გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 3/5187-18
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - გი-----------------ა
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
წარმომადგენელი - სა-–---------–--–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2--------------------- ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 2-----–--ის N- სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გი-----------------ას მოთხოვნა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების N-, N- და N-1 ტესტებში ქულების მომატების თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა, 30.1-.2018 წლის სხდომის ოქმი);
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გი-----------------ას ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების N-, N- და N-1 ტესტებში მოემატება თითო (ჯამში 3) ქულა (დაზუსტებული მოთხოვნა, 30.1-.2018 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გი-----------------ამ 2018 წლის 0-----ისს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. გი-----------------ამ ტესტირების შედეგად დააგროვა 7- ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდებისა და შერჩევის მართვის სისტემის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ. 59);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. გი-----------------ამ ტესტირების შედეგები 1- ტესტის, მათ შორის, №----- და №-- ტესტების შეფასების ნაწილში გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო კომისიაში.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2--------------------- ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 2-----–--ის №- სხდომის ოქმით გი-----------------ას უარი ეთქვა საჩივრების დაკმაყოფილებაზე და არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 7- ქულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2--------------------- ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 2-----–-სის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 60-94).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი-----------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სადავო პერიოდში მოქმედი ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2--------------------- ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 2-----–-სის №- სხდომის ოქმი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავოს საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
ამავე კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მითითებული მუხლის მე-3-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით; ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. აღნიშნული მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №----- და №-- ტესტური დავალებების შეფასებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა:
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა ბესიკ დ.-ს საცხოვრებელ სახლში მესაკუთრის წინააღმდეგობის მიუხედავად, რადგან აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ბესიკ დ.-ს საცხოვრებელ სახლში ინახებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის იარაღი და მისი უმოკლეს დროში განადგურება იგეგმებოდა.
კითხვა: საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება ჩატარებული ჩხრეკა?
ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,დ“ ვარიანტი - დიახ, რადგან საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დაიშვება მათ შორის კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
გაცემული პასუხი: ,,გ“ ვარიანტი - დიახ, რადგან საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,აპლიკანტმა დასმულ კითხვაზე - საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება ჩატარებული ჩხრეკა? უპასუხა დადებითად - ,,დიახ, რადგან საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. აღნიშნული დისტრაქტორის სწორ პასუხად მიჩნევის შემთხვევაში ითვლება, რომ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება და შესაბამისად, არასწორ დისტრაქტორად აქცევს აღნიშნულ პასუხს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რადგან საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დაიშვება სასამართლო გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. აქვე აღსანიშნავია, რომ ტესტური დავალება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩხრეკა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარდა, მაშინ როდესაც უთითებს ,,თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა“, შესაბამისად, აპლიკანტი ტესტური დავალების საფუძვლის - საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ცოდნის შემთხვევაში აუცილებლად გაამახვილებდა ყურადღებას აღნიშნულ მნიშვნელოვან ნიუანსზე, რითაც სწორ პასუხზე გასვლა არ გაუჭირდებოდა. შესაბამისად, აპლიკანტის მიერ სწორ პასუხად მიჩნეული დისტრაქტორი სრულად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას, ასევე ტესტურ დავალებას, რისი შემოწმების მიზნადაც შეიქმნა აღნიშნული ტესტური დავალება. მაშინ, როდესაც აპლიკანტი სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული ორი დასაშვები ფაქტორიდან (სასამართლო გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა) უთითებს მხოლოდ ერთის არსებობას, ეს უმნიშვნელო ფრაზეოლოგად ვერ შეფასდება, შესაბამისად, გასაჩივრებული ტესტური დავალების ერთადერთი სწორი პასუხი არის - ,,დიახ, რადგან საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დაიშვება მათ შორის კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“, რაც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის გარდა კიდევ სხვა ფაქტორის არსებობას უშვებს და ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს“.
მოსარჩელე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი საცხოვრებელ ბინაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებულ ჩხრეკას დასაშვებად მიიჩნევს როგორც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, თუმცა ვინაიდან ტესტის პირობაში მითითებული იყო, რომ ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ჩხრეკის დასაშვებად მიჩნევისათვის დარჩა ერთადერთი პირობა - კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულ ვარიანტში სიტყვათა თანწყობა ,,მათ შორის“ კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული არ არის, ასევე, ,,მათ შორის“ გულისხმობს გარკვეულ სიმრავლეს, რამაც აღნიშნული პასუხი მისთვის რთულად გასაგები გახადა.
სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს, რომ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დაიშვება ორ შემთხვევაში: თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ ტესტზე გაცემული პასუხი ვერ იქნება მიჩნეული სწორად, რამეთუ მან საცხოვრებელ ბინაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებული ჩხრეკა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას მიიჩნია დასაშვებად. ამასთან, ის გარემოება, რომ ტესტის პირობის თანახმად, არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისი ნორმის ფორმულირების ცოდნის შემთხვევაში არ დააბრკოლებდა მოსარჩელეს სწორი ვარიანტის შერჩევისას, კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელ აუცილებლობასთან ერთად გაეთვალისწინებინა სასამართლოს გადაწყვეტილებაც, როგორც საცხოვრებელ ბინაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებული ჩხრეკის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობა. მეტიც, ტესტის სწორ ვარიანტში მითითებული სიტყვები ,,მათ შორის“ გამოსაცდელ პირს მიანიშნებდა სწორედ შემთხვევათა სიმრავლის/არაერთადერთობის არსებობაზე, რა დროსაც ჩხრეკა შეიძლებოდა მიჩნეულიყო დასაშვებად და სასამართლოს აზრით არ წარმოადგენდა რთულად აღსაქმელ პირობას.
6.4. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა ლელა ი.-მ და მოითხოვა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით. მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე, წერილობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მთლიანად ცნო სარჩელი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება.
კითხვა: ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მართებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედება?
ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,გ“ ვარიანტი - არა, რადგან საქმის განხილვის დროს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, არცერთ შემთხვევაში არ იწვევს საქმის შეწყვეტას.
გაცემული პასუხი: ,,ბ“ ვარიანტი - არა, რადგან საქმის განხილვის დროს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს კონსტიტუციის მეორე თავთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტას.
სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,დასმულ კითხვაზე - ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მართებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედება? აპლიკანტი პასუხობს უარყოფითად - ,,არა, რადგან საქმის განხილვის დროს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, არცერთ შემთხვევაში არ იწვევს საქმის შეწყვეტას.“ ექსპერტი აღნიშნავს: ,,ტესტური დავალებები იქმნება იმ მიზნით, რომ შემოწმდეს გამოსაცდელი პირის ცოდნა, კონკრეტული ნორმის შინაარსის და მნიშვნელობის შესახებ. გასაჩივრებული ტესტური დავალება მიზნად ისახავდა აპლიკანტის ცოდნის შემოწმებას ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მოპასუხის მიერ სარჩელის (ნებისმიერი შინაარსით) ცნობა იწვევს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. აქ მნიშვნელოვანი ელემენტია აპლიკანტის პასუხის უზუსტობის განსაზღვრება, რასაც ის სწორ პასუხად მიგვითითებს. ტესტური დავალების შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავთან დაკავშირებულ საკითხზე წარდგენილი სარჩელის მოპასუხის მიერ ცნობის შემთხვევას თუ განვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტის საფუძვლად, პირდაპირ შევეწინააღმდეგებით ტესტური დავალების სამართლებრივ საფუძველს - ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლითაც მოპასუხის მიერ ნებისმიერი საფუძვლით აღძრული სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. აქედან გამომდინარე, აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი ვერ ჩაითვლება სწორად, რადგან მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავთან დაკავშირებული სარჩელების გათვალისწინება, მაშინ, როდესაც ნორმა ზოგადად ნებისმიერი საფუძვლით სარჩელებზე მიგვითითებს, ვერ ჩაითვლება სწორ პასუხად. სწორედ აღნიშნული შეცდომის თავიდან ასაცილებლად არის მითითებული (დაკონკრეტებული) სწორ დისტრაქტორში - არცერთ შემთხვევაში არ იწვევს საქმის შეწყვეტას. შესაბამისად, აღნიშნულ ტესტურ დავალებას აქვს ერთადერთი სწორი პასუხი, რომლის შემოხაზვა აპლიკანტს არ უნდა გასჭირვებოდა სამართლებრივი საფუძვლის ცოდნის შემთხვევაში არის - ,,არა, რადგან საქმის განხილვის დროს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, არცერთ შემთხვევაში არ იწვევს საქმის შეწყვეტას.“ სწორედ ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს“.
მოსარჩელე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ ტესტზე მის მიერ გაცემული პასუხი სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლში მოცემულ წესს და ტესტის მიერ განსაზღვრული პასუხი სრულად მოიცავს მას. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ტესტში დაშვებულია ხარვეზი და ორივე პასუხი მისაღები უნდა იყოს ამ კითხვაზე.
სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამასთან, მითითებული ნორმა არ აკონკრეტებს სარჩელის სახეს, რომლის ცნობაც არ იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას, არამედ ზოგადად მიუთითებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგზე. ამდენად, გი-----------------ას მიერ მოცემულ ტესტზე გაცემული პასუხი ვერ იქნება მიჩნეული სწორად, ვინაიდან მოსარჩელემ კონკრეტულად მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს კონსტიტუციის მეორე თავთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტას. შესაბამისად, ობიექტური დამკვირვებლის თვალით აღნიშნული პასუხი მიანიშნებს იმაზე, რომ კონსტიტუციის მეორე თავთან დაკავშირებული საქმეების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხი შინაარსობრივად ზემოაღნიშნულ ნორმას არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ნამდვილად არ იწვევს კონსტიტუციის მეორე თავთან დაკავშირებული საქმის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საქმის შეწყვეტას, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ტესტისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ გამოსაცდელი პირის მიერ ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ცოდნის შეფასებას, ერთადერთ რელევანტურ და სწორ პასუხს წარმოადგენს ვარიანტი ,,გ“, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, არცერთ შემთხვევაში არ იწვევს საქმის შეწყვეტას და ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსის ცოდნის შემთხვევაში არ გამოიწვევდა გამოსაცდელი პირის მიერ სწორ პასუხად სხვა ვარიანტის არჩევას.
6.5. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №-- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა:
17 წლის ანიმ სოციალურ ქსელში ნახა ინფორმაცია კონტრაცეპტივის (სპირალის) შესახებ, რამაც გამოიწვია მისი ინტერესი. ანიმ გადაწყვიტა ინფორმაციის მოპოვება სპირალის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი საიტიდან (wikipedia), რომელზეც არ იყო განთავსებული რაიმე სახის შეზღუდვა მხოლოდ სრულწლოვანთათვის. მოპოვებული ინფორმაცია ანიმ გაუზიარა თანაკლასელებს. ხსენებულის გამო სკოლის ადმინისტრაციამ ანი დასაჯა.
კითხვა: ანისთან მიმართებაში დაირღვა ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლება?
ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ა“ ვარიანტი - დიახ, რადგან ბავშვის უფლებათა კონვენცია უზრუნველყოფს ბავშვის უფლებას მოიძიოს, მიიღოს ან გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც არ ხელყოფს სხვა პირის რეპუტაციას ან უფლებებს, სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს, მოსახლეობის ჯანმრთელობას ან ზნეობის დაცვას.
გაცემული პასუხი: ,,დ“ ვარიანტი - არა, რადგან სასჯელის დაკისრება განახორციელა სკოლის ადმინისტრაციამ.
სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-13 მუხლი იცავს ბავშვის აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ნებისმიერი ინფორმაციის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას. შესაბამისად, გაცემული პასუხი, რომ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა გამართლებულია, რადგან ,,სასჯელის დაკისრება განახორციელა სკოლის ადმინისტრაციამ“, არ არის მართებული. ამასთან, ტესტში არ არსებობს არანაირი მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაციის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა სხვა პირის უფლებებსა და რეპუტაციას, სახელმწიფო უშიშროებას ან საზოგადოებრივ წესრიგს, მოსახლეობის ჯანმრთელობას ან ზნეობის დაცვას, რაც წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამამართლებელ საფუძვლებს.
მოსარჩელე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ მოცემული შემთხვევა შეფასების საგანია და ტესტის მიერ მოცემული პასუხი შესაძლებელია სხვადასხვაგვარად იყოს განხილული და ინტერპრეტირებული. ტესტის პირობიდან გამომდინარე, არსებობს მცირე ინფორმაცია ანის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ხასიათის შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეს სამედიცინო ხასიათის ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი საიტიდან (Wikipedia) არის მოპოვებული, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია ნებისმიერი სახის, მათ შორის არაზუსტი და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელმყოფი ინფორმაციის განთავსება, რამაც შეიძლება მოსახლეობის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე და შესაბამისად, გაამართლოს სახელმწიფოს მოქმედება. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერმინები ,,სახელმწიფო უშიშროება“, ,,საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც)“ და ,,მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის“ ტერმინები ინტერპრეტაციის საგანია და საერთაშორისო სამართალი მისი ბუნებიდან გამომდინარე ინტერპრეტირების ვრცელ საშუალებას იძლევა. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლებში ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია განხილული იყოს, როგორც ,,საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისთვის“ ზიანის მომტანი. ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო არაზუსტი და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანიც და შესაბამისად, თუ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება შეეზღუდა ანისთვის მსგავსი ინფორმაციის გავრცელების უფლება, ეს შეიძლება სრულიად სამართლიანი ყოფილიყო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ტესტზე მის მიერ გაცემული პასუხი განპირობებული იყო იმით, რომ სკოლის ადმინისტრაციის ქმედება საერთაშორისო სამართლის კონტექსტში განხილული უნდა იყოს იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციას ავრცელებდა ან და მართლაც შესაძლებელი იყო ქმედების დასაბუთება, როგორც სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედების, მისი დისკრეციის ფარგლებში.
სასამართლო მიუთითებს ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-13 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ უფლების განხორციელებას შეიძლება შეეხოს ზოგიერთი შეზღუდვა, მაგრამ ასეთი შეზღუდვები შეიძლება იყოს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის; ან ბ) სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ ტესტზე მის მიერ გაცემული პასუხის სისწორესთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად იცავს ბავშვის აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მოიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით. ამასთან, ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვა მხოლოდ ორ შემთხვევაშია დასაშვები: თუ შეზღუდვა აუცილებელია სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის ან სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებებზე, რომ ტესტის პირობაში არ იყო ინფორმაცია არასრულწლოვანი პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ხასიათის შესახებ, რაც სხვადასხვა სახელმწიფოს თავის დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია განეხილა, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვისთვის ზიანის მომტანი ინფორმაცია და შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ქმედებაც იქნებოდა კანონიერი, ვერ იქნება მიჩნეული მართებულად, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტაცია მთლიანად მოსარჩელის ვარაუდებს ეფუძნება. სადავო ტესტის პირობაში არ იყო მითითება იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი პირის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ხელყო სხვა პირთა უფლებები და რეპუტაცია, სახელმწიფო უშიშროება, საზოგადოებრივი წესრიგი, მოსახლეობის ჯანმრთელობა ან ზნეობა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი მოცემულ შემთხვევაში არაარსებითია და არ წარმოადგენს ტესტის შეფასებისათვის აუცილებელ პირობას. ამდენად, გამოსაცდელ პირს უნდა ეხელმძღვანელა ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით და შესაბამისად, მოცემული ვარიანტებიდან ამოერჩია სწორი პასუხი, რამეთუ მითითებულ პუნქტში გაწერილი ბავშვის აზრის გამოხატვის უფლების შემზღუდველი გარემოებების არსებობის შესახებ ტესტის პირობაში მითითებული არ იყო.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობაც სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ტესტები არ არის ხარვეზიანი და არ იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. ტესტების პირობები და ვარიანტები ჩამოყალიბებულია ნათლად, გარკვევით და შესაბამისი ცოდნის პირობებში გამოსაცდელ პირს აძლევს შესაძლებლობას ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სწორი პასუხი.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2--------------------- ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 2-----–-სის N- სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და გასაჩივრებულ ტესტებში მოსარჩელისათვის ქულების მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გი-----------------ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი-----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N-) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი