განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
110100119002824209
დავის ტიპი
187 1
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100119002824209

№1/21-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გ---–- ტ-------ე;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ---- ბ------ს ძე ღ------ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ--------------------–--------–------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-------------------–------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 01:20 სთ-ზე, ქ-------------–-------------------------ში მდებარე შპს ,,დ----–-------ს“ კუთვნილ კაზინო ,,ვ---–-“, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ----ი ღ------ემ, აპარატზე თამაშის პროცესში, წაგებით განაწყენებულმა, ხელის დარტყმით დააზიანა სათამაშო აპარატის 2 ცალი მონიტორი, ეკრანის დამცავი 2 ცალი ორაგანული მინა, სარეკლამო სანათის მინა და ასევე, ხელის დარტყმით დააზიანა შესასვლელი კარის მინა. აღნიშნული ქმედებებით, დაზარალებულს, მთლიანობაში, მიაყენა 270.26 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. ბ---- ღ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---- ღ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენლის ქ--------- გ--–---------- გამოკითხვის ოქმი; მოწმეების - ი----------ს, ბ----ი ღ------ის, ჯ--- ბ----–---–--, ი-–-- ა-------, ა---------– ჯ------–-- და მ------ კ----------- გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი ბ----ი ღ------ის მონაწილეობით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N--------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ბ---- ღ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 187-ე მუხლი) ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაული არ ისახავს მიზნად დამნაშავის გამდიდრებას, მაგრამ მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან მოქალაქეები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები განიცდიან მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს ან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გამოიყენონ თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და სარგებელი მიიღონ მისგან. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. განადგურებისაგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, დაზიანებისას, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტის და სხვა საშუალებებით. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს ამ შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. დანაშაულის ამსრულებელია ყველა კერძო, შერაცხადი და თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ბ---- ღ------ემ ჩაიდინა - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

11. ბ---- ღ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---- ღ------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ---- ღ------ე არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. არის სოციალურად დაუცველი, ოჯახში ცხოვრობს დედასთან ერთად და საერთო ჯამში, ოჯახის შემოსავალი არის 600 ლარამდე ოდენობით. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ბ.ღ------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. ამასთან, სასამართლოს, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებითი სასჯელის, კერძოდ კი ჯარიმის გამოყენება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, დამატებით სასჯელთან - ჯარიმასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ბ---- ღ------ე უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

14. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ---- ღ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრობა 100 (ასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, ბ---- ღ------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ბ---- ღ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნატეხი, ხელის ერთი კვალი და მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, ჩაწერილი დისკზე და სამორინე "ვეგას" შიდა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე