განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
150100119002823984
დავის ტიპი
126 (1) 1 , 118 3
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119002823984

#1/7-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ.ახალქალაქი

 

ა---–---–---- რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

 

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ----------------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ხა------------------------------ი, დაბადებული 1--- წლის 2----------, საქართველოს და ს-------------------–--ის მოქალაქე; პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე; რეგისტრირებული მისამართი: ს-------------------–--ა ა–-------- სოფ. ს-------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ა---–---–---- რაიონი სოფელი გ------.

 

ადვოკატი: ო----------------

 

თარჯიმანი - გ--–----------------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,118 -ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 26 დეკემბერს, ა---–---–---- რაიონის სოფელ გ-----ში ხ------------------ანმა მის საცხოვრებელ სახლში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ იმ მიზეზით, რომ თითქოსდა დადგენილი წესის მიხედვით ქმარმა უნდა სცემოს ცოლი, სახის არეში ხელი დაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ-----------–---კს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ა---–---–---- რაიონის სოფელ გ-----ში, ხ------------------ანმა მის საცხოვრებელ სახლში, იმავე მოტივით, რომ თითქოსდა ქმარმა დადგენილი წესის მიხედვით უნდა სცემოს ცოლი, სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის დარტყმებით, კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ-----------–---კს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის ფალანგისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ასევე მრავლობითი ჰემატომები სხეულზე, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის - ტ-----------–---კის, მოწმეთა ჟ----------------–---ის, მ--------–--–--ის, ა------------------ის, ა-----------------ის, ბ----- კ--–------ს, ბ----------–-----ის გამოკითხბის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ტ-----------–---კის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა ხ------------------ანის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ------------------ანმა ჩაიდინა:

 

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ;

 

2) ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ხ------------------ანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, დაზარალებულთან შერიგებულია, არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ხ------------------ანის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ხ------------------ანის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ ხ------------------ანის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ხ------------------ანი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ხ------------------ანს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, და გამოსაცდელად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წლის ვადა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხ------------------ანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 -ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 -ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხ--------------------ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, და გამოსაცდელად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წლის ვადა.

 

2. ხ------------------ანს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 დეკემბერს 12 : 36 საათიდან;

 

3.ხ------------------ანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4.მსჯავრდებულის ხ------------------ანის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ა---–---–---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან