გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/2183-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს „პ----“
წარმომადგენელი - ზ-------------–---ი
მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - ხ-----------–--------–ი
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - ს--–-----–--------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულება, შპს ,,პ----“-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2017 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ გამოაცხადა N----------- ელექტრონული ტენდერი სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობის სამუშაოების (C----------) შესყიდვის მიზნით, სადაც შპს ,,პ----’’-მ მიიღო მონაწილეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულება - ს/ფ 142-145
4.1.2. 2018 წლის 16 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმის მიხედვით, შპს ,,პ----’’-ს ეთხოვა შეტყობინების გაგზავნის დღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისიაში წარედგინა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ზეთოვან საღებავზე ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ხელოვნური ბალახის საფარზე ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი (რომლითაც დასტურდება მწარმოებელი კომპანიის მიერ ISO სერთიფიკატის ფლობა).
2018 წლის 25 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმის მიხედვით, დაზუსტებისათვის პრეტენდენტს დამატებით კიდევ მიეცა 2 სამუშაო დღე, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში დადგენის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 16 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმი - ს/ფ 173-174
- 2018 წლის 25 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმი - ს/ფ 175
4.1.3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულების მიხედვით, სისტემაში არსებული ინფორმაციით, პრეტენდენტმა 2018 წლის 20 და 22 იანვარს შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
პრეტენდენტის მიერ წარდგენილი N0-------------------- სერთიფიკატის გამცემ კომპანიას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, 2018 წლის 22 იანვარს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი წერილით, ეთხოვა ინფორმაცია აღნიშნული სერთიფიკატის ნამდვილობასთან დაკავშირებით. სერთიფიკატის გამცემი კომპანიის წარმომადგენელის საპასუხო წერილის მიხედვით, სერთიფიკატი არ გაუცია დასახელებულ კომპანიას. ამასთან, მითითებულია, რომ 2008 წლიდან ყველა სერთიფიკატი გაიცემა დირექტორის: უ------------ს მიერ, და არა ლ-------–--ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულება - ს/ფ 142-145
- ამონაწერი ელექტრონული ფოსტიდან - ს/ფ 147
4.1.4. 2018 წლის 29 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმის მიხედვით, შპს ,,პ----’’-ს მიეცა დისკვალიფიკაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 29 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმი - ს/ფ 176
4.1.5. 2018 წლის 30 იანვარს შპს ,,პ----’’-მ საჩივრით მიმართ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა შეჩერებულიყო ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე (N-----------) პროცედურები, გაუქმებულიყო 2018 წლის 29 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმი, შპს ,,პ----’’-ს მოხსნოდა დისკვალიფიკაცია და მიცემოდა რეკომენდაცია შემსყიდველ ორგანიზაციას - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიას ელექტრონულ ტენდერის აუქციონის გარეშე (N-----------) ტენდერის პროცედურები განხორციელებულიყო შპს ,,პ----’’-ს შერჩევა-შეფასების ეტაპიდან.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,პ----’’-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიას გადაესინჯა 2018 წლის 29 იანვრის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს ,,პ----’’-ს მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება განხორციელებულიყო წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება - ს/ფ 163-167
4.1.6. 2018 წლის 19 თებერვლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმის მიხედვით, სატენდერო კომისიის წევრებმა იხელმძღვანელეს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ბალახის საფარის ნიმუშზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით იქნა იგი შეფასებული, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 29 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმით შპს ,,პ----’’-სათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დისკვალიფიკაციის მიცემა.
შემდგომ სატენდერო კომისიამ იმსჯელა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი N0-------------------- სერთიფიკატის ნამდვილობასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ შპს ,,პ----’’-ს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 19 თებერვლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმი - ს/ფ 177
4.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 20 თებერვლის N-------------- წერილით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, N----------- ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის - შპს ,,პ----“-ს დისკვალიფიკაციის შესახებ.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულებით, შპს ,,პ----’’ 2018 წლის 03 აპრილიდან დარეგისტრირდა შავ სიაში. ამავე გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს ,,პ----’’-ს 2017 წლის 07 ივლისს მიეცა გაფრთხილება S----------- ელექტრონულ ტენდერის საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულება - ს/ფ 18-21
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 20 თებერვლის N-------------- წერილი - ს/ფ 135-136
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,პ----“-ს სარჩელი უსაფუძვლოა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 02 აპრილის N9-- განკარგულება შპს ,,პ----“-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის თანახმად, აფიდავიტი ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.
სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. ამავე აქტის მე-4 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მირიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული იქნა N----------- ელექტრონული ტენდერი სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობის სამუშაოების (C----------) შესყიდვის მიზნით.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია პრეტენდენტებს აფასებს მათ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ თავით დადგენილი თანმიმდევრობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, დაუშვებელია პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. ამავე წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა. მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით. მე-6 პუნქტის თანახად, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე. მე-7 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობას განიხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ი.
საქმეში არსებული 2018 წლის 16 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმის მიხედვით შპს ,,პ----’’-ს ეთხოვა შეტყობინების გაგზავნის დღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისიაში წარედგინა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ზეთოვან საღებავზე ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ხელოვნური ბალახის საფარზე ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი (რომლითაც დასტურდება მწარმოებელი კომპანიის მიერ ISO სერთიფიკატის ფლობა).
ასევე 2018 წლის 25 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N- ოქმით დგინდება, რომ დაზუსტებისათვის პრეტენდენტს დამატებით კიდევ მიეცა 2 სამუშაო დღე, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში დადგენის მიზნით.
შპს ,,პ----’’-მ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა დაზუსტებული დოკუმენტაცია. კერძოდ: წარადგინა N0-------------------- სერთიფიკატი. სატენდერო კომისიამ, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი N0-------------------- სერთიფიკატის გამცემ კომპანიას 2018 წლის 22 იანვარს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი წერილით, სთხოვა ინფორმაცია აღნიშნული სერთიფიკატის ნამდვილობასთან დაკავშირებით. სერთიფიკატის გამცემი კომპანიის წარმომადგენელის საპასუხო წერილის მიხედვით, სერთიფიკატი არ გაუცია დასახელებულ კომპანიას. ამასთან მიუთითა, რომ 2008 წლიდან ყველა სერთიფიკატი გაიცემა დირექტორის: უ------------ს მიერ და არა ლ-------–--ის მიერ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’, დანართი N1-ით დამტკიცებულია აფიდავიტის ფორმა და პირობები. სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე აფიდავიტში მითითებულია, რომ: სატენდერო/საკონკურსო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტი ადასტურებს, სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს, ხოლო პრეტენდერი იქვე აცხადებს თანხმობას იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილია აფიდავიტის პირობების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობის ზომები.
ამავე წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,პ----“ დისკვალიფიცირებული იქნა ტენდერიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულია „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი და პირობები (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად (2018 წლის 21 მარტამდე მოქმედი რედაქცია), ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია შემდეგი გარემოების არსებობა: პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
მითითებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 20 თებერვლის N-------------- წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ N----------- ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის - შპს ,,პ----“-ს დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ასევე დადგენილია, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იყო N0-------------------- სერთიფიკატი, რომლის გამცემი კომპანიისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დასტურდება სერტიფიკატის ნამდვილობა. ამასთან, წარმოდგენილი არ ყოფილა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი დოკუმენტი. რის გამოც, სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,პ----“ დისკვალიფიცირებული იქნა ტენდერიდან.
ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილს №9-- განკარგულებით შპს ,,პ----“ 2018 წლის 03 აპრილს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე შპს ,,პ----’’-ს მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე, სათანადო მტკიცებულება, რომელიც ზემოთ მითითებულ გარემოებებს და შესაბამის მტკიცებულებებს გააქარწყლებდა.
გასათვალისწინებელია, რომ სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (19.02.2018 სხდომის ოქმი №6), რომლითაც შპს ,,პ----“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი უნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დისკვალიფიცირებული იქნა ტენდერიდან, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს ,,პ----’’-ს არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ასევე გახდა მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება ამ მოტივით შპს ,,პ----“-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ კანონიერია და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავ: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას; ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება (№3/2183-18) გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, ძალას კარგავს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „პ----“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის №3/2183-18 განჩინება, შპს „პ----“-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილის №9-- განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ძალას კარგავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი