთელი პერიოდის განმავლობაში, 2010 წლის 10-დან 13 ოქტომბრამდე, რამაც გამოიწვია მისი მდგომარეობის გაუარესება. მოპასუხე სახელმწიფო არ შედავებია ამ ბრალდებებს. შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ აღნიშნული მოპყრობა წარმოადგენს სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას კონვენციის მე-16 მუხლის მნიშვნელობით და რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი მეორე მომჩივანთან მიმართებით.
რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიას, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-12 მუხლი, რადგან ვერ ჩაატარა სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებების შესასრულებლად. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი ხაზს უსვამს მომჩივნის პრეტენზიებს, რომლებიც არ იქნა უარყოფილი მოპასუხე სახელმწიფოს მიერ იმასთან დაკავშირებით, რომ, გამომძიებლებმა არ გასცეს მომჩივნის სამედიცინო ანგარიშების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების განკარგულება 2012 წლის მარტამდე, ე.ი. ოფიციალური პირების მიერ 2010 წლის ნოემბერში მომჩივნის პრეტენზიების საფუძველზე გამოძიების დაწყებიდან 16 თვის შემდეგ; რომ გამომძიებლებს საერთოდ არ დაუკითხავთ ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც მომჩივანმა ბრალი დასდო წამებაში (ტ.ა.); და რომ მის საქმეებთან მიმართებით არსებითი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა 2012 წლის მარტის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება, მას არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2012 წლის მარტის შემდეგ ჩატარდა არსებითი საგამოძიებო მოქმედებები, არც რაიმე მითითება მასზედ, თუ როდის არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება, რაც მოიცავს ხუთ წელზე მეტი დროით გაჭიანურებულ პერიოდს ბოლო არსებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან, ვერ პასუხობს მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება მაშინ, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩადენილია წამება, კონვენციის მე-12 მუხლის მნიშვნელობით.
მოპასუხე სახელმწიფომ ასევე ვერ შეასრულა კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, მოეხდინა მომჩივნის მიერ საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამგვარ საჩივარზე ადეკვატური რეაგირება სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების გზით. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ოფიციალური პირები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მისთვის, რათა წარედგინა საჩივრები ხელისუფლებისა და კომიტეტის წინაშე და დაემუქრნენ მომჩივანს და მათი ოჯახის წევრს. მომჩივანმა განაცხადა, რომ მას დაემუქრა გამომძიებელი, რომელმაც ის აიძულა, ხელი მოეწერა ჩვენებაზე, რომლითაც უარყოფდა თავის ადრინდელ ბრალდებებს წამების თაობაზე. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ ციხის თანამშრომლებმა ხელში ჩაიგდეს მის მიერ კომიტეტში წარსადგენი საჩივარი და გარდა ამისა, მისი ოჯახის წევრს თავს დაესხნენ და ემუქრებოდნენ პირები, რომლებიც მოქმედებდნენ ოფიციალური ორგანოების სახელით, მომჩივნის ქმედებების საპასუხოდ. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ არ იქნა მოწოდებული არანაირი ინფორმაცია, რომელიც უარყოფდა საჩივრის ამ ნაწილს. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას.
პროცედურული წესების 118-ე წესის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მოუწოდა მოპასუხე სახელმწიფოს, ჩაატაროს განხილული ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიება, რათა დაზარალებულის მიმართ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და მომჩივნისთვის უზრუნველყოფილ იქნას დაცვის ეფექტური საშუალებები, მათ შორის, სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია მიყენებული ზიანის გამო, კომიტეტის №2 ზოგადი კომენტარის შესაბამისად, ისევე როგორც სამედიცინო რეაბილიტაცია. მოპასუხე სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მოახდინოს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენცია.
ამავე გადაწყვეტილებით კომიტეტმა მოუწოდა მოპასუხე სახელმწიფოს, წინამდებარე გადაწყვეტილების გადაცემის თარიღიდან 90 დღის განმავლობაში შეატყობინოს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გატარდა ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ. 25-40).
3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 21 ივლისის №4--- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტმა 2017 წლის 12 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჯ-- და ჯ--. საქართველოს წინააღმდეგ“. ამავე წერილით, ვინაიდან ჯ--–------–--------–---–ი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების №- დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტრომ ითხოვა ინფორმაცია მსჯავრდებულის - ჯ--–------–--------–---–ის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ და ასევე, კომიტეტის მიერ დადგენილი დარღვევის გათვალისწინებით, მისთვის დაგეგმილი/განხორციელებული სამედიცინო რეაბილიტაციის ღონისძიებების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 21 ივლისის №4--- წერილი (ტ.I, ს.ფ. 289-290).
3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის N4--- წერილით პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების მსჯავრდებულს - ჯ--–------–--------–---–ს ეცნობა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტმა 2017 წლის 12 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჯ-- და ჯ--. საქართველოს წინააღმდეგ“. განსახილველ საქმეში კომიტეტმა დაადგინა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის დარღვევა. ადრესატს ეცნობა, რომ მას აქვს უფლება კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან (გადაწყვეტილების მიღების თარიღია - 2017წ. 12 მაისი), 6 თვის ვადაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ადრესატს გაეგზავნა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ქართული თარგმანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის N4--- წერილი (ტ.I, ს.ფ. 293-294).
3.1.4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ 2017 წლის სექტემბრის საქართველოს მთავრობის ანგარიშით კომიტეტს სამედიცინო რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით ეცნობა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ დინამიკურად ხორციელდება მომჩივნის სამედიცინო რეაბილიტაცია. შესაბამისად, მომჩივანს პერიოდულად უტარდებოდა შესაბამისი კონსულტაციების სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ. გარდა ამისა, მას ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, როგორც სასჯელის აღსრულების მოხდის ადგილზე, ასევე სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის სექტემბრის საქართველოს მთავრობის ანგარიში (ტ.I, ს.ფ. 341-367).
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 04 ოქტომბრის №5--- წერილით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ „იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 21 ივლისს №4--- წერილით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს სამედიცინო დეპარტამენტს, რითაც აცნობა გაეროს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების თაობაზე და გამოითხოვა ინფორმაცია მსჯავრდებულის - ჯ--–------–--------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის დაგეგმილი/განსახორციელებელი სამედიცინო რეაბილიტაციის ღონისძიებების თაობაზე. ვინაიდან მომჩივანმა მხოლოდ 2017 წლის 21 აგვისტოს (იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი განცხადება (MOC 6------------)) განაცხადა თანხმობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაგზავნილიყო გაეროს კომიტეტში, 2017 წლის 25 აგვისტოს, მომჩივნის თანხმობის საფუძველზე, გამოთხოვილი ინფორმაცია მოგვაწოდა სასჯელაღსრულების სამინისტრომ. აღნიშნული ინფორმაცია ეხებოდა მომჩივნისათვის გაწეულ კონსულტაციებსა და გამოკვლევებს, როგორც სასჯელის მოხდის ადგილზე, ასევე სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში. შესაბამისად, მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, მომჩივანი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 04 ოქტომბრის №5--- წერილი (ტ.I, ს.ფ. 291-292).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ--–------–--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII14 თავის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე (საჩივარი №5-------), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაეკისროს სამედიცინო გამოკვლევებზე და დაწყებულ მკურნალობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 27 აპრილის №5--- საქართველოს კანონზე, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში და დაემატა VII14 თავი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. ხსენებული ცვლილების განხორციელების შედეგად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებული 2157 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა. ამავე კოდექსის 2160 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2157 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი ან მისი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2016 წლის 27 აპრილს განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, აუნაზღაუროს პირს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანი, როდესაც მის მიმართ არსებობს გაეროს შესაბამისი კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევის დადასტურების თაობაზე, თუმცა, სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობისა და პირის უფლებების დროულად განხორციელების მიზნით კანონმდებელმა პირის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზება კონკრეტული ვადით შეზღუდა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალები ცხადყოფენ, რომ მოსარჩელე ჯ--–------–--------–---–თან მიმართებით კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების (პირველ მუხლთან ერთობლიობაში) და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მე-16 (1) მუხლის დარღვევის დადასტურების თაობაზე გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტმა 2017 წლის 12 მაისს მიიღო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების (სამედიცინო გამოკვლევებზე და დაწყებულ მკურნალობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება) მიღების შესახებ სარჩელი ჯ--–------–--------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 05 თებერვალს (იხ. ტ. I, ს.ფ. 2-125), კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოადგინა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ჯ--–------–--------–---–ის მოთხოვნა წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილების (საჩივარი №5-------), საფუძველზე სამედიცინო გამოკვლევებისათვის გადახდილი თანხების ანაზღაურების (მათ შორის სტომატოლოგიური მომსახურება და სხვ.) თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის №3/5865-17 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. I, ს. ფ. 370-386), რაც მოსარჩელის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების დადგენილ ვადაში რეალიზება, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამედიცინო გამოკვლევებზე და დაწყებულ მკურნალობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაევალოს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
დადგენილია და მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით (საჩივარი№5-------) კომიტეტმა მოუწოდა მოპასუხე სახელმწიფოს, ჩაატაროს განხილული ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიება, რათა დაზარალებულის მიმართ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და მომჩივნისთვის უზრუნველყოფილ იქნას დაცვის ეფექტური საშუალებები, მათ შორის, სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია მიყენებული ზიანის გამო, კომიტეტის №2 ზოგადი კომენტარის შესაბამისად, ისევე როგორც სამედიცინო რეაბილიტაცია.
სასამართლო მიუთითებს „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენციაზე, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის №562 დადგენილებით.
კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ამ მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ, ან მისი წაქეზებით, ან მისი ნებართვით, ან მისი უსიტყვო თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი თანმდევია.
ამავე კონვენციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს, რომ თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს თავის სამართლებრივ სისტემაში, რომ წამების აქტის მსხვერპლმა მიიღოს ანაზღაურება და ჰქონდეს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის სამართლებრივად აღსრულებადი უფლება, რაც შეიძლება სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრების ჩათვლით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით (საჩივარი№5-------) კომიტეტმა მოპასუხე სახელმწიფოს მოუწოდა მომჩივანი უზრუნველყოს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციით მიყენებული ზიანის გამო, ისევე როგორც სამედიცინო რეაბილიტაციით. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევის საკომპენსაციოდ წამების აქტის მსხვერპლმა მოპასუხე სახელმწიფოსგან „ანაზღაურების“ სახით უნდა მიიღოს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია და სამედიცინო რეაბილიტაცია, როგორც უფლების აღდგენის ორი დამოუკიდებელი საშუალება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2016 წლის 27 აპრილს განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, აუნაზღაუროს პირს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანი, როდესაც მის მიმართ არსებობს გაეროს შესაბამისი კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევის დადასტურების თაობაზე, თუმცა, რაც შეეხება კონვენციით გათვალისწინებული უფლების აღდგენის ისეთ საშუალებას, როგორიცაა მსხვერპლის სამედიცინო რეაბილიტაცია, მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება და ხშირ შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება არ მოიცავს სამედიცინო რეაბილიტაციას.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებას“, რომლის მე-14 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №66 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულებას“, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მიზნებისათვის ტერმინი „საერთაშორისო სასამართლოები“ მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე შექმნილ ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა კონვენციების საფუძველზე შექმნილ კომიტეტებს (შემდგომში – გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები). ამავე დებულების მე-6 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანას განეკუთვნება საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წამების აქტის მსხვერპლის სამედიცინო რეაბილიტაციის საკითხს, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ - საქართველომ უნდა უზრუნველყოს ჯ--–------–--------–---–ის სამედიცინო რეაბილიტაცია, რაც მოსარჩელის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ არ განხორციელებულა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა დაევალოს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა (სამედიცინო რეაბილიტაციის ნაწილში).
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ--–------–--------–---–ის სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ 2017 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა (სამედიცინო რეაბილიტაციის ნაწილში).
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ჯ--–------–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ 2017 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
3. ჯ--–------–--------–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია