გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.12.2018
საქმის ნომერი
330310018002683679
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6568-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-----–---------ია

წარმომადგენელი - ბ-------------ა

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის N--------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ-----–---------იას სასარგებლოდ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ სენაკში, სოფელ ნ------ში არსებული 5----- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 1----- კვ.მ., გაშენების ფართით 1----- კვ.მ., 2008 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ------------ას სახელზე.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სენაკში, სოფელ ნ------ში არსებული 5----- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 1----- კვ.მ., გაშენების ფართით 1----- კვ.მ., 2008 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–---------იას სახელზე.

 

2009 წლის 21 დეკემბერს ნ-----–---------იასა და ლ-------------–---–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს სენაკში, სოფ. ნ------ში არსებული 5----- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთსართულიანი, კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობით 1----- კვ.მ., განაშენიანების ფართით 1----- კვ.მ., რომელიც 2008 წლის 13 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ-----–---------იას სახელზე. ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–---------იამ 2000 ლარის სანაცვლოდ ლ-------------–---–ს საკუთრებაში გადასცა სენაკში, სოფელ ნ------ში არსებული 5----- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 1----- კვ.მ. გაშენების ფართით 1----- კვ.მ.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სენაკში, სოფელ ნ------ში არსებული 5------ კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 საერთო ფართობით 1----- კვ.მ., 2009 წლის 21 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 22 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ-------------–---–ის სახელზე.

 

2015 წლის 14 დეკემბერს ლ-------------–---–სა და ნ-----–---------იას შორის დაიდო უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ-------------–---–მა (გამქირავებელი) ნ-----–---------იას (დამქირავებელი) დროებით სარგებლობაში გადასცა თავისი კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილი მდებარე მისამართზე: სენაკი, სოფელი ნ------ი, ფართი 16 კვ.მ. ქირავნობის ვადა განისაზღვრა ორი წლით - 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის ფასი ყოველთვიურად შეადგენს 4- ლარს, ხოლო ორი წლის განმავლობაში 1080 ლარს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2008 წლის 9 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (იხ.ს.ფ. 34-35);

- 2008 წლის 13 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (იხ.ს.ფ. 36-37);

- 2009 წლის 21 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 146-147);

- 2009 წლის 21 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 38-39);

- 2015 წლის 14 დეკემბრის სანოტარო აქტი - ქირავნობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 40-43).

 

3.2. ნ-----–---------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.

 

2017 წლის 7 მარტის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ნ-----–---------ია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: სენაკის რაიონი, სოფელი ნ------ი. სარეიტინგო ქულა - 65600 (ქულის მინიჭების თარიღი 05.05.2016 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 05.04 2016 წელი).

 

2018 წლის 18 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ნ-----–---------ია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: სენაკის რაიონი, სოფელი ნ------ი. სარეიტინგო ქულა - 64380 (ქულის მინიჭების თარიღი 29.07.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 29.06.2017 წელი).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 15);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 78);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 44).

 

3.3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 30 ივნისს გაცემული N--- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, ნ-----–---------იას აქვს მრავალკვანძოვან ტოქსიურ ჩიყვზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, პოსტოპერაციული ჰიპოთირეოზი, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია. 2016 წელს ჩაუტარდა სტრუმექტომია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 30 ივნისს გაცემული N--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (იხ.ს.ფ. 32-33).

 

3.4. 2017 წლის 7 მარტს, ნ-----–---------იამ განცხადებით (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) ყიდვის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნ-----–---------იამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ნ-----–---------ია ოჯახის ერთადერთი წევრია; ჰყავს ერთი შვილი - თ----------–---–ი - არადევნილი; ნ-----–---------ია დაავადებულია მრავალკვანძოვანი ჩიყვით, აქვს საფეთქლის ძვლის მოტეხილობა; ნ-----–---------ია პენსიონერია და მას უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; ოჯახის სარეიტინგო ქულა 100001-ზე ნაკლებია; იგი ცხოვრობს ნაქირავებ სახლში და ყოველთვიურად 4- ლარს იხდის; მისი საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა; ნ-----–---------ია ცხოვრობს მარტო; განსახლების ადგილად ირჩევს სენაკის რაიონის სოფელ ნ------ს.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, შემოწმდა ნ-----–---------იას საცხოვრებელი პირობები მისამართზე, სენაკი, სოფელ ნ------ი; შევსებულ იქნა მონიტორინგის ფორმაში და აღნიშნულის შესაბამისად, შედგა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომელში მითითებულია, რომ განაცხადს აკეთებს მხოლოდ ნ-----–---------ია; იგი არის პენსიონერი და ცხოვრობს მარტო თავისსავე გასხვისებულ ფართში, რომელიც გაასხვისა მეუღლის დაზე. მეუღლის და ცხოვრობს ცალკე, მისსავე საკუთრებაში. განმცხადებლის ყოველთვიური შემოსავალი არის 2-- ლარი (დევნილის შემწეობა - 4- ლარი, სახელმწიფო პენსია - 1-- ლარი), სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება 64 380 ქულით, შემოწმდა 2017 წლის 29 ივლისს; მისამართზე ცხოვრობს მარტო, მეუღლე გარდაცვლილია; მისი განმარტებით აღნიშნული სახლი შეიძინა 2008 წელს, ხოლო თანხის გადაუხდელობის გამო გაასხვისა მეუღლის დაზე. დაშავდა ავტოავარიის შედეგად და მკურნალობის ხარჯების გამო ვეღარ გადაიხადა ბინის საფასური, შედეგად მოუწია ბინის გასხვისება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 15 მაისს განხილულ იქნა ნ-----–---------იას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ნ-----–---------იას მიენიჭა 4 ქულა და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას მულზე გასხვისებული მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის N--------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 15 მაისის N-- ოქმის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ნ-----–---------იას ოჯახს, ამ ეტაპზე უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ნ-----–---------იას 2017 წლის 7 მარტის განცხადება (იხ.ს.ფ. 76-77);

- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი (იხ.ს.ფ. 79-93);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 15 მაისის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 103-108);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის ბრძანება (იხ.ს.ფ. 16).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–---------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის N--------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ-----–---------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ასევე, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ-----–---------იას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სენაკის რაიონი, სოფელი ნ------ი.

 

შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას წარმოადგენს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას ითვალისწინებს „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 15 მაისს განხილულ იქნა ნ-----–---------იას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ნ-----–---------იას მიენიჭა 4 ქულა და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას მულზე გასხვისებული მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო (სენაკის რაიონი, სოფელი ნ------ი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა. ასევე, ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთ-ერთი კომპონენტია დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი, რომელის წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერია.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ-----–---------ია ოჯახის ერთადერთი წევრია; დაავადებულია მრავალკვანძოვანი ჩიყვით, აქვს საფეთქლის ძვლის მოტეხილობა; ნ-----–---------ია პენსიონერია და მას არ გააჩნია უძრავი ქონება საკუთრებაში, ხოლო მისი შემოსავალი თვეში 2-- ლარს შეადგენს (დევნილის შემწეობა - 4- ლარი, სახელმწიფო პენსია - 1-- ლარი); მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 100001-ზე ნაკლებია; ცხოვრობს ნაქირავებ სახლში და იხდის ყოველთვიურად 4- ლარს, სადაც ცხოვრობს მარტო. ამდენად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე უარის თქმის შესახებ, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის საფუძვლით (მულზე გასხვისებული მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მეუღლის დაზე გაასხვისა ბინა და ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის N--------- ბრძანება ნ-----–---------იას განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის N--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ-----–---------იას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–---------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის N--------- ბრძანება;

 

3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ-----–---------იას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა);

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე