განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
080100118002469794
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4---18 (№0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 იანვარი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ---------------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ვ-–-------- ი-----ე

მამის სახელი: ვ--–-------

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ც------–---------------–-----------;

 

ადვოკატი - ირმა ბანძელაძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 5 მაისს, ქუთაისი, ც------–--------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------- ი-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ლ---------ეს. კერძოდ ხელი კრა ბეჭის არეში, რის შედეგადაც ლ---------ე დაეჯახა კედელს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ვ-–-------- ი-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ-–-------- ი-----ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------–---მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 მაისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მის მეწყვილე ზ------ ჟორჟოლიანთან ერთად მიიღო შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც------–-- ქუჩაზე მე-3 შესახვევში, ქალბატონი ითხოვდა დახმარებას, რომელიც შვილმა წააქცია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული შუა ხნის ქალბატონი - ლ---------ე, რომელმაც განმარტა, რომ შვილმა - ვ-–-------- ი-----ემ მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა და წააქცია. მოწმის განმარტებით ადგილზე იმყოფებოდა ვ-–-------- ი-----ეც, რომელიც იყო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, თუმცა იყო მშვიდად და რაიმე აგრესიას არ გამოხატავდა, არც მათ მიმართ და არც ოჯახის წევრების მიმართ. მათ ადგილზე დააკავეს ვ-–-------- ი-----ე და შეადგინეს დაკავების ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ჟო--–---–----ა განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში. მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 5 მაისს მეწყვილესთან გ----------------–---სთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქუთაისში ც------–-- მე-3 შესახვევში ადგილი ქონდა ოჯახური კონფლიქტის ფაქტს და ქალბატონი ითხოვდა პოლიის დახმარებას. ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა ლ---------ემ მათ განუმარტა, რომ შვილმა - ვ-–-------- ი-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ზურგის არეში და წააქცია. მოწმის განმარტებით ვ-–-------- ი-----ე იმყოფებოდა ადგილზე, ის არ გამოხატავდა აგრესიას, იყო მშვიდად, თუმცა აშკარად ეტყობოდა ალკოჰოლური თრობა. დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული. ვ-–-------- ი-----ე დაკავებულ იქნა მათ მიერ და შედგენილ იქნა დაკავების ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე შ----–- გა------ა განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში მთავარი სამმართველოს პირველ ოცეულში პატრულ-ინსპექტორად, მომხდარის დღეს 2018 წლის 5 მაისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეწყვილესთან ერთად მოძრაობდა საპატრულო ეკიპაჟ 115-ით, საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ც------–-- ქუჩაზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ქალბატომა - ლ---------ემ განაცხადა, რომ მისმა შვილმა ვ-–-------- ი-----ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იძალადა მასზე დაარტყა ზურგის არეში. ქალბატონის განცხადების საფუძველზე მათ გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია, აგრეთვე შეადგინეს შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ათი დღის მანძილზე მათ ეკრძალებოდათ ერთმანეთთან მიახლოება, აღნიშნული ორდერი გააცნეს როგორც დაზარალებულს, ისე მოძალადეს. მოწმის განმარტებით მოძალადეს - ვ-–-------- ი-----ეს აღენიშნებოდა ალკოჰოლური ზემოქმედება. მოწმის განმარტებით ისინი რაიმე ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, ადგილზე მისულებს დახვდათ მხოლოდ დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ღელავდა და იძახდა, რომ შაქარი ქონდა აწეული, თავად ვ-–-------- ი-----ე აგრესიას არავის მიმართ არ გამოხატავდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა დ----- დ------- ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები და დაადასტურა, რომ 2018 წლის 5 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს შეტყობინება ქუთისში, ც------–-- ქუჩაზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა ლ---------ემ განმარტა, რომ მისმა შვილმა ვ-–-------- ი-----ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იძალადა მასზე მოუქნია ხელი და კედელს მიაჯახა. ვ-–-------- ი-----ე იყო ნასვამ მდგომარეობაში. მათ მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუხატავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილეზე გამოცხადდნენ შეტყობინებიდან დაახლოებით ხუთ წუთში და მათი მისვლისას ადგილზე კონფლიქტური სიტუაცია არ იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ---------------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 მაისს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც------–-- ქ. N--ში იყო ოჯახური კონფლიქტი, რის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება. რამდენიმე ხნის შემდეგ მე-5 განყოფილების თანამშრომლების მიერ განყოფილებაში მიყვანილი იქნა ბრალდებული ვ-–-------- ი-----ე, რომელიც დაკავებული იყო ბრალდებულის სახით თანამშრომლების მიერ. მის მიერ მოხდა დაზარალებულ ლ---------ის გამოკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოიკითხა ვ-–-------- ი-----ე და გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, მოხდა შემთვევის ადგილის დათვალიერება და დასურათება, მოწმის სახით ასევე გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციისაგან ამოიღეს ვიდეო ჩანაწერი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაზარალებულს გააცნო დადგენილება, ასევე ვ-–-------- ი-----ეს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება.

 

დაზარალებულმა ლ---------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.

 

მოწმე ს--- ი-----ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 5 მაისს, ქ. ქუთაისში, ც------–--------------–-----------/3-ში მცხოვრებ 1984 წელს დაბადებულ ვ-–-------- ი-----ის მიერ დედის 1961 წელს დაბადებულ ლ---------ეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 5 მაისს 18:51 საათზე ელ-სმენის საშუალებით, ქუთაისის სამორიგეო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს რეგისტრატორს დაუკავშირდა საპატრულო პოლიციის საპატრულო ეკიპაჟის (ქუთაისი) ,,115“ საპატრულო ეკიპაჟიდან დ.დ-----ე და აცნობა, ქ. ქუთაისში, ც------–--------------–-----------/3-ში მცხოვრებ 1984 წელს დაბადებულმა ვ-–-------- ი-----ემ, 1961 წელს დაბადებულ დედას ლ---------ეს მიაყენა ფიზიკურიო შეურაცხყოფა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქ. ქუთაისში, ც------–--------------–-----------/3-ში 2018 წლის 5 მაისს, 18:40 საათზე ვ-–-------- ი-----ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

2018 წლის 5 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისი, ც------–--------------–------------ში. დათვალიერებაში მონაწილე ლ---------ის განმარტებით მისი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან, სადარბაზოში შვილმა ვ-–-------- ი-----ემ ,,უჯიკა’’ ხელი, რის შედეგად ბინის კედელს მიარტყა მარჯვენა ბეჭი.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 05.05.18 წ. 22:34-22:45 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ---------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა პატრულ ინსპექტორ დ----- დ------ს 2018 წლის 5 მაისის ვიდეოჩანაწერი, რაც განხორციელდა ქ. ქუთაისში ც------–-- ქ. მე-3 შესახვევი N--ში ლ---------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძახებაზე ყოფნის დროს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ-–-------- ი-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მი---- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ვ-–-------- ი-----ის მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 5 მაისს, ვ-–-------- ი-----ემ იძალადა დედაზე - ლ---------ეზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნევლოვნად და ცალსახად არ ადასტურებენ ვ-–-------- ი-----ის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები: გ----------------–---, ზ------ ჟო--–---–----, შ----–- გა------, დ----- დ-----ე, დ--------------- ვერ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს, მათი ჩვენებები ეყრდნობა დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას (დაზარალებულმა ლ---------ემ სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება), სხვა სახის პირადაპირი მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ვ-–-------- ი-----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების დადასტურებას და აღნიშნული მუხლით მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, დაახლოებით ხუთ წუთში, აცხადებენ, რომ ვ-–-------- ი-----ე არ იყო აგრესიული და მათი მისვლისას მხარეთა შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 05.05.18 წ. 22:34-22:45 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ---------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ იქნა დადასტურებული რაიმე სახის დაზიანება, რაც დაადასტურებდა დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენს, რომ დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ვ-–-------- ი-----ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ-–-------- ი-----ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ვ-–-------- ი-----ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–-------- ი-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ვ-–-------- ი-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, გირაოს თანხა დაუბრუნდეს განაჩნის აღსრულებიდან ერთი თვიის ვადაში მის შემტან პირს.

 

გამართლებულ ვ-–-------- ი-----ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: პატრულ ინსპეტორებისაგან ამოღებული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური