განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ფატიმა გოგიშვილის მდივნობით
პროკურორ _ ნ-------- ჭ-----ის
ბრალდებულ _ ა---------– მ--–---–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ა---------– ო-----ს ძე მ--–---–---–ის, დაბადებულის 1--- წლის-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ბ---–----ს რაიონის სოფელ ბ--–--ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------– მ--–---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა---------– მ--–---–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ნოემბრის ბოლოს, ბ---–----ს რაიონის სოფელ ბ--–--ში, ა---------– მ--–---–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს თავის მეუღლეს - ო-–--- მ--–---–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გაშლილი ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ო-–--- მ--–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ა---------– მ--–---–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2018 წლის 1-2 დეკემბერს, ო-–--- მ--–---–---–ს ქ.თბილისში,---–----–---–---–------------ში ყოფნის დროს, ტელეფონის გამოყენებით მეუღლე, ა---------– მ--–---–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ა---------– მ--–---–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ა---------– მ--–---–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ა---------– მ--–---–---–ის დაკავების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა---------– მ--–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ა---------– მ--–---–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, კერძოდ, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღწერს, რომ ბრალდებულმა არამარტო სახის არეში გაარტყა ხელი, არამედ ათრევდა სახლის გასასვლელი კარისკენ და ცდილობდა სახლიდან გაგდებას. ყოველივე აღნიშნულს ესწრებოდა მათი ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც გახდნენ მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაპირდაპირი მსხვერპლები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მათ ფსიქიკაზე, ეს დადასტურდა კიდეც იმით, რომ 13 წლის მ-------- მ--–---–---–მა თავად დარეკა ახლობელთან - სახლიდან წასვლაში დახმარების თხოვნით. ამ შემთხვევაში მართალია, ბავშვები უშუალოდ არ იყვნენ ძალადობის ობიექტი, მაგრამ ისინი გახდნენ ძალადობის მოწმენი, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მათ ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე.
ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვნების სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მათი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.
ყურადსაღებია, რომ ბრალდებულის გაღიზიანება და მეუღლის მიმართ ძალადობა გამოწვეული იყო უმნიშვნელო მიზეზითა და ალკოჰოლური თრობით, რაც მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკის არსებობაზე, ვინაიდან დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული პერიოდულად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მასზე და წარსულშიც არაერთხელ მიუყენებია მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამასთან, დანაშაულის რეციდივის რისკთან მიმართებით სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ. კერძოდ იმას, რომ ა---------– მ--–---–---–ი ფიზიკური ძალადობის შემდეგ, დაზარალებულის დაყოლიებას შერიგებაზე ცდილობდა მუქარის მეშვეობით, რომლის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში ამ უკანასკნელს გაუჩნდა მანამდე მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფონზე. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ გაკეთებული განმარტებით კი ირკვევა, რომ იგი დაშორების შემდეგ დაჟინებით ითხოვდა შერიგებას და უარის თქმის შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, თუმცა დაზარალებული უარს აცხადებდა შერიგებაზე. ყოველივე აღნიშნულის ფონზე კი, საქმეში არსებული დაზარალებულის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ „ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან არის მისი შვილების მამა და დაკავება არ უნდა რომ ბავშვებზე უარყოფითად აისახოს“, - ვერ მიიჩნევა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების წინაპირობად, ერთის მხრივ იმის გამო, რომ ბრალდებულის თავისუფლების პირობებში ყოფნა და ძალადობრივ გარემოში ცხოვრება მეტად საფრთხისშემცველი და უარყოფითი შედეგების მომტანია თავად მსხვერპლისა და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის (არასრულწლოვანი მ. მ--–---–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, „... როდესაც ეჩხუბებოდა დედას, მე ძალიან მეშინოდა, ვითრგუნებოდი, თავს ვგრძნოდი შეურაცხყოფილად და მრცხვენოდა მამის საქციელის.“), ხოლო მეორეს მხრივ, ცალსახად დასტურდება, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ ამოწურული არ არის (რასაც ადასტურებს მათი ცალ-ცალკე ცხოვრება) და ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ გამოვლენილი აგრესია არ იყო პირველი შემთხვევა და დაშორების მიუხედავად, მაინც არ ანებებდა თავს. დაზარალებულის თქმით, ა---------– მ--–---–---–ი ხშირად ურეკავდა მას და მოითხოვდა უკან დაბრუნებას, უარის მიღების შემდეგ კი ემუქრებოდა და აშანტაჟებდა: „მე ვეუბნებოდი, რომ არ ვაპირებდი შერიგებას და ვაპირებდი განქორწინებას, რაც მას აღიზიანებდა და გადმოდიოდა მუქარაზე, რა დროსაც მეუბნებოდა, რომ მომკლავდა მეც და მოიკლავდა საკუთარ თავსაც... მუქარამ შემიქმნა შიში, რომ ის რეალურად განახორციელებს მის მუქარას, რადგან ვერ შეაკავა ვერანაირმა გაფრთხილებამ, რასაც მე ვთხოვდი წლების განმავლობაში“.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, ო-–--- მ--–---–---–ს ჰქონდა საფუძველი მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარა რეალურად აღექვა და მისი სისრულეში მოყვანის შიშიც გასჩენოდა, რადგან ბრალდებულმა წლების წინ ო-–--- მ--–---–---–ის არასრულწლოვანი და თვითმკვლელობამდე მიიყვანა პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირების გზითა და მის მიმართ ჩადენილი უღირსი საქციელით (არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებით), რის გამოც ბ---–----ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-ს განაჩენით ა---------– მ--–---–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ა---------– მ--–---–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).
ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის დაკავების საფუძველი გახდა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წასწრება, სასამართლო ვერ იმსჯელებს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენებაზე და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ა---------– მ--–---–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის კანონით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის მინიმალური ზომით განსაზღვრას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილისათვის არის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევასა და ბრალდებულის სათანადო ქცევას პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– მ--–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ა---------– მ--–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა---------– მ--–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ა---------– მ--–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 6 დეკემბრიდან - 2018 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. გაუქმდეს ა---------– მ--–---–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------ს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი