გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5635-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ეკატერინე მინდიაშვილი
მოსარჩელე - ზ-------------–-–---–ი
წარმომადგენელი - ბ--------–-----ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური) 2018 წლის 16 აგვისტოს №1---- ბრძანება მსჯავრდებულ ზ-------------–-–---–ისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №- პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 16 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება (იხ. 22.11.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
1.3. დაევალოს მოპასუხეს მსჯავრდებული ზ-------------–-–---–ი განათავსოს თავისუფლების აღკვეთის ნაკლებად მკაცრ დაწესებულებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 აგვისტოს №1-2---14 განაჩენით ზ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის №1/ბ-6---14 განაჩენით მსჯავრდებულ ზ-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 აგვისტოს განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 აგვისტოს №1-2---14 განაჩენი.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის №1/ბ-6---14 განაჩენი .
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინება (პირადი საქმე).
3.1.2. „მსჯავრდებულ ზ-------------–-–---–ისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 25 აგვისტოს №8--- ბრძანებით მსჯავრდებული ზ-------------–-–---–ი განთავსებულ იქნა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 25 აგვისტოს №8--- ბრძანება (პირადი საქმე).
3.1.3 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2015 წლის 21 იანვრის №3- ბრძანებით მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ს მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2015 წლის 21 იანვრის №3- ბრძანება (პირადი საქმე).
3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 16 სექტემბრის №1---- ბრძანებით, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 15 სექტემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 16 სექტემბრის №1---- ბრძანება;
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 21 სექტემბრის №1---- ბრძანება (პირადი საქმე);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2016 წლის 15 სექტემბრის სხდომის ოქმი (პირადი საქმე).
3.1.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 01 სექტემბრის №13--0 ბრძანებით, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2017 წლის 31 აგვისტოს საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 01 სექტემბრის №13--0 ბრძანება (პირადი საქმე).
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომის ოქმით დგინდება, რომ მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა განიხილა №- პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №2 და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლო ფორმა №3 მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ის შესახებ.
სხდომა ჩატარდა შემდეგი შემადგენლობით: ი-----–---–-–-- - გუნდის უფროსი, მ------------–---–ი - გუნდის უფროსის მოადგილე, დ-----------–---–- - გუნდის წევრი (სათადარიგო წევრი), გ--------------–--–--ე - გუნდის წევრი, მა------ პ-----–---–- - გუნდის წევრი.
მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ზ-----------------–------------–-–---–ი არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; არის მოჩვენებითი ხასიათის, მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში ძნელად ეგუება დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისთვისაც სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ დაკისრებია დისციპლინური სახდელი. წახალისებული არ ყოფილა; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში.
მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, 2016 წლის 15 სექტემბერს განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. ამავე ბრძანებით დამტკიცებული მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს მოხდა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება, რის შედეგადაც მას კვლავ საშიშროების მაღალი რისკი განესაზღვრა.
საშიშროების რისკი განსაზღვრის შემდგომ, მსჯავრდებულის მხრიდან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ქონია.
ამდენად, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ის განთავსება ნახევრად ღია ან/და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდმა გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულის ზ-----------------–------------–-–---–ის საშიშროების რისკის სახე არის - მაღალი.
ამავე საოქმო გადაწყვეტილებით გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მასზედ, რომ მსჯავრდებული ზ-----------------–------------–-–---–ი განთავსებულ იქნეს მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომის ოქმი (ს.ფ. 92-94).
3.1.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №1---- ბრძანებით საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
ზემოაღნიშნული ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 16 აგვისტოს საიდუმლო სხდომის ოქმი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 16 აგვისტოს №1---- ბრძანება (ს.ფ. 91).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი (სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“ (სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-17 მუხლის თანახმად, გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად, მინისტრთან ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური) 2018 წლის 16 აგვისტოს №1---- ბრძანებას საფუძვლად უდევს მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 16 აგვისტოს საიდუმლო სხდომის ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო გადაწყვეტილებები განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხის მარეგულირებელ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,პატიმრობის კოდექსის“ პირველ მუხლზე, რომელიც ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს. კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო).
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლი განმარტავს, რომ დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. ხოლო 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ხოლო 41 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6.3. ,,პატიმრობის კოდექსის“ 64-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ წესით დადგენილ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურას, რომელიც შეიცავს წესებს, რომლის მიხედვითაც ხდება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასება.
მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში– დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, ჯგუფი არ იქმნება და მის ფუნქციას ასრულებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯგუფი შედგება დაწესებულების არანაკლებ 3 თანამშრომლისგან, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს დირექტორი.
ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-7 მუხლით განსაზღვრულია ჯგუფის საქმიანობის წესი, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ ამ ბრძანების დანართი №2-ით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. შეფასების პროცესში რიგითობის განსაზღვრისას ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რიგითობის განსაზღვრის შემდეგ, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს გუნდს.
წესის მე-8 მუხლი ადგენს (მსჯავრდებულთა რისკის შეფასების) გუნდის განსაზღვრებას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.
მითითებული კანონქვემდებარე აქტის მე-12 მუხლი არეგულირებს გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფო ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოების მიზნით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენისათვის, კანონმდებელი რისკების შეფასების გუნდს დეტალურად უდგენს მსჯავრდებულის რისკის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლში. ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს იმ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას, რომლებიც უკვე იქნენ მათ მიერ შეფასებულნი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება საშიშროების მაღალი რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საშიშროების რისკის დადგენის შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება რისკის შეფასების გუნდის მიერ სადავო საკითხის, ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ დადგენა/შეფასებას. ამგვარი უფლებამოსილება მოპასუხეს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა განიხილა №- პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №2 და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლო ფორმა №3 მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ის შესახებ. გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასა ზემოაღნიშნული წესების მე-4 მუხლით დადგენილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ-----------------–------------–-–---–ის განთავსება ნახევრად ღია ან/და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
სასამართლო ვერ გაიზაირებს მოსარჩელე მხარის არგუმენტს გუნდის მიერ წახალისების ფაქტის გაუთვალისწინებლობის თაობაზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ზ-------------–-–---–ის მიმართ წახალისება გამოყენებულია 2015 წლის 21 იანვარს (№3- ბრძანება), რის შემდგომაც გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება განხორციელდა 2016 წლის 15 სექტემბერს და 2017 წლის 31 აგვისტოს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის ბოლო გაფასების (31.08.2017წ.) შემდგომ პერიოდში ზ-------------–-–---–ი წახალისებული არ ყოფილა, გუნდის მიერ სწორედ აღნიშნული გარემოება აისახა სადავო საოქმო გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება დისციპლინური სახდელის არარსებობის ფაქტს, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომის ოქმში მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდი ცალსახად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გაფასების (საშიშროების რისკის განსაზღვრის) შემდგომ მსჯავრდებულის მხრიდან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკევთის დაწესებულის დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ქონია.
ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და გაეცნო 2018 წლის 16 აგვისტოს საიდუმლო სხდომის ოქმის შინაარსს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას კანონშესაბამისად იხელმძღვანელა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმებით და გუნდის მიერ დადგენილი და საქმის ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაშია.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით კი განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც გუნდს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მიერ გაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“ დადგენილი რისკის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებული მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 16 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 16 აგვისტოს №1---- ბრძანება მიღებულია საშიშროების რისკის სახის შესაბამისად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრა კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმის გათვალისწინებთ, რომ ზ-------------–-–---–ს განსაზღვრული აქვს საშიშროების მაღალი რისკი, იგი სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებში, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ნაკლებად მკაცრ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ უსაფუძვლია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია