გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
190310018002488304
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-154-18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.02.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - შპს ,,ა------- კლინიკა",წარმომადგენელი: ნ---- ჯ--–------ია, თ------ნ გ-----ე, ლ------ კ------ე,მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი,წარმომადგენელი: პ----- ც------–--ე, თ------ნ ბ---–---–ი, ნ----- ყ-----–-–---–ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0-----------ადაწყვეტილების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით არ ეთანხმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 01 ნოემბრის №0-----------ადაწყვეტილებას, რომლითაც ქ----–- ხ---------ას, ფ--- ს--------ის და გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობა შპს ,,ა------- კლინიკაში" არ აანაზღაურა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით იმ საფუძვლით, რომ ქ----–- ხ---------ა შპს „ა------- კლინიკიდან" გაწერილია საკუთარი ხელწერილით, საკუთარი მოთხოვნით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება ავადმყოფის ისტორიაში. ფ--- ს--------ს შპს „ა------- კლინიკაში" 2017 წლის 23 აპრილს 03:40 საათიდან 2017 წლის 24 აპრილის 15:00 საათამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დიაგნოზით: პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „დაუსრულებელი", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია სტაბილიზაციით. გ--------ი ბ-----–---–ი შპს „ა------- კლინიკაში" მკურნალობდა 2017 წლის 10 აპრილს 20:20 საათიდან 2017 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე. გადაუდებელ სტაციონარში ჩაუტარდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით I20.0 არასტაბილური სტენოკარდია. მოცემულ შემთხვევას №2--------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას".

 

სარჩელში მითითებულია, პაციენტ ქ----– ხ---------ას შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხარვეზით წარდგენილ დოკუმენტაციას, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს თითოეული შემთხვევისთვის ეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. ამასთან, პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანა/რეჰოსპიტალიზაცია იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ მომხდარა, შესაბამისად, განმახორციელებელს არანაირი ზიანი არ მიადგა, არამედ პირიქით პაციენტს გაეწია სათანადო და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. შესაბამისად მოსარჩელე მზადაა გადაიხადოს ხარვეზით წარდგენილი დოკუმენტისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 50.00 ლარის ოდენობით, თუმცა ითხოვს სათანადოდ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას.

 

პაციენტი ფ--- ს--------ი ა------- კლინიკიდან გაწერილია საკუთარი ხელწერილით/საკუთარი მოთხოვნით, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. მოსარჩელე არ ეთანხმება გ--------ი ბ-----–---–ის შემთხვევაში ჩანაწერს, რადგან სამედიცინო ისტორიაშიც და სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში, შემთხვევის გამოსავალში მითითებულია ერთი და იგივე დიაგნოზი: პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით I20.0. არასტაბილური სტენოკარდია, რაც დასტურდება გ--------ი ბ-----–---–ის სამედიცინო ისტორიით და ამონაბეჭდი ელექტრონული მოდულიდან. შესაბამისად, საჩივრის ავტორისთვის ყოვლად გაურკვეველია და დაუსაბუთებელია აღნიშნული ჯარიმების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს, გათვალისწინებულ იქნას მისი პოზიცია და ანაზღაურებული იქნას პაციენტ ფ--- ს--------ისთვის, გ--------ი ბ-----–---–ისათვის და ქ----–- ხ---------ასათვის სათანადოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ქ----–- ხ---------ას შემთხვევაში - სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია სტაბილიზაცია, მაშინ როდესაც პაციენტი კლინიკიდან გაწერილია ხელწერილის საფუძველზე, მკურნალობისთვის საჭირო პროცედურების აუცილებლობის მიუხედავად, მოსარჩელე მხარეს ელექტრონული ჯანდაცვის მოდულში უნდა მიეთითებინა არასრული მკურნალობა, ხელწერილის საფუძველზე ნაცვლად სტაბილიზაციისა; პაციენტი ფ--- ს--------ი მკურნალობდა მოსარჩელის დაწესებულებაში 06/04/2017-09/04/2017 გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით დიაგნოზი I20.0 არასტაბილური სტენოკარდია I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულის გამოსავალში მითითებულია დაუსრულებელი, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტი კლინიკიდან გაწერილია დიაგნოზის სტაბილიზაციით; პაციენტი გ--------ი ბ-----–---–ი მკურნალობდა 10/04/2017-12/04/2017 დიაგნოზით I20.0 არასტაბილური სტენოკარდია I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის მოცემულობით. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, არ დასტურდება, არ ემთხვევა ელექტრონული ჯანდაცვის ანუ სამედიცინო შემთხვევათა ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებული დიაგნოზისა და სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული დიაგნოზის იდენტური შემადგენლობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა) პაციენტი ქ----–- ხ---------ას შპს „ა------- კლინიკაში" 2017 წლის 18 აპრილს 21:30 საათიდან 23 აპრილის 16:00 საათამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დიაგნოზით: N39.0 საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „სტაბილიზაცია", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია ხელწერილის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

ბ) პაციენტი ფ--- ს--------ს შპს „ა------- კლინიკაში" 2017 წლის 23 აპრილს 03:40 საათიდან 2017 წლის 24 აპრილის 15:00 საათამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დიაგნოზით: პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. (II20.0) სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „დაუსრულებელი", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია სტაბილიზაციით. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

გ) პაციენტი გ--------ი ბ-----–---–ი შპს „ა------- კლინიკაში" მკურნალობდა 2017 წლის 10 აპრილს 20:20 საათიდან 2017 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე. გადაუდებელ სტაციონარში ჩაუტარდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით II20.0 არასტაბილური სტენოკარდია. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-22);

-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 112-122);

-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0-----------ადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 23-24);

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 31-32);

 

3.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0-----------ადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ტომი I, ს. ფ.2-22);

-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 112-122);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 31-32);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1.მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-------- და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, კერძოდ ქ----–- ხ---------ასა და ფ--- ს--------ის შემთხვევაში ადგილი ხომ არ ჰქონდა ხარვეზს, ხოლო გ--------ი ბ-----–---–ის მკურნალობისას მოპასუხის მიერ არ გამოკვეულა ჯანმრთელობის მდომარეობიდან გამომდინარე ეს უკანასკნელი საჭიროებდა თუ არა პირველი დონის ინტენსიურ მკურნალობას და ჩატარებული მკურნალობა შეესაბამებოდა თუ არა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ პაციენტი ქ----–- ხ---------ას შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია ,,სტაბილიზაცია", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია ხელწერილის საფუძველზე; პაციენტ ფ--- ს--------ის შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია ,,დაუსრულებელი", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია სტაბილიზაციით; პაციენტ გ--------ი ბ-----–---–ის შემთხვევაში, შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული დიაგნოზი არ დასტურდება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ა------- კლინიკის" წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-------- და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში; დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დადგენილია, რომ: ა) პაციენტი ქ----–- ხ---------ას შპს „ა------- კლინიკაში" 2017 წლის 18 აპრილს 21:30 საათიდან 23 აპრილის 16:00 საათამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დიაგნოზით: N39.0 საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის. სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „სტაბილიზაცია", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია ხელწერილის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

ბ) პაციენტი ფ--- ს--------ს შპს „ა------- კლინიკაში" 2017 წლის 23 აპრილს 03:40 საათიდან 2017 წლის 24 აპრილის 15:00 საათამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება დიაგნოზით: პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. (I20.0) სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „დაუსრულებელი", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია სტაბილიზაციით. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

გ) პაციენტი გ--------ი ბ-----–---–ი შპს „ა------- კლინიკაში" მკურნალობდა 2017 წლის 10 აპრილს 20:20 საათიდან 2017 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე. გადაუდებელ სტაციონარში ჩაუტარდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით I20.0 არასტაბილური სტენოკარდია. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0-----------ადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

მითითებული დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს; ამავე პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, კი წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ----–- ხ---------ას სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „სტაბილიზაცია", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია ხელწერილის საფუძველზე.

 

ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში მითითებულია „დაუსრულებელი", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკიდან გაწერილია სტაბილიზაციით.

 

გ--------ი ბ-----–---–ს ჩაუტარდა I დონის ინტერსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით I20.0. არასტრაბილური სტენოკარდია, საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას მიჩნეული იქნა, რომ შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული დიაგნოზი არ დასტურდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას შეტყობინების სისტემაში გადაცემული და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობა შეიძლება მიჩნეული იქნას ტექნიკურ ხარვეზად ვინაიდან, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდებული ინფორმაციის შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობა წარმოადგენდეს ისეთ არსებითი ხასიათის ინფორმაციას რომლითაც განსაზღვრულია პირის მიმართ ჩატარებული მკურნალობის ხარისხი, ჩატარებული მკურნალობის არასრული ან ჩაუტარებელი მკურნალობის მითითება.

 

სასამართლო გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გაურკვეველია რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო მოპასუხემ დასახელებული გადაწყვეტილება აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსს ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილის შესახებ.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან: ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება;

 

დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პროგრამის განმახორციელებელ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, პროგრამის მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისას არ განუხორციელებია.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას, სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შემთხვევის გამოსავალში და სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხარვეზის უარყოფის შესახებ სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში დასახელებული ნორმის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ არსებობს. ამასთან, დადგენილია რომ ქ----–- ხ---------ა სამკურნალო დაწესებულებიდან გაეწერა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო ფ--- ს--------ი სტაბილიზაციით. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის 10-ე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 10%-ით.

 

დადგენილების №1 დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არაუმეტეს 60 დღისა.

 

იმ პირობებეში, როდესაც ქ----–- ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას ადგილი აქვს უსწორობას სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას განმახორციელებელს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია უნდა მიეჩნია მექანიკურ შეცდომად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.

 

დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გ--------ი ბ-----–---–ის მიმართ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №04-------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------, 2017 წლის 05 დეკემბრის №3------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ყოველგვარი კონკრეტული გარემოებების მითიტების გარეშე რაც მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ არცერთ გასაჩივრებულ აქტში მითითებული არ არის კონკრეტულად იმ გარემოების შესახებ თუ რა გახდა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 20-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;

 

ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, არ მიუღია ახსნა-განმარტებები მიმწოდებლისგან, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება არ მოუხდენია, რისი უფლებამოსილებაც მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნია დასახელებული ნორმების საფუძველზე. მოპასუხეს ყველა სადავო შემთხვევაში არ შეუსწავლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსს ყველამ ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უფასო სამედიცინო დახმარებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის №04-------- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება კერძოდ, ქ----–ა ხ---------ას და ფ--- ს--------ის სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას შეტყობინების სისტემაში გადაცემული და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობა რატომ არ იქნა მიჩნეული ტექნიკურ ხარვეზად, ხოლო გ--------ი ბ-----–---–ის შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდომარეობიდან გამომდინარე საჭიროებდა თუ არა იგი პირველი დონის ინტენსიურ მკურნალობას და ჩატარებული მკურნალობა შეესაბამებოდა თუ არა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ვინაიდან, სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით, ამ პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით მოსარჩელის მიერ მოსარგებლეთათვის განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა. ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც პირს გააჩნია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება თუმცა, ვერ ახდენს მის რეალიზაციას ფორმალური დაბრკოლებების შექმნის გამო. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაეკისროს თანხის გადახდა, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა------- კლინიკის" წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 16 თებერვლის №0------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 ნოემბრის №0-----------ადაწყვეტილებები და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;

 

2. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე შპს ,,ა------- კლინიკის" სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი