გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6898-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - შპს ,,ყ--------------------–--ი’’
წარმომადგენელი - ა-----------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე
მესამე პირი - ნ-----–---------–-–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი - ნ-----–---------–-–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ ნ-----–---------–-–---–ი არის ბუნებრივი გაზის მომხარებელი, ხოლო შპს ,,ყ--------------------–--ის” მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია ვ---------------–-–---–ი (აბონენტის N------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 101-107);
-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-88).
4.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 3 მაისს, შპს ,,ყ--------------------–--ის” წარმომადგენლის მიერ ვ---------------–-–---–ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N-------, რომლის თანახმად ც-------------, აბ N------ გეგმიური დათვალიერების დროს აბონენტთან დაფიქსირდა ბუნებრივი აირის დატაცება, კერძოდ იტალიურ ეზოში გამავალი ცენტრალური მწოლი გადის აბონენტის პირად ფართში სხვენში, სადაც დამონტაჟებულია ონკანი და რეზინის მილი, საიდანაც აღურიცხავი გაზი აღმოჩენის მომენტში მიეწოდებოდა წყალგამაცხებელს.
2018 წლის 3 მაისს, კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ აირშედუღებით ჩაიჭრა უმრიცხველო განშტოება და შედგა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ N------- აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------- (ს.ფ. 25);
- ბუნებრივი გაზის ,,მიწოდების შეწყვეტის/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა-მონტაჟის შესახებ აქტი N------- (ს.ფ. 26);
- ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ აქტი Nა 0----- (ს.ფ. 24);
- ფოტომასალა (ს.ფ. 27-28).
4.1.3. 2018 წლის 15 მაისს, ადმინისტრაციული ოქმის განხილვის შედეგად, შპს ,,ყ--------------------–--ის” უფლებამოსილმა პირმა N-----------------–--ით ვ---------------–-–---–ი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამართალდარღვევის საქმის განხილის 15.05.2018წ. სხდომის ოქმი (ს.ფ. 96-97);
- გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 15.05.2018წ. დ--------–----------- (ს.ფ. 98-99).
4.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,ყ--------------------–--მა” აბონენტ ვ---------------–-–---–ს, მის მფლობელობაში არსებული ბენებრივი გაზის დანადგარების (4 - სანთურიანი გაზქურა (ღუმლით) – 90 დღეზე, 10- ლიტრიანი წყალგამაცხელებელი - 90 დღეზე, ე.წ. ,,31 ქარხნის გამათბობელი’’ – 58 დღეზე, 2 სანთურიანი გაზქურა (ტურისტული - 90 დღეზე) წარმადობის მიხედვით 6 საათიან რეჟიმზე მუშაობით, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დაარიცხა 1---.97 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გაანგარიშების ფურცელი (ს.ფ. 100);
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 101-107).
4.1.5. 2018 წლის 13 აგვისტოს ნ-----–---------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას და მოითხოვა შპს ,,ყ--------------------–--ის” მიერ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხის დარიცხვის დაკორექტირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 13 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 89).
4.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებით ნ-----–---------–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა; უსაფუძვლოდ იქნა ცნობილი აბონენტზე (№------) ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის - 1---,97 ლარის დარიცხვა; შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა №------ აბონენტზე 1188მ3 ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა, ღირებულებით - 5--.29 ლარი; შპს ,,ყ--------------------–--ს” ასევე დაევალა №------ აბონენტზე უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და შეიტანოს აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-88).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ყ--------------------–--ის” სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’ არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-9 მუხლით რეგლამენტირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები, რომლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ამავე პუნქტის ,,ა’’- ,,დ’’ ქვეპუნქტებით დადგენილია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესი.
სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მომხმარებელს, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლისათვის გადახდის, ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება მის მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები, აღნიშნული კი შეიძლება დადგინდეს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, რომლითაც დადასტურდება მომხმარებლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მისი ბრალეულობა მის ჩადენაში და იგი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები’’, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული საკითხები. მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელსაც საჩივრის განხილვისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. ხოლო მე-12 პუნქტით განისაზღვრა, რომ კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ყ--------------------–--ი” სადავოდ ხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ნ-----–---------–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა; უსაფუძვლოდ იქნა ცნობილი აბონენტზე (№------) ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის - 1---,97 ლარის დარიცხვა; შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა №------ აბონენტზე 1188მ3 ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა, ღირებულებით - 5--.29 ლარი; შპს ,,ყ--------------------–--ს” ასევე დაევალა №------ აბონენტზე უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და შეიტანოს აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი; ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით - გამოიწვევს გაფრთხილებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით, ხოლო თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებად მოცემულია ზემოაღნიშნული კოდექსის 236-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების მართლზომიერება, მაგრამ უნდა შეფასდეს დაკისრებული თანხის კანონშესაბამისობა.
დადგენილია, რომ შპს ,,ყ--------------------–--მა” აბონენტ ვ---------------–-–---–ს, მის მფლობელობაში არსებული ბენებრივი გაზის დანადგარების (4 - სანთურიანი გაზქურა (ღუმლით) – 90 დღეზე, 10- ლიტრიანი წყალგამაცხელებელი - 90 დღეზე, ე.წ. ,,31 ქარხნის გამათბობელი’’ – 58 დღეზე, 2 სანთურიანი გაზქურა (ტურისტული - 90 დღეზე) წარმადობის მიხედვით 6 საათიან რეჟიმზე მუშაობით, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დაარიცხა 1---.97 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთვევაში აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათის თანახმად, აღნიშნულ ფართში (დართი 58.78მ2) მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ხარჯი შეესაბამება მის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის დანადგარების წარმადობას. კერძოდ, 2016-2018 წლის ზამთრის სეზონზე საშუალო თვიური ხარჯი შეადგენს 40-70 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მსჯელობას მასზედ, რომ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესაბამისად დარიცხვისას გამოყენებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული წესების მე-9 მუხლით დათვალისწინებული დარიცხვის პროცედურები, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულ შემთვევაში უმრიცხველო ხაზი დაერთებული იყო მხოლოდ ერთ დანადგარზე, კერძოდ, წყალგამაცხელებელზე, რომელიც აბაზანაში იყო დამონტაჟებული. შესაბამისად, დარიცხვა უნდა განხორციელდეს ერთი წყალგამაცხელებლის წარმადობის მიხედვით, 90 დღეზე, 6-საათიან რეჟიმზე მუშაობით, რის შედეგადაც დასარიცხი ბუნებრივი გაზის ოდენობა იქნება 1188მ3, ღირებულებით - 5--,29 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ--------------------–--ის” სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ყ--------------------–--ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე