გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ე-–-------------–----ა
წარმომადგენლები - ბ---------–---–ი, ნ---------ა
მოპასუხე - ქ--------------ე
წარმომადგენელი - მ---–-----------–---ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ქ--------------ეს დაეკისროს სესხის თანხის 1500 აშშ დოლარის ე-–-------------–----ას სასარგებლოდ გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე-–-------------–----ამ 2018 წლის 22 მაისს მოპასუხე ქ--------------ეს ასესხა 1500 აშშ დოლარი, რაზეც მათ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა პროცენტისა და პირგასამტეხლოს გარეშე, 7 დღით და უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 29 მაისს. ქ--------------ემ თანხა არ დააბრუნა და მისი განცხადებით, ვალდებულების შესრულებას არ აპირებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩლი არა ცნო, მიუთითა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობა. მოპასუხეს სურდა ესთეთიკური ცენტრის შპს „ბ---------“-ს წილის შესყიდვა, რომლის შეძენაც თავად მოსარჩელემ ურჩია. მხარეთა შეთანხმებით, ელ----------------- შეიძენდა 30%-ს, 1500 აშშ დოლარად, თანხა წინასწარვე გადასცა მოპასუხეს, რაზეც გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ხოლო წილის ნასყიდობის შემდგომ, 30% დარეგისტრირდებოდა მოსარჩელის სახელზე და 70% - მოპასუხის სახელზე. მოპასუხემ შეიძინა შპს „ბ---------ს“ 100%-იანი წილი, რაც დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, ხოლო 2018 წლის 1 ივნისს, შეთანხმებისამებრ ე-–-------------–----ასა და ქ--------------ეს შორის გაფორმდა ბიზნეს-პარტნიორობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქ--------------ე შპს „ბ---------“-ს წმინდა მოგებიდან 30%-ს გადაუხდის ე-–-------------–----ას.
2018 წლის 13 ივნისს შპს „ბ---------“ დაჯარიმდა 5000 ლარით, რომლის 30% ბიზნეს-პარტნიორობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა გადაეხადა ე-–-------------–----ას, რაზეც უარი განაცხადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე ქ--------------ე ადასტურებს, რომ ე-–-------------–----ასგან 2018 წლის 22 მაისს მიიღო 1500 აშშ დოლარი. თანხის გადაცემა მხარეებმა დაადასტურეს სესხის ხელშეკრულების გაფორმებით, რომლის თანახმად, თანხის გადაცემა მოხდა პროცენტსა და პირგასამტეხლოზე შეთანხმების გარეშე და დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 29 მაისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტება;
- 22.05.2018 წლის სესხის ხელშეკრულება.
3.1.2. 1500 აშშ დოლარი ქ--------------ეს მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.1.3. შპს „ბ---------“-ს 100%-იანი წილის პარტნიორს ი---------–--ესა და მოპასუხე ქ--------------ეს შორის 2018 წლის 23 მაისს დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ--------------ე გახდა საწარმოს 100% წილის მფლობელი. მოპასუხე გახდა შპს „ბ---------“-ს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების ხელშეკრულება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
-
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ე-–-------------–----ა იყო არა გამსესხებელი, არამედ შპს „ბ---------“-ს 30% წილის მფლობელი პარტნიორი და 1500 აშშ დოლარი წარმოადგენდა წილის ღირებულებას. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება შპს „ბ---------“-ს და ე-–-------------–----ას შორის 2018 წლის 1 ივნისს ბიზნეს-პარტნიორობის სახელწოდებით დადებული ხელშეკრულება და ვერც 03.06.2018 წელს მათ შორის დადებული შეთანხმება.
ხელშეკრულებაში საუბარია, რომ შპს „ბ---------“-ს სახელზე შემოსავლების სამსახურში ყოველთვიურად წარდგენილი მოგების დეკლარაციის მონაცემებზე დაყრდნობით შპს წმინდა მოგებიდან 30%-ს გადაუხდის ე-–-------------–----ას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს: სხვა პირობებთან ერთად დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია - მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ; ე) საწარმოს მმართველობის ორგანოს, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში - მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილოების შესახებ. შპს-ს და კს-ს პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს.
ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)).
ხოლო მე-51 მუხლის 51 პუნქტის თანახმად, შპს-ს და კს-ს პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
დადგენილია, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ბ---------“-ს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია მოპასუხე ქ--------------ე, ხოლო მხარეთა შორის ბიზნეს-პარტნიორული შეთანხმების არსებობის მიუხედავად ე-–-------------–----ა შპს -ს პარტნიორად არ დარეგისტრირებულა. ამდენად, 2018 წლის 1 ივნისის შეთანხმება ვერცერთი მხარისთვის ვერ წარმოშობს მისით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის საფუძველსაც საქმეში არსებული სესხის ხელშეკრულება და მხარეთა ახსნა-განმარტება იძლევა.
მოპასუხე არ უარყოფს 2018 წლის 22 მაისს ე-–-------------–----ასგან 1500 აშშ დოლარის მიღების ფაქტს, ამასთან სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა საწარმოში 30% წილის საფასურს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ისესხა თანხა, რომლის დაბრუნებაც ვადაში ვერ შეძლო. აღნიშნულის შემდგომ მხარეებს შორის გაფორმდა ბიზნეს-პარტნიორობის შესახებ ბათილი გარიგება, რომლის ფარგლებში საწარმოს წმინდა მოგებიდან 30%-წილის პროპორციულად, 12 თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო 1500 აშშ დოლარის გასტუმრება. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შინაარსის გარიგების დადებით მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობას, როდესაც სესხის თანხის დაბრუნების ნაცვლად კრედიტორი შესრულებად იღებს სხვა შესრულებას (საწარმოდან წილის პროპორციულად თანხის გასტუმრება).
მხარეებს შორის სადავო არაა, 1500 აშშ დოლარი ქ--------------ეს მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია, არც სესხის სახით და არც საწარმოს მოგებიდან.
ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ქ--------------ემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. საქმეზე დადგინდა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულების არსებობა.
5.1.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება - დააბრუნოს სესხის საგანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება ფორმათავისუფალი გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე, მხარეთა სურვილის შემთხვევაში, წერილობით. წერილობითი ფორმის უპირატესობა ზეპირთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ წერილობითი ხელშეკრულება წარმოადგენს უდავო მტკიცებულებას. ამავე მუხლის მიხედვით, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა შპს „ბ---------“-ს პარტნიორს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ე-–-------------–----ამ თანხა საწარმოში შეიტანა პარტნიორული ურთიერთობის დაწყების გამო. ამავდროულად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობა, რომლის თანახმად, მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 1500 აშშ დოლარი. სადავო არაა, რომ თანხა ქ--------------ეს მოსარჩელისთვის დაბრუნებული არ აქვს. აღნიშნული გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 114 ლარს, საიდანაც მოსარჩელეს გადახდილი აქვს 113 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ქ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 113 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 150 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის საკითხს, ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მისი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–-------------–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ქ--------------ეს ე-–-------------–----ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1500 აშშ დოლარის გადახდა.
3. ქ--------------ეს ე-–-------------–----ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 113 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. ქ--------------ეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 1 (ერთი) ლარის გადახდა.
5. ქ--------------ეს ე-–-------------–----ას სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 150 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე