გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
330310018002777325
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7977-1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - ერთ----–--------------------------------–------------------------------------------------–---–--

წარმომადგენელი - ი-----–----------

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ--------–-----–--

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 1- ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019წლის 07თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ამონაწერში(საკ. კოდი: №--.1-.1-.0--.1--)(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერში(საკ. კოდი: №--.1-.1-.0--.1--) ვალდებულებით ნაწილში მიუთითოს: მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონის, ლ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე 2011 წლის 8 აპრილს გაიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა შემდგომში(გრგ), რომელშიც გათვალისწინებული იყო გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველი; ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები, ასევე ტერიტორიის სამშენებლო განვითარების პარამეტრები; განაშენიანების რეგულირების გეგმის შემდგომში(გრგ) შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, შენიშვნები და დამატებითი მოთხოვნები. მისივე განმარტებით სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და გეგმა, სადაც ასახული იყო დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მათი განლაგება ტერიტორიაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 30 ნოემბერს, აღნიშნულ გრგ-ში შემავალი მიწის ნაკვეთის კერძო მესაკუთრეთა შორის დაიდო ერთობლივი(ამხანაგობის) ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული იყო ამხანაგობის მიზნები და საქმიანობის საგანი, ასევე ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებისა და ახალი წევრების ვინაობა. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლი მიუთითებს, რომ ამხანაგობა ეს არის ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლებიც წარმოადგენენ ქ.თბილისში, ლ---------------- ტერიტორიაზე ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს და გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნის მისაღწევად. შეთანხმებით მხარეებს განესაზღვრათ მთელი რიგი ვალდებულებები, კერძოდ- არსებული და მომავალი მესაკუთრეების ვალდებულებები, მათ შორის საწევრო შენატანთან დაკავშირებული ვალდებულებები. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ამხანაგობის წევრებს სურდათ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო მათ შორის დადებული ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისათვის განსაზღვრული ვალდებულებები, რათა ეს მონაცემები საჯარო ყოფილიყო ნებისმიერი დაინტერსებული პირისათვის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულების თავიდან ასარიდებლად.

 

2018 წლის 12 ოქტომბერს, ამხანაგობის წევრებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინეს სარეგისტრაციო განცხადება №------------, რომლითაც მოითხოვეს უძრავ ნივთზე(საკ.კოდი: №--.1-.1-.0--.1--) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებაზე 2018 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის უარის თქმის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელე მხარემ 2018წლის 23 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა 2018 წლის 21 ნოემბრის N------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ლ--------------------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.1-.0--.1--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1-72კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №--.1-.1-.0--.0-1, 2011 წლის 22 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ------------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22/11/2011(ს.ფ. 92-93)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2013წლის 30 ნოემბრის ერთობლივი საქმიანობის(ამხანაგობის) ხელშეკრულებით დგინდება, რომ ამ ხელშეკრულების მხარეებმა(შემდგომში წოდებული ,,ამხანაგობის წევრები“) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-940 მუხლების საფუძველზე დადეს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება.

 

დასახელებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ამხანაგობა არის ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლებიც წარმოადგენენ ქ.თბილისში ლ---------------- ტერიტორიაზე ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს, რომელიც მითითებულია 2011 წლის 08 აპრილს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებულ ,,განაშენიანების რეგულირების გეგმით“ (შემდგომში წოდებული ,,განაშენიანების რეგულირების გეგმა ან გ.რ.გ“) და გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.

 

დასახელებული ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, ამხანაგობა პასუხს აგებს საკუთარი ქმედებისთვის, საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და კისრულობს ვალდებულებებს, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის მიზანს წარმოადგენს ერთობლივად ერთიანი ძალისხმევით, განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების: 1.1კომუნიკაციების (წყალი, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, გაზის, კანალიზაციის და სხვა) დაგეგმარება და მშენებლობის ორგანიზება; 1.2. საჭირო პროექტების დაკვეთა; 1.3. კომუნიკაციებით უზრუნველყოფა; 1.4. კომუნიკაციების ერთობლივი მოვლა-პატრონობა; 1.5. გამწვანების ორგანიზება და მისი შემდგომი მოვლა; 1.6.დაცვა-უსაფრთხოება; 1.7. ურთიერთობა სახელმწიფო, თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო ორგანიზაციებთან ან ნებისმიერ პირთან, რაც დაკავშირებული იქნება ხელშეკრულების მიზნის მისაღწევად. 1.8. ყველა ის საკითხი, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების ხელმომწერი პირის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან კომუნიკაციის მიყვანისათვის.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-7 მუხლი განსაზღვრავს საწევრო შესატანებს და მათ ოდენობას, ხოლო მე-8 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესატანის გადაუხდელობისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 30 ნოემბრის ერთობლივი საქმიანობის(ამხანაგობის) ხელშეკრულება(ს.ფ. 69-80)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმება, რომლითაც დგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეები(შემდგომში წოდებული ,,მხარეები“), როგორც 2013წლის 30 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების მხარეები და 2011 წლის 08 აპრილს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმით(შემდგომში წოდებული გ.რ.გ) გათვალისწინებული უძრავი ქონების მესაკუთრეები, თანხმდებიან შემდეგზე:

1.1. წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 1(ერთი) თვის ვადაში განახორციელოს პირველადი შენატანი- რომლის ოდენობაც შეადგენს 0.5 ლარს ამხანაგობის წევრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყოველ კვადრატულ მეტრზე.

1.2. ყოველწლიურად, ყოველი კალენდარული წლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში განახორციელოს ყოველწლიური საწესდებო შენატანის გადახდა, რომელიც შეადგენს 0.2 ლარს ამხანაგობის წევრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყოველ კვადრატულ მეტრზე, ხოლო ამხანაგობის მიერ კომუნიკაციების(წყალი, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, კანალიზაციის და სხვა) დაგეგმარების(მშენებლობის) ორგანიზების, პროექტების დაკვეთის, კომუნიკაციების უზრუნველყოფის შემდეგ, ყოველწლიური შენატანი შეადგენს ფიქსირებულ 120ლარს.

1.3. ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი შენატანის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ამხანაგობის წევრი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გადაიხადოს 1, 5% -ით მეტი სრულ გადასახდელ თანხაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამხანაგობის წევრის მიერ პროცენტებთან ერთად არ იქნება სრულად დაფარული დავალიანება 6(ექვსი) თვის ვადაში, მაშინ გამგეობა უფლებამოსილია უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეწყვიტოს წევრთა წინამდებარე შეთანხმება.

1.4. პირებს რომლებიც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო შეუწყდებათ ხელშეკრულება, კარგავენ უფლებას მათ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შენატან წილზე ამხანაგობის საერთო საკუთრებაში, ასევე მათ აღარ დაუბრუნდებათ უკვე განხორციელებული შენატანები.

 

1.5. ამხანაგობიდან გარიცხული ან გასული წევრი, რომელსაც სრულად გადახდილი აქვს კომუნიკაციის ღირებულება ხმის უფლების გარეშე ინარჩუნებს(კომუნიკაციით) სარგებლობის უფლებას. ამასთან მას ეკისრება აღნიშნული კომუნიკაციით სარგებლობის პროცესში წარმოშობილი ხარჯების გაღების ვალდებულება.

1.6. ამხანაგობის წევრის მიერ საკუთრებაში არსებული, გრგ-თ გათვალისწინებული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, მის ადგილს ავტომატურად იკავებს ახალი მესაკუთრე.

1.7. მხარე ვალდებულია თავის საკუთრებაში არსებული, გრგ-თი გათვალისწინებული ქონების გასხვისების შემთხვევა წერილობით აცნობოს ამხანაგობის გამგეობას გასხვისებიდან 5 დღის განმავლობაში.

1.8. მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან და შეასრულონ მხარეთა შორის 2013წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

1.9. შეთანხმების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს წერილობით, შეთანხმებაზე დანართის სახით ცვლილება ან დამატება შეთანხმების განუყოფელ ნაწილად იქცევა და იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მისი სანოტარო წესით დამოწმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

1.1-. წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს სხვა პუნქტებისა და ხელშეკრულების ბათილობას.

1.11. მხარეებს შორის დავა განიხილება საერთო წესით სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე მხარეებს წინამდებარე შეთანხმებიდან(ხელშეკრულებიდან) გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შეთანხმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, თვითოეული მხარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერის ვალდებულების განყოფილებაში.

1.12.მხარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერის ვალდებულების განყოფილებაში რეგისტრაციის მიზანია:

1.12.1. დაცული იყოს ყველა მესამე პირისა და ახალი მესაკუთრის უფლებები;

1.12.2. მხარეთა უფლება-მოვალეობის შესახებ ცნობილი იყოს მომავალი ახალი მესაკუთრეებისთვის.

1.13. ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარე დ------–---–- უფლებამოისლაი წინამდებარე შეთანხმების რეგისტრაცია განახორციელოს მათ საკუთრებაში არსებულ, წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმება(ს.ფ. 81-89)

 

3.1.4. 2018 წლის 12 ოქტომბერს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარე დ------------–---–მა(წარმომადგენელი ი-----–----------) №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ლ---------- მიმდებარედ, მის საკუთრებაში არსებულ №--.1-.1-.0--.1-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ წევრთა 2013წლის 30 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარე დ------------–---–ის(წარმომადგენელი ი-----–----------) 2018 წლის 12 ოქტომბრის №------------ განცხადება (ს.ფ. 125-131)

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტი არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’(ს.ფ. 160)

 

3.1.6. 2018 წლის 23 ოქტომბერს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარე დ------------–---–მა(წარმომადგენელი ი-----–----------) №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,რეგისტრაციაზე უარის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარის- დ------------–---–ის მინდობილ პირს- ი-----–----------ს უარი ეთქვა 2018 წლის 23 ოქტომბრის №--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარე დ------------–---–ის(წარმომადგენელი ი-----–----------) 2018 წლის 23 ოქტომბრის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 94-96)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(ს.ფ. 98-1-1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010წლის 15 იანვრის №4 ბრძანება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარე დ------------–---–მა(წარმომადგენელი ი-----–----------) №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ლ---------- მიმდებარედ, მის საკუთრებაში არსებულ №--.1-.1-.0--.1-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ წევრთა 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ამავე კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა)საკუთრება; ბ)აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ)უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე)იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი)ლიზინგი; კ)საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ)უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. მ)სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში(21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 23-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ 2018 წლის 12ოქტომბერს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ თავმჯდომარე დ------------–---–მა(წარმომადგენელი ი-----–----------) №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ლ---------- მიმდებარედ, მის საკუთრებაში არსებულ №--.1-.1-.0--.1-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ წევრთა 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტი არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყოს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 11.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები(უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები),- აღნიშნული სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება და განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ წევრთა 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამ ან/და შეუსრულებლობამ არ შეიძლება რაიმე ტიპის გავლენა იქონიოს №--.1-.1-.0--.1-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ დ------------–---–ის საკუთრების უფლებაზე. ამასთან, საჯარო რეესტრის მხრიდან ასეთი ვალდებულების რეგისტრაციაზე უარის თქმით არ იზღუდება კერძო პირთა უფლება დადონ ნებისმიერი სახის გარიგება კანონის ფარგლებში. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება მხარეებმა შეიძლება დაამოწმონ სანოტარო წესით, თუმცა ნებისმიერი შინაარსის შეთანხმება/ვალდებულება არ შეიძლება დაექვემდებაროს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, თუ შინაარსით დაკავშირებული არ იქნება საკუთრების უფლებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულება არ არის სანივთო უფლება. სანივთო უფლებისგან განსხვავებით, სახელშეკრულებო ვალდებულება მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, რეგისტრირებული უფლების შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების გადასვლის შესაძლებლობის დაშვება. სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 30ნოემბრის შეთანხმების 1.3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი შენატანის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ამხანაგობის წევრი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გადაიხადოს 1, 5%-ით მეტი სრულ გადასახდელ თანხაზე, ამავე შეთანხმების 1.4. პუნქტის თანახმად კი, პირებს რომლებიც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო შეუწყდებათ ხელშეკრულება, კარგავენ უფლებას მათ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ შენატან წილზე ამხანაგობის საერთო საკუთრებაში, ასევე მათ აღარ დაუბრუნდებათ უკვე განხორციელებული შენატანები. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული შეთანხმების არცერთი პუნქტი არ ეხება შემთხვევას, როდესაც სახელშეკრულებო ვალდებულება მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლას ითვალისწინებს და ხელშეკრულების არცერთი დანაწესი არ მიუთითებს, რომ მასში გათვალისწინებული ვალდებულება არის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება. შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული ვალდებულება ვერ დარეგისტრირდებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, როგორც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმება არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 11.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაციის საფუძველი, აღნიშნული კი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გამორიცხავდა ქ.თბილისში, ლ---------- მიმდებარედ, №--.1-.1-.0--.1-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციას.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ სასარჩელო მოთხოვნა ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1- ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მოპასუხისთვის საჯარო რეესტრის ამონაწერში 2013 წლის 30 ნოემბრის შეთანხმების რეგისტრაციისა და ვალდებულებით ნაწილში ტექსტის: ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად’’ მითითების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესსზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ,- მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისიდ, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ლ---------------------------------- N0-/1--- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N--.1-.1-.0--.1--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,-------–----------–----–----–--------- სახელზე. ამავე ამონაწერში ვალდებულების გრაფაში აღნიშნულია შემდეგი-გამყიდველი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი; მყიდველი-შპს ,,-------–----------–----–----–-------- საგანი-40-0კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი; მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად; უფლების რეგისტრაცია, თარიღი-1---------; საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N------ დამოწმების თარიღი:1-------1-, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო. დასახელებულ ამონაწერზე მითითებით მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მასთან მიმართებაში დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3 მუხლი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებთ და განმარტავს, რომ ქ.თბილისი, ლ---------------------------------- N0-/1--- შპს ,,-------–----------–----–----–--------- სახელზე რეგისტრაციის განხორციელებისას სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მერიის სიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული N25691 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,---–----–----–--------- საკუთრებაში გადაეცა ლ---------- მიმდებარედ 40-0 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(საკადასტრო კოდი: N--.1-.1-.0--.1--). ამავე მოწმობაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს იმას, რომ შპს,,-------–----------–----–----–--------- სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას აღნიშნული ვალდებულების არსებობას ითვალისწინებდა თავად უფლების დამდგენი დოკუმენტი-საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებები იდენტური არ ყოფილა და რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4.3 მუხლის იმპერატიული დანაწესის დარღვევას.

 

6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ნოემბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,--–----------------’ სარჩელი მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი