გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
190210018002351940
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-856-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: სალომე არევაძე

მოსარჩელე: გი---–--------–-–---–ი

მოპასუხე: გი-------------–-–---–ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.მოპასუხე გი-------------–-–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2011 წლის 27 აპრილს დაბადებული ირ---–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.

 

სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ გი---–--------–-–---–ი და გი-------------–-–---–ი 2011 წლის 09 მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი- 2011 წლის 27 აპრილს დაბადებული ირ---–--------–-–---–ი (პ/ნ 57750002072). მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდა, რის გამოც გი---–--------–-–---–ი შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ძმის ოჯახში. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს აქვს სამსახური, მიუხედავად ამისა, გი-------------–-–---–ი მათ შვილს არ უზრუნველყოფს მატერიალურად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი---–--------–-–---–ის ითხოვს, რომ მოპასუხე გი-------------–-–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 18 თებერვალს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გი---–--------–-–---–მა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 150 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი-------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ მუშაობს და არ აქვს შესაძლებლობა გადაუხადოს ბავშვს ალიმენტი 200 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 09 მარტს გი---–--------–-–---–ი და გი-------------–-–---–ი დაქორწინდნენ.

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა

 

3.1.2. გი---–--------–-–---–ი და გი-------------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი- 2011 წლის 27 აპრილს დაბადებული ირ---–--------–-–---–ი (პ/ნ 57750002072).

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა

 

3.1.3. მოპასუხე გი-------------–-–---–ი არ ზრუნავს შვილზე და არ ეხმარება მას მატერიალურად.

 

მტკიცებულება: მხარეების ახსნა- განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანებამდე;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია

მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან - გი---–--------–-–---–თან, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს 2019 წლის 18 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას არ შეუძლია შვილის რჩენა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა მათი არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 27 აპრილს დაბადებული ირ---–--------–-–---–ის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 15 მარტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გი---–--------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე გი-------------–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე გი-------------–-–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2011 წლის 27 აპრილს დაბადებული ირ---–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან- 2018 წლის 15 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე;

 

3. მოპასუხე გი-------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი