გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/5802-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - გ-----------------–---–ი
წარმომადგენელი - კ--------–------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანება მსჯავრდებულის №- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს MOC 0 1----------5 გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს მოპასუხეს გამოცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მისი და მისი ახლო ნათესავების საცხოვრებელ სახლთან (რ-------ი) ყველაზე ახლოს მდებარე იგივე რისკის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №-1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების“ მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებული გ--------------------------–---–ი №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად, ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა №- დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 02 ივლისის №19/1------ წერილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანება (ს.ფ. 38).
3.1.2. 2018 წლის 07 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ-----------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი ბრძანების გამოცა მოითხოვა გ-----------------–---–ის მისი და მისი ახლო ნათესავების საცხოვრებელ სახლთან (ქ. რ-------ში) ყველაზე ახლოს მდებარე იგივე რისკის მსჯავრდებულებისათვის განკუთვნილ გადაყვანის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ-----------------–---–ის 2018 წლის 07 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 39-41).
3.1.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 აგვისტოს MOC 0 1----------5 გადაწყვეტილებით გ-----------------–---–ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, გ-----------------–---–ის განთავსება №- პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანება აკმაყოფილებდა მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 აგვისტოს MOC 0 1----------5 გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-49).
3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის MOC 8------------ წერილის თანახმად, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დღემდე იხდის სასჯელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის MOC 8------------ წერილი (ს.ფ. 59-60).
3.1.5. შპს „ს-----------–--------ი კლინიკა „დ---ის'' (მის: ქ. რ-------ი, კ--------- ქ. №11) მიერ 2017 წლის 9 ნოემბერს გაცემული №7-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №I--100/ა) თანახმად, პაციენტის - გ-----------------–---–ის 2.2 კბილის მიდამოში მოთავსებულია დენტალური იმპლანტი, ესაჭიროება აღდგენა კერამიკული კბილით; 26.06.2018-ში პაციენტს ჩაუტარდა 2.2. კბილის ექსტრაქცია და დაუყოვნებლივ იმპლანტის ჩასმა, რაც ახლა საჭიროებს აღდგენას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 9 ნოემბრის ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ №7-- (ს.ფ. 82).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი და პირობები“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №-1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულება“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №-1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების“ მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის დირექტორი განსაზღვრავს იმ დაწესებულებების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი. გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის ბრძანებას. ამავე ნორმის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის დირექტორი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და ამოწმებს მათ შესრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანება „მსჯავრდებულის №- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ“ და 2018 წლის 14 აგვისტოს MOC 0 1----------5 გადაწყვეტილება 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხის მარეგულირებელ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსი“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსის განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
ამავე კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის შესაბამისად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, თუმცა, ამასთან, კანონმდებელი ზოგადი წესისგან საგამონაკლისო შემთხვევებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დეპარტამენტის დირექტორს კანონი ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანებით მსჯავრდებული გ-----------------–---–ი, №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც კანონმდებელი განმარტავს დისკრეციული უფლებამოსილების ცნებას, კერძოდ, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების მიზანია თითოეულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და არა ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის დაშვება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები. ერთი მხრივ, დაცული უნდა იქნეს იმ ნორმის ფარგლები, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ დაცული უნდა იქნეს ზოგადად კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისგან. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. გადაწყვეტილებიდან უნდა ირკვეოდეს თუ როგორ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ამდენად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას კანონის ფარგლები. ეს გულისხმობს როგორც კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული ფარგლების, ასევე ზოგადად, ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფარგლების დაცვას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსი“ 57-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თვის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები: ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება; ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება; გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა; დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში განთავსება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებით დამტკიცებული „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული გადაყვანისას სავალდებულოა დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ მოტივირებული წერილის წარდგენა.
განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულ №- დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 02 ივლისის №19/1------ წერილის შინაარსს და მიაჩნია, რომ კონკრეტული ნორმით დადგენილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელი უსაფრთხოების ღონისძიების ალტერნატივის არსებობა და მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვას და იმ შეხედულებებზე, მოსაზრებებზე და გარემოებებზე მითითებას, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც სასამართლოს შეფასებით აღნიშნული წერილით არ ირკვევა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა, სასამართლო აქტის კანონიერებასთან მიმართებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს გამოსაყენებელი უსაფრთხოების ღონისძიების პროპორციულობა და თანაზომიერება იმ მიზნებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს, დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი და არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან, აღნიშნულ პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი გ-----------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, №- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მოსარჩელე ქ. რ-------ში ს-----------–--------ი მკურნალობის პროცესში იმყოფებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანება მსჯავრდებულის №- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ, როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის, მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოუკვლევია ზემოთ მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანება მსჯავრდებულის №- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს MOC 0 1----------5 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია გ-----------------–---–ს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს MOC 0 1----------5 გადაწყვეტილება.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის №1---- ბრძანება მსჯავრდებულის №- პენიტენციური დაწესებულებიდან №- პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისროს მოსარჩელე გ-----------------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია