გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
150210018002782621
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 150210018002782621

№2/252-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

მოსარჩელე - და-------------ნ

წარმომადგენელი - ნოდარ გვარამაძე; სმბატ ხოდიკიან

მოპასუხე _ შა----------------ე

წარმომადგენელი- ვასილ ბალახაძე

თარჯიმანი_ გალაქტიონ გავრელიშვილი

დავის საგანი _ ვალის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხე შა----------------ეს დაეკისროს მის სასარგებლოდ 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს მოპასუხე შა----------------ეს ასესხა 3 500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. შა----------------ეს მოსარჩელისათვის ვალი უნდა დაებრუნებინა ერთი წლის შემდეგ, კონკრეტულად კი 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე. შა----------------ემ დადგენილ ვადაში ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და მხოლოდ 500 (ხუთასი) აშშ დოლარი დაუბრუნა მას. დარჩენილი 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი კი დღემდე არ დაუბრუნა. მოსარჩელემ არაერთხელ მოსთხოვა შა----------------ეს ვალის დაბრუნება, თუმცა მოპასუხე უარს არ ეუბნება ვალის დაბრუნებაზე თუმცა ამ დროისათვის მას თანხა არ გააჩნია. მოპასუხე აშკარად თავს არიდებს მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას და ცდილობს რამენაირად დრო გაწელოს რათა შემდეგ ხანდაზმულობის მოტივით საერთოდ უარი უთხრას მოსარჩელეს ვალის დაბრუნებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მას დავიდ ჩობანიანმა კი არ ასესხა თანხა, არამედ დავიდ ჩობანიანის კუთვნილი ფურნიდან და მაღაზიიდან აწ გარდაცვლილი დედამისი ასია ზედგინიძე იღებდა პურს და სხვადასხვა პროდუქტებს და ყიდდა მოსარჩელის და მისი მეგობრის კუთვნილ მაღაზიაში და ეტაპობრივად ისტუმრებდა ვალებს. და-------------ნის დაჟინებული მოთხოვნით 2015 წელს შა----------------ემ დაწერა ხელწერილი აშშ დოლარში და არა ლარებში, რაც რეალურად იყო, ამის შემდეგ შა----------------ეს დავიდ ჩობანიანისათვის უნდა გადაეხადა 2 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ 500-500 აშშ დოლარად, ხოლო რეალურად დარჩა მისთვის გადასახდელი 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში 2015 წელს არსებული კურსით, რაც შეადგენდა 3 585 ლარს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ ვალის მოთხოვნა უნდა მოხდეს ვალის წარმოშობის დროს არსებული კურსით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე შაქრო ზედგენიძემ დავიდ ჩობანიანს 2016 წლის დეკემბრის თვეში გადასცა 500 აშშ დოლარი.

 

3.1.2 2015 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეადგენდა 2.3975 ლარს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2015 წლის 17 სექტემბერის განცხადება-ხელწერილით დგინდება, რომ მოპასუხე შაქრო ზედგენიძეს მოსარჩელე და-------------ნის დავალიანება შეადგენს 3500 აშშ დოლარს.

 

3.2.2. მოპასუხე შაქრო ზედგენიძეს მოსარჩელე დავიდ ჩობანიანისათვის ვალი სრულად არ დაუბრუნებია.

 

3.2.3. მოპასუხე შაქრო ზედგენიძეს დავალიანება მოსარჩელე დავიდ ჩობანიანის მიმართ ამჟამად შეადგენს 3000 აშშ დოლარს .

 

3.2.4 შემოსავლების სამსახურის ცნობით დგინდება, რომ 2010 წლის 15 თებერვლიდან ი.მ დავიდ ჩობანიანს შეუჩერდა საქმიამობა.

 

3.2.5 მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი თუმცა არ შესთავაზა ვალის გადახდის (დაბრუნების) მექანიზმი, მათ შორის გადავადების, რათა სასამართლოს განესაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ განცხადება სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრიდან (17.12.2015 წ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

-მოწმეების მარტინ აკოფიანის და ჰოვიკ პეტროსიანის ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 105-ე, 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, , მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2015 წლის 17 დეკემბრის ვალის არსებობის აღიარების ხელწერილი.

ამავე კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს გადასცა თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით და ამჟამად რომ მოპასუხეს გააჩნია ვალი მოსარჩელის წინაშე 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დასტურდება 2015 წლის 17 დეკემბერს შა----------------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებს თავის შესაგებელს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ ისარგებლა გაჭირვებული მდგომარეობით და ნოტარიუსთან აღიარებინა ვალი, ასევე ვერ დაამტკიცა რომ მას დარჩენილი ჰქონდა მოსარჩელის ვალი 1 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში 2015 წელს არსებული კურსით, რაც შეადგენდა 3 585 ლარს, რამაც განაპირობა მოსარჩელე დავიდ ჩობანიანის სარჩელის დაკმაყოფილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს მოპასუხე შა----------------ეს დაეკისროს დავიდ ჩობანიანის სასარგებლოდ 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შა----------------ეს დავიდ ჩობანიანის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 240 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სასამართლოს არ გამოუყენებია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე და-------------ნის წარმომადგენლების ნოდარ გვარამაძის და სმბატ ხოდიკიანის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე შა----------------ეს დაეკისროს და-------------ნის სასარგებლოდ 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;

3.მოპასუხე შა----------------ეს და-------------ნის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 240 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან