გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2879-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.01.2019 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს “მისო ე---------------ი”
წარმომადგენელი გიორგი თათარაშვილი
მოპასუხე შ--–-- ს---–------–---–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შ--–-- ს---–------–---–ისათვის 7571.52 ლარის დაკისრება;
სარჩელის გარემოებები:
2017 წლის 18 აპრილს შპს “ე---------------სა” და შ--–-- ს---–------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N TLE17008897, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 3300 ლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია წლიური 63.6%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 5 კალენდარული დღით ჩათვლით გადაცილებისათვის თითოეულ გადაცილებულ დღეზე 12 ლარს, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარს. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ქ------- ხ------–--ას კუთვნილი ავტომობილი ლექსუს 300 სარეგისტრაციო ნომერი A--------.
მსესხებელმა სესხი არ დააბრუნა, არც ერთი თვის შენატანი არ გადაუხდია. ვადის გადაცილება დაწყებულია 2017 წლის 18 მაისს, რომლის შემდეგ სესხზე ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვა. პირველ 5 დღეში დაირიცხა დღეში 12 ლარი, ხოლო მომდევნო პერიოდში დღეში 6 ლარი.
მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 3300 ლარი, პროცენტი 3171.52 ლარი, დარიცხული პირგასანტეხლოა 3156 ლარი, რაც მოსარჩელის განმარტებით შემცირებულია და მოითხოვს 1100 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ავტომობილი რომ დაზიანებულია, მისთვის ცნობილი გახდა სარჩელის ჩაბარების შემდეგ. ავტომობილით და სესხის თანხით არ უსარგებლია. სესხის გაფორმება სთხოვა ნათესავმა, მეუღლის ძმამ რომან ქვათაძემ. სესხის ხელშეკრულებას მან მოაწერა ხელი, ხოლო მიღებული თანხა 3300 ლარი მაშინვე გადასცა დაგირავებული ავტომანანის მესაკუტრეს. გადასცა, ავტმობილითაც მისი ნათესავი სარგებლობდა, რომლის ადგილსამყოფელი არ იცის და ვერ უკავშირდება. მოპასუხის განმარტებით, სესხის პროცენტი და პირგასამტეხლო 100%-იანი მოგების ფარგლებშია განსაზღვრულია, პროცენტი მეტად მაღალია, რის გამოც პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნას არ ეთანხმება.
(25.01.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 18 აპრილს შპს მისო ე---------------ს და შ--–-- ს---–------–---–ს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შ--–-- ს---–------–---–მა მიიღო 3300 ლარი 36 თვის ვადით წლიური 63.6%-ის სარგებლით. სესხი უზრუნველყოფილია ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა.
2017 წის 18 აპრილს ერთის მხრივ შპს მისო ე---------------სა და მეორეს მხრივ შ--–-- ს---–------–---–ს და ქ------- ხ------–--ას შორის წერილობით დაიდო სესხის და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა 3300 ლარი, სარგებელი წლიური 63.60%. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 1-დან 5 კალენდარულ დღემდე გადაცილებისათვის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარი, გადახდის ვადის მე-6 დღიდან გადაცილებისათვის ყოველდღიურად 6 ლარი, რომლის დარიცხვა გრძელდება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
სესხი უზრუნველყოფილია გირავნობით. კერძოდ, დაგირავებულია ქ------- ხ------–--ას საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება ლექსუს IS 300 სახ ნომერი L-------
მოპასუხის განმარტებით, სესხის ხელშეკრულების გაფორმება, ხელშეკრულების ხელმოწერა მას სთხოვა ნათესავმა რომან ქვათაძემ. მოპასუხის განმარტებით, მას სესხის თანხით და ავტომობილით არ უსარგებლია. თანხით ფაქტობრივად ავტომობილი მისმა ნათესავმა იყიდა. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ შპს ე---------------ში სესხის ხელშეკრულებას მან მოაწერა ხელი, სალაროდან თანხა მან გამოიტანა და ავტომობილის მესაკუთრეს გადასცა, ხოლო ავტომობილი რომან ქვათაძემ წაიყვანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის სესხის საგნის გადაცემიდან. აღნიშნული განმარტება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექის 623-ე მუხლიდან, რომლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებას მან მოაწერა ხელი და შპს ე---------------ისგან თანხაც მან მიიღო. სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით დადებული და მხარეთა ხელმოწერილი გარიგების მიმართ წარმოიშობა დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის პრეზუმფცია. მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება წარმოშობს უფლება-მოვალეობებს, ხელშეკრულების მხარეს წარმოეშობა მეორე მხარისაგან იმის გონივრული მოლოდინი, რომ ჯეროვნად შეასრულებს მის მიერ გამოვლენილ ნებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. ხელშეკრულება მისი კანონით დადგენილი წესით გაფორმების და ხელმოწერის შემდეგ წარმოშობს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას მის მონაწილეებს შორის, რომლის სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძლება გაბათილდეს, თუ დადგინდება, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება. მოპასუხე განმარტავს, რომ მას თანხის სესხება ან ავტომობილის შეძენა არ სურდა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ნათესავის თხოვნით. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე იგი ხელშეკრულებას მოტყუებით დადებულად მიიჩნევს.
ხელშეკრულების მოტყუებით დადებულად აღიარების საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-83-ე მუხლებით, რომლების აწესრიგებს უშუალოდ ხელშეკრულების მხარის ან მესამე პირის მხრიდან მომდინარე მოტყუების შედეგებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, 1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.
ნების გამოვლენის ბათილობის ერთერთი საფუძველია მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობა, ხოლო მოტყუება ნების გამოვლენის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ერთერთი გამოვლინებაა. იგი ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით. მოტყუებად მიიჩნევა პირის განზრახი მოქმედება რომლის მიზანია თავიდანვე ნების გამომვლენისათვის, ხელშეკრულების მხარისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნა და ამ გზით მისი ნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა. მოტყუების განზრახვა უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დადების მომენტში.
მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა ეს მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, განპირობებულია მისი მოტყუებით, მის ნების გამოვლენაზე არამართლზომიერი ზეგავლენით. მოტყუებად ითვლება კონტრაგენტის განზრახ შეცდომაში შეყვანა, მისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, მცდარი წარმოდგენის შექმნა, ფაქტების განზრახ დამახინჯება ან მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ამასთან, ეს წარმოდგენები და ფაქტები გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი უნდა იყოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლი ითვალისწინებს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად ისეთ შემთხვევას, როცა მოტყუება მომდინარეობს მესამე პირის მხრიდან. მესამე პირს კი წარმოადგენს ის პირი, რომელიც უშუალოდ არ არის სადაო ხელშეკრულების სუბიექტი, სესხის ხელშეკრულების მონაწილე მხარე არის - იგი არ არის არც გამსესხებელი და არც მსესხებელი. 83-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირის მხრიდან მოტყუება გარიგების ბათილობას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.
ამდენად, 83-ე მუხლის გარიგების ბათილობის ისეთ შემთხვევას ითვალისწინებს, როცა მცდარი ინფორმაციის წყარო არის არა ხელშეკრულების მხარე, არამედ მესამე პირი, თუმცა ეს გარემოება გარიგების ბათილობას იწვევს იმ შემთხვევაში, როცა გარიგების მონაწილემ იცის ან უნდა სცოდნოდა ამის შესახებ შესაბამისი გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისას უნდა დადგინდეს ორი ფაქტობრივი გარემოება: მოტყუება მომდინარეობს თუ არა მესამე პირის მხრიდან; მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ იცის თუ არა გარიგების იმ მხარემ, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან, ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას მოტყუების შესახებ.
მოპასუხეს მისი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ნათესავის მოთხოვნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების ერთერთი სახეა, თუმცა მისი მტკიცებითი მნიშვნელობა და სარწმუნობა დამოუკიდებულია დასადგენი გარემოების შინაარსზე. მოპასუხის მიუთითებს მის მოტყუებაზე, შეცდომაში შეყვანაზე, რის გამოც მხოლოდ ახსნა-განმარტებით ამ გარემოების დადასტურება შესაძლებელი არ არის და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ამ ფაქტის მტკიცებას საფუძვლად ვერ დაედება.
სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისათვის მეორე აუცილებელი ელემენტია, მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ იმ პირის ინფორმირებულობა, რომელიც გარიგებიდან იღებს სარგებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგებიდან სარგებლის მიღებაში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სარგებლის მიღება, და არა მხოლოდ მატერიალური, ქონებრივი სარგებლის მიღება. ამდენად, სარგებლის მიმღებ მხარედ მიიჩნევა ის პირი, რომელსაც გარიგების საფუძველზე უფლებები და მოთხოვნები წარმოეშვა. სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის მიმღებ სუბიექტად შეიძლება მიჩნეული იქნას გამსესხებელი, რადგან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მას წარმოეშვება სესხის და სესხის სარგებლის მიღების მოთხოვნის უფლება. სადაო ხელშეკრულებაში გამსესხებელია შპს „ე---------------ი“. შესაბამისად, მოტყუების დადგენისათვის მნიშვნელოვანია ასევე იმის დადგენა, რომ მესამე პირის განზრახვის შესახებ იცოდა ასევე გამსესხებელმა. მოპასუხეს ასეთი გარემოების შესახებ არ მიუთითებია. მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთი ფაქტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შპს „ე---------------ი“ ინფორმირებული იყო მოტყუების შესახებ ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა სცოდნოდა მესამე პირის არამართლზომიერი ქმედებების შესახებ.
ამდენად, მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც რადგან იგი მოტყუებით დადებული არ არის. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 3300 ლარი სარგებლის დარიცხვით - წლიური 63,6%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის დაბრუნების გრაფიკი მოპასუხემ არ დაიცვა, არცერთი თვის შენატანი მას არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-26. ტომი 1)
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 29. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (25.10.2018 სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 276-ე მუხლი, 316-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით (2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
სადაო სესხის ხელშეკრულებაზე ვრცელდება ამ ნორმის 1-2-ე და მე-5-6-ე ნაწილები, რადგან მე-3 და მე-4 ნაწილები შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებებს. სადაო სესხის ხელშეკრულება იპოთეკით უზრუნველყოფილი არ არის.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და შეადგენს წლიურ 63,60%-ს. ამდენად, მსესხებელს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. ხელშეკრულებით პირგასამტეხლო დადგენილია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ერთდროულად სესხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა.
მოპასუხე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტს და პირგასამტეხლოს არ ეთანხმება და მათ მაღალ ოდენობაზე მიუთითებს. სესხის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებულია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა (მე-2 ნაწილი) და სესხის ყველა სახის პასუხისმგებლობის ზღვრული პროცენტი (მე-5 ნაწილი). 625-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა და იგი უნდა განისაზღვროს წლიური 100%-ის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს.
ამდენად, 625-ე მუხლის ეს ნორმები სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვაგვარი პროცენტების ზღვრულ ოდენობას აწესებს. 625-ე მუხლის მე-6 ნაწილის დადგენილია, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 13 იანვრის N2/04 ბრძანების 1-ლი მუხლის მიხედვით, 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი საკომისიო და ნებისმიერი ფინანსური ხარჯი მოიცავს მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ყველა იმ ფინანსურ ხარჯს, რაც არ არის გათვალისწინებული ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული „ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ წესის“ შესაბამისად; 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია მოიცავს გამსესხებლის მიერ მსესხებელზე დაკისრებულ ნებისმიერი სახის პირგასამტეხლოს/სანქციას, რომელიც არ არის სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიო.
ამავე ბრძანებით დამტკიცებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ წესი, რომლის 1-ლი მუხლის „კ“ პუნქტში სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განმარტებულია, როგორც სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.
ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:
ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები;
ბ) მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები;
გ) გამსესხებლის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი;
დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი;
ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი;
ვ) სანოტარო ხარჯი;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
თ) გადასახდელი, რომელსაც მსესხებელი უხდის მესამე პირს სესხით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;
ი) სხვა პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და/ან სასესხო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ, მაგრამ ფაქტობრივ ვალდებულებას;
კ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ გამსესხებელმა შეიტყო სასესხო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.
ამდენად, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში არ შედის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცენტი შეეხება სესხის საპროცენტო სარგებელს და იგი არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი თანხის ყოველწლიურ 100%-ს.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შეეხება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველგვარი საპროცესო განაკვეთის საერთო ჯამურ ზღვრულ ოდენობას და იგი არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 150%-ს.
მხარეებს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში სესხის სარგებელი განსაზღვრულია პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო პირგასამტეხლო დადგენილია ფიქსირებული თანხით. კერძოდ, სესხის დაბრუნების 30 კალენდარულ დღეზე მეტი გადაცილებისათვის შეადგენს ყოველდღიურად 6 ლარს, რაც არის სესხის ძირითადი თანხის 3300 ლარის 0.18% ყოველდღიურად. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის სესხის ძირითადი თანხის წლიური 64.8%. ხელშეკრულებით სესხის წლიური სარგებელია 63.6%. შესაბამისად, სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამურად არის 128.4%, ამდენად, სესხის ხელშეკრულებაში ყველა სახის ფინანსური სარგებლის ჯამი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. სადაო სესხის ხელშეკრულებაში სესხის ძირითადი თანხაა 3300 ლარი, რომლის წლიური 150%-ის თანხაა 4950 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სარგებლის დავალიანება 3171.52 ლარი და პირგასამტეხლო 1100 ლარი, სულ 4271.52 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მოპასუხეს წარმოეშვა სესხის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილზე. მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი თვის შენატანი არ გადაიხადა, არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება.
სესხი სარგებლიანია, რის გამოც სესხად აღებული თანხის გარდა მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სარგებელი. სესხის ხელშეკრულება დადებულია 36 თვით, ხოლო მოპასუხეს არ გადაუხდია 18 თვის და 4 დღის სარგებელი (თვეში გადასახდელი სარგებელია 174.9 ლარი).
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო.
სესხის ხელშეკრულების 3,5 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს რომელიმე საკრედიტო შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის დაბრუნების ვალდებულება, აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოსა ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა. ამასთანავე, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.
გამსესხებელი მოითხოვს ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასული პერიოდში გადაუხდელი სარგებლის – სესხის ძირითადი თანხის 5.3%-ის დაკისრებას ყოველთვიურად ჯამში 18 თვის და 4 დღის განმავლობაში. ამდენად, შესასრულებელი სასესხო ვალდებულებაა ძირითადი თანხა 3300 ლარი და სარგებელია 3171,52 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია, რის გამოც მას უნდა დაეკისროს სესხის გადაუხდელი ნაწილის დაბრუნება.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარს. ამდენად, პირგასამტეხლო გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ერთდროულად როგორც სესხის დაბრუნება, ისე პირგასამტეხლოს დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმით კანონი სახელშეკრულებო თავისფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, რადგან პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება აქვს სასამართლოს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების გამომდინარე შეიძლება შემცირდეს არა მაღალი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს საფუძვლებს არ ითვალისწინებს და ეს თითოუელი სადაო ურთიერთობის საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ნიშნავს ისეთი თანხის პირგასამტეხლოს, როცა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან არსებითად არაპროპორციულია კრედიტორის მიერ მოთხოვნილი სანქცია.
ამ ნორმის მიზანია მოვალე დაიცვას გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან და ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგაც დაცული იყო მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპი, მოვალეს დაეკისროს ვალდებულების დარღვევის პროპორციული სანქცია. ამავე დროს პირგასამტეხლოს შეფასების დროს უგულებელყოფილი ვერ იქნება კრედიტორის ინტერესი, რადგან მის მიმართ ვალდებულება არ შესრულდა და მას უფლება აქვს აინაზღაუროს განცდილი დანაკარგი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
ამდენად, გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს პროცენტი, ზიანის ოდენობა, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების დარღვევის არსი, ნაწილობრივ შესრულდა ვალდებულება თუ სრულად შეუსრულებელია. პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან და ა.შ.
მოპასუხეს სესხის თანხა საერთოდ არ დაუბრუნებია, გადასახდელი სესხის ძირითადი თანხაა 3300 ლარი, ხოლო გადაუხდელი სარგებელია 3171,52 ლარი, საერთო ჯამში - 6471,52 ლარი. ვალდებულება შეუსრულებელია ერთი წლისა და 7 თვეზე მეტი ვადის განმავლობაში. შესაბამისად, მსესხებელმა ვალდებულება უხეშად დაარღვია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების საერთო ოდენობის გათვალისწინებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1100 ლარის ოდენობით არის გონივრული თანხა, რადგან ამ ოდენობით თანხის დაკისრებით მოვალეს ეკისრება ისეთი სანქცია, რაც ვალდებულების დარღვევის არსის და ვადის ხანგრძლივი გადაცილებით გამოწვეული ვალდებულების უხეში დარღვევის შესაბამისი ფულადი სანქციაა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს "ე---------------ის სარჩელი;
2. შ--–-- ს---–------–---–ს დაეკისროს შპს "ე---------------ისათვის 7571,52 ლარის გადახდა;
3. შ--–-- ს---–------–---–ს დაეკისროს შპს „ე---------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 227.14 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი