გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 160210017002211161
N 2/1192-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,სა---------–-------–------–-ა”
წარმომადგენელი - მი-----------–---ი
მოპასუხე - გი---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გი---------------ისათვის მოსარჩელე შპს ,,სა---------–-------–------–-ის” სასარგებლოდ 2659,50 ლარი გადახდის დაკისრება, საიდანაც 2250 ლარი არის მომსახურების გადასახადი, ხოლო 409,50 ლარი - პირგასამტეხლო (სარჩელი ს.ფ. 3-17);
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,სა---------–-------–------–-ა” წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაა წყალმომხმარებლებისათვის წყლის მიწოდებისა და ჭარბი წყლის მოცილების მომსახურების გაწევა. შპს ,,სა---------–-------–------–-ის” გენერალური დირექტორის 2015 წლის 12 მარტის №40 ბრძანებით, კომპანიის მიერ სარწყავი წყლის მიწოდების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდა სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები, რომლის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, აბონენტს მომსახურება მიეწოდება, ამავე ბრძანებით დამტკიცებული სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ წერილობითი განაცხადის საფუძველზე. სტანდარტული პირობების მე-5 მუხლის 5.5. პუნქტის თანახმად, გასაწევი/გაწეული მომსახურების საფასურს აბონენტი აანაზღაურებს სტანდარტული პირობებისა და განაცხადით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის დაანგარიშება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული და აბონენტის მიერ არჩეული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მე-6 მუხლის 6.2. მუხლის 6.2.3. პუნქტის თანახმად, აბონენტი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს, განსაზღვრული გეგმის მიხედვით. ხოლო მე-10 მუხლის თანახმად, გასაწევი/გაწეული მომსახურებისათვის აბონენტის მიერ განაცხადში მითითებული მომსახურების საფასურის გადახდის ვადის დადგომის დროისათვის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტებს დაეკისრებათ პირგასამტეხლოს თანხის გადახდა, რომელიც შეადგენს გადასახდელი მომსახურების საფასურის 0,1%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აბონენტები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ გაეცნენ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სამელიორაციო მომსახურების სტანდარტულ პირობებს და ეთანხმებიან მას.
2015 წლის 22 მაისს, გი---------------ემ განცხადებით მიმართა შპს ,,სა---------–-------–------–-ას” და მოითხოვა სამელიორაციო მომსახურების გაწევა. 2015 წლის 22 მაისის №3-5-1024 სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების საფუძველზე, მოპასუხეს 30 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომლის ღირებულებაცაა 2250 ლარი. ,,სა---------–-------–------–-ის” მიერ მოპასუხეს, ივლისის თვეში, 30 ჰა მიწის ნაკვეთზე გაეწია 2250 ლარის მომსახურება. მხარეთა შორის გაფორმებული განაცხადის თანახმად, მოპასუხეს დავალიანება სრულად უნდა დაეფარა 2015 წლის 01 ნოემბრამდე. ვინაიდან, მოპასუხის მიერ არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2,25 ლარს, სულ 01 ნოემბრიდან 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით (182 დღე) 409,50 ლარი. სულ, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2659,50 ლარს, საიდანაც სამელიორაციო მომსახურების თანხაა 2250 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 409,50 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მათ სრულად შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა (სარჩელი ს.ფ. 3-17).
2017 წლის 07 ივნისის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მი-----------–---მა განმარტა, სამელიორაციო მომსახურება გულისხმობს იმას, რომ შპს ,,სა---------–-------–------–-ა” ვალდებულია სარწყავი წყალი იქონიოს მაგისტრალურ არხებში და შემდეგ მიაწოდოს შიდა არხებს. მათ მოვალეობაში არ შედის უშუალოდ აბონენტის მიწის ნაკვეთამდე სარწყავი წყლის მიყვანა. მომსახურების გაწევად ითვლება თუნდაც ერთხელ სარწყავი წყლის მიწოდება და აუცილებელი არ არის რამოდენიმეჯერ განხორციელდეს მიწოდება. გი---------------ეს როდესაც დასჭირდებოდა სარწყავი წლით მომსახურების გაწევა, უნდა დაერეკა შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომლისათვის და ეთხოვა წყლის გაშვება. შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ მთავარი ინჟინრის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ გი---------------ეს მომსახურება გაეწია 2015 წლის ივნისის თვეში (07.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:16:42-15:23:52).
2.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გი---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 20 ივნისს, სეტყვის შედეგად მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ნათესები 100%-ით განადგურდა. სეტყვას თან ახლდა წყალდიდობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას სარწყავი წლით არ უსარგებლია. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გაუწევია არანაირი მომსახურება და არ წარმოშობილა მოპასუხის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულება (იხ. შესაგებელი ს.ფ. 44-52).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გი---------------ემ განმარტა, რომ მას არ დაურეკავს შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ თანამშრომლისათვის და სარწყავი წლის მიწოდება არ მოუთხოვია, რადგან 2015 წელი იყო საკმაოდ უხვნალექიანი და მაშინ როდესაც მორწყვა უნდა დაეწყო ამ პერიოდში მოვიდა სეტყვა და მისი ნათესიც განადგურდა. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, რომ 10 დღის ვადაში უნდა ეცნობებინა მოსარჩელისათვის მომსახურების მიუღებლობის შესახებ, ამ პერიოდში იგი დადიოდა სადაზღვევო კომპანიაში, რადგან მიწის ნაკვეთი ჰქონდა დაზღვეული და თანხის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ არაერთხელ იყო მისული და აცნობა კიდეც შპს ,,სა---------–-------–------–-ას“, რომ მას მომსახურება არ გასწევია (იხ. 07.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ გენერალური დირექტორის 12.03.2015 წლის N40 ბრძანებით დამტკიცდა სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები და განაცხადი სამელიორაციო მომსახურების გაწევის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.03.2015 წლის ბრძანება (ს.ფ. 21-22);
- სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები (ს.ფ. 23-27);
- განაცხადის ფორმა სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 28);
3.1.2. შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ 100 %-ანი წილის მესაკუთრეა სახელმწიფო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-20).
3.1.3. 2015 წლის 22 მაისს გი---------------ემ (პ/ნ 010150143--) N3-5-1024 განაცხადით მიმართა მოსარჩელეს სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ 30 ჰა მიწის ნაკვეთზე (ხორბალი, ხახვი), მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 2250 ლარით (1 ჰა - 75 ლარი). აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით გი---------------ემ დაადასტურა, რომ გაეცნო სრულად და ეთანხმებოდა შპს ,,სა---------–-------–------–-ის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მომსახურების მიწოდების სტანდარტულ პირობებს და ითხოვდა აბონენტად აყვანას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გი---------------ის 22.05.2015 წლის განაცხადი (ს.ფ. 29).
3.1.4. შპს ,,სა---------–-------–------–-ა” წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაა წყალმომხმარებლებისათვის წყლის მიწოდებისა და ჭარბი წყლის მოცილების მომსახურების გაწევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-20);
- სარჩელი (ს.ფ. 3-17).
3.1.5. სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობების 6.4.1. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აბონენტისათვის მომსახურების მიწოდება ჯეროვნად. იმავე მუხლის 6.4.2. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტექნიკური ჯგუფის არსებობა, რომელიც თავისმხრივ უზრუნველყოფს ყოველგვარი ხარვეზის ან/და შეფერხების დროულად აღმოფხვრას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამელიორაციო მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები (ს.ფ. 23-27);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მოპასუხეს განაცხადის საფუძველზე გაეწია შეთანხმებული მომსახურება, რაშიც მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
ამდენად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მის მიერ გი---------------ისათვის მომსახურების გაწევის ფაქტი და მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი გადადის გი---------------ეზე.
მოსარჩელე მხარემ, მომსახურების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოადგინა შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ ხრამი-დებედა სერვის ცენტრის უფროსის ბა--------–---–-–---–ისა და ამავე სერვის-ცენტრის მთავარი ინჟინრის ვლ-------------–--–--ის მიერ შედგენილი აქტი (2015 წლის სამელიორაციო მომსახურების გაწევის ცხრილი), სადაც მითითებულია, რომ 2015 წლის ივნისის თვეში გი---------------ეს გაეწია სამელიორაციო მომსახურება 30 ჰა მიწის ნაკვეთზე. მომსახურების გაწევის ფაქტი სადავოდ გახადა მოპასუხე მხარემ და ამ გარემოებების დადგენის მიზნით დაკითხული იქნენ მოწმეები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ემ-------------–---–-ა, რომელიც არის შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ ხრამი-დებედა სერვის ცენტრის უბნის უფროსი, სასამართლოს უჩვენა, რომ 2015 წელს გი---------------ეს ეთესა ხახვი, მიწის ნაკვეთზე გაშალეს სარწყავი წლის მილები, ე.წ. ,,წვეთოვნები“ და უნდა მოერწყა, სწორედ ამ პერიოდში მოვიდა სეტყვა. იგი მისული იყო და ნახა, რომ მოსავალი გაუნადგურდა. მან უთხრა, რომ მისულიყო შპს ,,სა---------–-------–------–-აში“ და ეცნობებინა აღნიშნული ფაქტის შესახებ და ისინი გადაწყვეტდნენ გაანთავისუფლებდნენ გადასახადის გადახდისგან თუ არა. გი---------------ეს სარწყავი წყალი არ მოუხმარია 30 ჰა მიწის ნაკვეთზე, მასთან არ მისულა და წყლის გაშვება არ მოუთხოვია (07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:29:36-15:39:35).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვლ-------------–--–--ემ, რომელიც არის შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ ხრამი-დებედა სერვის ცენტრის უფროსის მოადგილე, ხოლო 2015 წელს იყო ამავე სერვის-ცენტრის მთავარი ინჟინერი, სასამართლოს უჩვენა, რომ გი---------------ემ როდესაც დაიწყო მორწყვის პროცესი, მოვიდა სეტყვა და დაისეტყვა მისი ფართობი. გი---------------ეს სამელიორაციო მომსახურება არ გასწევია, რადგან ვერ მოასწრეს სტიქიის გამო. რაც შეეხება მის მიერ ხელმოწერილ ცხრილს, სადაც მითითებულია, რომ გი---------------ეს გაეწია სამელიორაციო მომსახურება, განმარტა, რომ აღნიშნული ცხრილის შედგენის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ გი---------------ეს მიწის ნაკვეთი არ მოურწყია (07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:43:41-15:50:17).
მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხე გი---------------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,სა---------–-------–------–-ას” მისთვის სამელიორაციო მომსახურება არ გაუწევია და 30 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე სარწყავი წყალი არ მიუწოდებია. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა. კერძოდ, მათ დაადასტურეს, რომ 2015 წლის ივნისის თვეში, როდესაც გი---------------ეს უნდა დაეწყო მიწის ნაკვეთის მორწყვა, მოვიდა სეტყვა და განადგურდა ნათესები, შესაბამისად, მისთვის სარწყავი წყალი არ მიუწოდებიათ. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სამელიორაციო მომსახურების გაწევის დამადასტურებელ ცხრილს, მომსახურების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლო მას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმომწერმა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმის სახით, განმარტა, რომ აღნიშნული ცხრილის შედგენის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი ის გარემოება, რომ სტიქიამ გაანადგურა გი---------------ის მიწის ნაკვეთი და დაადასტურა, რომ მას არ გასწევია სამელიორაციო მომსახურება. ამასთან, გი---------------ის კუთვნილი 29,75 ჰა მიწის ნაკვეთზე არსებული ნათესების სეტყვის შედეგად განადგურების ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სადაზღვევო შემთხვევის აქტითაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე ემ-------------–---–ის ჩვენება (იხ. 07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:29:36-15:39:35);
- მოწმე ვლ-------------–--–--ის ჩვენება (იხ. 07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:43:41-15:50:17);
- 2015 წელს გაწეული სამელიორაციო მომსახურების ცხრილი (ს.ფ. 30);
- სადაზღვევო შემთხვევის აქტი (იხ. ს.ფ. 53).
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,სა---------–-------–------–-ის“ სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 342-ე, 361-ე, 629-ე, 648-ე, 369-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მასსა და გი---------------ეს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობისა და მომსახურების შემცველ შერეული ტიპის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების ძალით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება აბონენტისათვის მომსახურების ჯეროვნად მიწოდების ვალდებულება. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ აბონენტისათვის მომსახურების გაწევა მოიცავდა მხარის ვალდებულებას წყალმომხმარებლებისათვის წყლის მიწოდების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის სარწყავი წლის მიწოდება არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ განუხორციელებია მოპასუხისათვის წყლის მიწოდება, მოპასუხეს არ წარმოშობია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სა---------–-------–------–-ის” სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,სა---------–-------–------–-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,სა---------–-------–------–-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე