განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002683427
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/281-18 8 თებერვალი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031151018003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა, დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა
ებრალიძე
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ელგუჯა გავაშელი
ბრალდებული: რ---- მ--------ი
მამის სახელი: ჯუმშუდ
დაბადებული: 1----–-–------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–------–------
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 15 ოქტომბრეს, დაახლოებით 18:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დ-–------ში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით რ---- მ--------მა ფ------–- მ--------ს სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მიაყენა მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირის ცეცლხნასროლი ჭრილობა ბარძაყის კუნთების, დიდი საჩინო ვენისა და ბარძაყის ვენის დაზიანებით, რასაც შედეგად მოჰყვა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
საქმეზე უდავოდ ცნობილი დაზარალებულ ფ------–- მ--------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა ბიძაშვილმა რ---- მ--------მა და უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა. ფ------–- მ--------ი გავიდა რ---- მ--------ის სახლის ეზოში მასთან შესახვედრად. შეხვედრის დროს რ---- მ--------ი სთხოვდა მას პასუხს თუ რატომ მიაყენა მის დას შურაცხყოფა, მან კი განუმარტა, რომ მისი დისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა რ---- მ--------ს სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ მან დააპირა სახლში წამოსვლა, რა დროსაც მას დაუძახა რ---- მ--------მა და როდესაც მოტრიალდა დაინახა მის ხელში ერთლულიანი სანადირო თოფი, რომელიც მისკენ ჰქონდა დამიზნებული, მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 2-3 მეტრი, რა დროსაც რ---- მ--------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ესროლა მარცხენა ფეხის ბარძაყში.
გამოძიებისასა გამოკითხვის დროს რ---- მ--------მა განმარტა, რომ მას ჰყავს ფსიქიურად დაავადებული და. ფ------–- მ--------ი არის მისი ბიძაშვილი, რომელიც ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს და ამის გამო მას აკრძალული აქვს ნასვამ მდგომარეობაში მასთან სახლში მისვლა. შემთხვევის დღეს, სახლში დაბრუნებისას რ---- მ--------ის განმარტებით მისი და ტიროდა, რადგანაც მისი არყოფნისას სახლში მისულა ფ------–- მ--------ი და უთქვმას, რომ ცოლად წაიყვანდა. აღნიშნული საკითხის გასარკვევად იგი წავიდა ფ------–- მ--------თან, ასევე თან წაიღო პაპის ერთლულიანი სანადირო თოფი, სადაც მოათავსა ერთი ცალი ვაზნა. რ---- მ--------ის განმარტებით მას სურდა გასროლით ფ------–- მ--------ის შეშინება. ასევე დაადასტურა, ფ------–- მ--------ის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებანი და განმარტა, რომ ორი მეტრის მანძილიდან მოახდინა გასროლა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა რ---- მ--------მა განმარტა, რომ მას ფ------–- მ--------ისათვის სროლა არ უნდოდა და გასროლა მოხდა შემთხვევით. ასევე განმარტა, რომ აქვს რთული ოჯახური მდგომარეობა, სახლში ჰყავს პენსიონრები, დედას გადატანილი აქვს ინფარქტი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალიც თავადაა.
2018 წლის 7 ნოემბრის N2046/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღი არის ცალლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი, იგი მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. თოფს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზაზე ასევე წარდგენილ იქნა ვაზნები, რომლებიც დასკვნის თანახმად განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ასევე დადგინდა, რომ თოფიდან შესაძლებელი იყო გამოსაკვლევად წარდგენილი ვაზნების გასროლა.
სამედიცინო ექსპერტიზის N007292018 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით ფ------–- მ--------ი 15.10.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობს 15.10.2018 წლიდან და დადგენილია აქვს: მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირის ცეცხლნასროლი ჭრილობა ბარძაყის კუნთების, დიდი საჩინო ვენის და ბარძაყის ვენის ტოტის დაზიანებით მისი გამოსვლის ადგილას, რაც განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოსროლილი ჭურვ(ებ)ის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების სოფიო მაისურაძის, ელნურ მ--------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 15 ოქტომბრის ამოღების ოქმით, 2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 16 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფ------–- მ--------ის სამედიცინო დოკუმენტაციით, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N110/რაფ N994/ტრ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N332/რან დასკვნით, დადგენილია რომ რ---- მ--------მა ფ------–- მ--------ს მიაყენა მძიმე სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. განზრახვის არსებობის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები.
თავად ბრალდებული რ---- მ--------ი არ უარყოფს, რომ იგი დაზარალებულთან მიდის თოფით, სადაც მოათავსა ერთი ვაზნა, ასევე დაზარალებულმა განმარტა, რომ მას რ---- მ--------მა დაუძახა მას შემდეგ, რაც მათ შორის კონფლიქტი ამოწურული იყო, მიდიოდა სახლში და მოტრიალებისას განახორციელა გასროლა. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მან შეშინების მიზნით გაისროლა. ასევე საფუძველს მოკლებულია ბრალდებულის განმარტება, რომ იარაღიდან შემთხვევით მოხდა გასროლა, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ იარაღი იყო სროლისათვის ვარგისი და მასზე რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებანი მიჩნეულ იქნა უდავოდ და დაცვა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას. გარდა ამისა დაცვის მხარეს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სანადირო თოფიდან უნებლიე გასროლის შესაძლებლობას, არ წარმოუდგენია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებანი ერთობლიობაში მიიჩნია, რომ რ---- მ--------მა ფ------–- მ--------ის მიმართ გასროლა განახორციელა განზრახ და ბრალდებული სრულად ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ---- მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ფ------–- მამეოდვის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების სოფიო მაისურაძის, ელნურ მ--------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 15 ოქტომბრის ამოღების ოქმი, 2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 16 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფ------–- მ--------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, ბალისტიკური ექსპერტიზის N2046/ბ დასკვნა, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N110/რაფ N994/ტრ დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის N332/რან დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N007292018 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა რ---- მ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ---- მ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ---- მ--------მა ფ------–- მ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, დაზარალებულის ქცევა, რაც წინ უსწრებდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, ასევე ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის - რ---- მ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5. ნივთმტკიცების საკითხი:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაციაა. სისხლის სამართლის საქმეზე დართული ფ------–- მ--------ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ფ------–- მ--------ს, რ---- მ--------ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს რ---- მ--------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. სანადირო თოფი და ორი ცალი ვაზნა უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და უნდა გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს. რაც შეხება სიგარეტის კოლოფს განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ---- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
რ---- მ--------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 ოქტომბრიდან.
რ---- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ფ------–- მ--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ფ------–- მ--------ს.
რ---- მ--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს რ---- მ--------ის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
სანადირო თოფი და ორი ცალი ვაზნა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.
სიგარეტის კოლოფი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე