გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/1945-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შპს ,,---’’
წარმომადგენელი - თ---------------–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - ხ-----------–--------–ი
მესამე პირი (16.2) - შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ა’’
წარმომადგენელი - ქ------------–----ე
დავის საგანი - ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 26 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,---’’-ის გაფრთხილების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა - შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ამ’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 24 ივლისს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ასა’’ (,,შემსყიდველი’’) და შპს ,,---’’-ის (,,მიმწოდებელი’’) შორის, შემსყიდველის მეირ ჩატარებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, დადებული იქნა №--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ყ--------------–----–-----------------------–-----ის ოთხი ქუჩის (ი-–-----------ის, მ---------------ს, ვ------------–---–-----ისა და შ-----------------–ის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №--- განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით (C---------- - წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებული სამუშაოები). 2.2 პუნქტის თანახმადა კი, ხელშეკრულების სამუშაოს ზუსტი აღწერა მოცემულია დანართი №1-ში (ხარჯთაღრიცხვა) და პროექტში, რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 541541 (ხუთას ორმოცდაერთი ათას ხუთას ორმოცდაერთ) ლარს.
ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ,,მიმწოდებელს’’ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული ვალდებულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, 10.2 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი’’ ჯარიმდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადა იყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუმეტეს 2,5 თვე (არაუგვიანეს 2017 წლის 09 ოქტომბრისა), ხოლო 14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2017 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გარდა ხელშეკრულების მე-9 მუხლისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 ივლისის №--------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და ყ------ის წყალსადენის ქსელის მოწყობის ხარჯთაღრიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 16-22).
4.2. შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 15 სექტემბრის №------- და 2017 წლის 21 სექტემბრის №------- წერილებით შპს ,,---’’-ის დირექტორს ეცნობა, რომ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემოწმებულ იქნა ყ--------------–----–-----------------------–-----ის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ არ მიმდინარეობდა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ფენა-ფენად დატკეპვნა; ობიექტზე მუშახელი არ იყო აღჭურვილი სპეცტანსაცმლით, რაც არსებული უსაფრთხოების წესების და ნორმების დარღვევას წარმოადგენდა; გამოუსწორებელი იყო სახანძრო ჰიდრანტი, გზის საპროექტო ნიშნულთან მიმართებაში; ასევე, ობიექტი განიცდიდა მუშახელის ნაკლებობას, რაც შემდგომში გამოიწვევდა ობიექტის ვადებში არ ჩაბარებას. შპს ,,---’’-ის დირექტორს ასევე ეცნობა, რომ ჭ-------ის ქუჩაზე, თხრილში მოთავსებულ პოლიეთილენის მილს არ ქონდა დამცავი ფენა, აღენიშნებოდა დიდი ზომის ქვები, ხოლო კ-------ას ქუჩაზე დარღვეული იყო საპროექტო მოთხოვნები, დამცავი ფენა მოწყობილი იყო 5-7სმ, ნაცვლად 20სმ-ისა, სასიგნალო ლენტი, არსებული სპეციფიკაციების მოთხოვნების უგულებელყოფით იყო ჩადებული. შესაბამისად, მიმწოდებელს დაევალა დეფექტების გათვალისწინება და უმოკლეს დროში გამოსწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 15 სექტემბრის №------- წერილი და ობიექტზე არსებული დეფექტების შემოწმების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 121-122);
- შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 21 სექტემბრის №------- და ობიექტზე არსებული დეფექტების შემოწმების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 123-124).
4.3. შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 22 სექტემბრის №------- წერილით შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ დირექტორს ეცნობა, რომ შპს ,,---’’-ის მიერ მოწყობილი მილების თავზე გადიოდა სს ,,ს--–-----ის’’ კაბელი, რაც ხელს უშლიდა სარეგულაციო ჭის მოწყობას.
4.4. შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 09 ოქტომბრის წერილით შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის“ დირექტორს გაეგზავნა წერილი, რომლითაც კომპანიამ მოითხოვა, ყ------ის ტერიტორიაზე არსებული ნალექის გამო (სულ 19 დღე) გაგრძელებულიყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2017 წლის 30 ოქტომბრამდე.
აღნიშნული წერილის პასუხად, შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 09 ოქტომბრის №------ წერილით შპს ,,---’’-ის დირექტორს ეცნობა, რომ წარდგენილ ინფორმაციას კომპანია ვერ ჩათვლიდა საპატიო მიზეზად და შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიაჩნდა კომპანიებს შორის 2017 წლის 24 ივლისს გაფორმებულ №--------- ხელშეკრულებაში რაიმე სახის ცვლილების შეტანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 22 სექტემბრის №------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 25);
- შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 09 ოქტომბრის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 26);
- შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 09 ოქტომბრის №------ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 28).
4.5. შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 10 ოქტომბრის №-------, 20 ოქტომბრის №------- და 23 ოქტომბრის №------- წერილებით შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ დირექტორს ეცნობა, რომ მოსახლეობა არ აძლევდათ საშუალებას დაესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 10 ოქტომბრის №------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 29)
- შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 20 ოქტომბრის №------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 29)
- შპს ,,---’’-ის დირექტორის 2017 წლის 23 ოქტომბრის №------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 29)
4.6. შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 02 ნოემბრის №------- წერილით შპს ,,---’’-ის დირექტორს ეცნობა, რომ მათ დროულად ვერ მოახერხეს კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, რის გამოც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებაზე.
4.7. შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 21 ნოემბრის №------- წერილით შპს ,,---’’-ის დირექტორს ეცნობა, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მათი მხრიდან ვერ განხორციელდა სამუშაოების დასრულება, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით დაეკისრათ პირგასამტეხლო შესრულებული ვალდებულების (416 133.25 ლარის) 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 2663.25 ლარს, ამასთან, ამავე მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გაო დაეკისრათ ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით - 16246.23 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 02 ნოემბრის №------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 33);
- შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 21 ნოემბრის №------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 34).
4.8. შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 24 ნოემბრის №------- წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს ,,---’’-ის მიერ D----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დადებული 2017 წლის 24 ივლისის №--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 24 ნოემბრის №------- წერილობითი შეტყობინება (ტომი 1, ს.ფ. 37).
4.9. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №---- წერილით შპს ,,---’’-ის ეცნობა, რომ სააგენტოში შესული იყო შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 24 ნოემბრის №------- წერილობითი შეტყობინება შპს ,,---’’-ის მიერ 2017 წლის 24 ივლისის №--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა.
შპს ,,---’’-ის წარმომადგენელმა, თ--------------–მა, 2017 წლის 8 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია მის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ შპს ,,---’’-ის ხელშეკრულების შესრულების დაწყებისთანავე შეექმნა გარკვეული პრობლემები. აღმოჩნდა, რომ იმავე ტერიტორიაზე პარალელურად სამუშაოებს აწარმოებდა საგზაო კომპანია. გარდა ამისა, მიმწოდებლის მიერ მოწყობილი მილების თავზე გადიოდა სს ,,ს--–-----ის“ კაბელი, რაც ხელს უშლიდა სარეგულაციო ჭის მოწყობას. აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობა შემსყიდველ ორგანიზაციას, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, სამუშაოების წარმოებისას, ყ------ში აღინიშნებოდა ნალექიანი კლიმატური პირობები, სულ 19 დღე. შემსყიდველ ორგანიზაციას ეცნობა აღნიშნულის თაობაზეც, თუმცა მან მიმწოდებლის პოზიცია არ გაიზიარა და საპატიოდ არ მიიჩნია ნალექიანი დღეების არსებობა. მიმწოდებელმა სააგენტოში წარდგენილ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ კ-------ას ქუჩაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ვერ ასრულებდა სამუშაოებს მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, რის თაობაზეც შემსყიდველ ორგანიზაციას არ მოუხდენია რეაგირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №---- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 38-39);
- შპს ,,---’’-ის წარმომადგენლის 2017 წლის 8 დეკემბრის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 40-41).
4.10. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის №--- განკარგულებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების ხელშემშლელი გარემოებების არსებობისა და მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დადგენისათვის, ერთი თვით გაგრძელდა შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 24 ნოემბრის №------- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,---’’-ის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის №--- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 249-250).
4.11. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 26 თებერვლის №--- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,---’’-ის (ს/კ: 4--------) 2018 წლის 27 თებერვალს მიეცა გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 26 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,---’’-ის გაფრთხილების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 71-75).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,---’’-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 26 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,---’’-ის გაფრთხილების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ასა’’ (,,შემსყიდველი’’) და შპს ,,---’’-ის (,,მიმწოდებელი’’) შორის, შემსყიდველის მეირ ჩატარებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, დადებული იქნა №--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ყ--------------–----–-----------------------–-----ის ოთხი ქუჩის (ი-–-----------ის, მ---------------ს, ვ------------–---–-----ისა და შ-----------------–ის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №--- განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით (C---------- - წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებული სამუშაოები). ამავე ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 541 541 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2017 წლის 10 ნოემბერი.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ - შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ„ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ 2017 წლის 24 ნოემბრის №------- წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს ,,---’’-ის მიერ D----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დადებული 2017 წლის 24 ივლისის №--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
7.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც იგი იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,---’’-ის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2017 წლის 24 ივლისის №--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს, რამეთუ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს. ამასთან, მიმწოდებლის მიერ არც სააგენტოში და არც სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს. სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 24 ივლისის №--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ყ--------------–----–-----------------------–-----ის ოთხი ქუჩის (ი-–-----------ის, მ---------------ს, ვ------------–---–-----ისა და შ-----------------–ის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 541 541 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2017 წლის 10 ნოემბერი. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა-–---ს’’ ინსპექტირების აქტით და სასაქონლო ზედნადებებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 319-341) კი დგინდება, რომ შპს ,,---’’-ის მიერ შესრულებულ იქნა 283 715.50 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ხელშეკრულების მოცულობის 52%-ს შეადგენს.
რაც შეეხება მიმწოდებლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ყ------ის ტერიტორიაზე არსებული ნალექის გამო (სულ 19 დღე) გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო სამუშაოების ჩატარება, რის შესახებაც 2017 წლის 09 ოქტომბრის წერილით აცნობა კიდეც შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ დირექტორს და სთხოვა, გაგრძელებულიყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2017 წლის 30 ოქტომბრამდე, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული, აღნიშნული პოზიცია სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან კლიმატური პირობების ცვლილება ყოველთვის ვერ განიხილება პასუხისმგებლობისაგან გამათავისუფლებელ გარემოებად. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ყ------ის ტერიტორიაზე არსებული ნალექის გამო შეუძლებელი იყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელება 2017 წლის 30 ოქტომბრამდე, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულებას შეძლებდა წლის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისსავე მითითებულ ვადაში მაინც ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ მოსარჩელე სატენდერო წინადადების წარდგენით დაეთანხმა სატენდერო პირობებს, აიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება კონკრეტულ დროში და შესაბამისად, უნდა გაეთვალისწინებინა ყ------ის ტერიტორიაზე შემოდგომის პერიოდში არსებული რთული კლიმატური პირობებიც.
სასამართლოს მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსახლეობასთან შექმნილი წინააღმდეგობის გამო არ ქონდათ საშუალება დაესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ვინაიდან ხელშეკრულება მოიცავდა ოთხ სხვადასხვა ობიექტს, ხოლო მოსარჩელე წინააღმდეგობას შეხვდა მხოლოდ ერთ ობიექტზე. რაც შეეხება მოსარჩლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,---’’-ის მიერ მოწყობილი მილების თავზე გადიოდა სს ,,ს--–-----ის“ კაბელი, რაც ხელს უშლიდა სარეგულაციო ჭის მოწყობას, სასამართლოს მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნულ პრობლემას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთ-ერთ ქუჩაზე.
დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2018 წლის 26 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,---’’-ის გაფრთხილების შესახებ. ამასთან, სააგენტომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებულ იქნა 283 715.50 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ხელშეკრულების მოცულობის 52%-ს შეადგენს და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე, შპს ,,---’’-ის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგებოდა არათანაზომიერი შედეგი, რის გამოც მიზანშეწონილად ჩათვალა მის მიმართ გაფრთხილების გამოყენება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 26 თებერვლის №--- განკარგულება შპს ,,---’’-ის გაფრთხილების შესახებ, მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,---’’-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,---’’-ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,---’’-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,---’’-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,---’’-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი