გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210018002770502
# 2/461-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.02.2019წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
შეგებებული სარჩელის ავტორი: კ---- ბ---------ე
წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი
მოპასუხე: მ-------- კ------ე
წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მ-------- კ------ემ (პ.№3----------) ქონების გაყოფის მოთხოვნით და მოპასუხედ დაასახელა კ---- ბ---------ე (პ.№3----------). ამავე საქმეზე კ---- ბ---------ის მიერ შემოტანილი იქნა შეგებებული სარჩელი მ-------- კ------ის მიმართ, განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
მოცემულ საქმეზე დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე 2019 წლის 01 თებერვალს მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც მხარეები მორიგდნენ ქონების გაყოფის და განქორწინების ნაწილში, შესაბამისად 2/461-18 სამოქალაქო საქმეზე - მ-------- კ------ის (პ.№3----------) სარჩელისა გამო, მოპასუხე - კ---- ბ---------ის (პ.№3----------) მიმართ, ქონების გაყოფის თაობაზე, და კ---- ბ---------ის შეგებებული სარჩელისა გამო, მ-------- კ------ის მიმართ, განქორწინების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება ქონების გაყოფის და განქორწინების მოთხოვნის ნაწილში მხარეთა მორიგების გამო. ხოლო ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში შეგებებულ სარჩელზე გაგრძელდა საქმის განხილვა.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ 2006 წლის 03 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე - მ-------- კ------ესთან, მასთან ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ი-----–- ბ---------ე (დაბ. 15.10.2000 წელს) და მ-–---- ბ---------ე (დაბ. 07.11.2006 წელს). კ---- ბ---------ის განმარტებით მ-------- კ------ე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ხოლო დაბრუნების შემდეგ მან აღარ ისურვა ოჯახთან ცხოვრება, დატოვა ოჯახი და ამჟამად ცხოვრობს ქ. ჭიათურაში, ისე რომ შვილებთან ურთიერთობა არ აქვს და არც ყურადღებას იჩენს მათ მიმართ.
შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს მოპასუხე - მ-------- კ------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - ი-----–- ბ---------ის (დაბ. 15.10.2001 წელს) და მ-–---- ბ---------ის (დაბ. 07.11.2006 წელს) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის ოდენობით, ჯამში 300 ლარი, სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მ-------- კ------ის მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე, რომლითაც ის არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების ნაწილში და უთითებს, რომ მას არ მიუტოვებია თავის შვილები, არამედ იგი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუშაოდ და საჭირო თანხებს უგზავნიდა შვილებს.
მ-------- კ------ე ასევე მიუთითებს, რომ ის იძულებული გახდა დაეტოვებია ოჯახი, ასევე აიძულა მოსარჩელემ ბავშვები უარი ეთქვათ დედასთან ცხოვრებაზე.
იგი მზადყოფნას გამოთქვამს თავისი შვილების აღზრდასა და პატრონობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ მცდელობა მორიგებისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ვერ შეთანხმდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1. დადგენილია, რომ კ---- ბ---------ეს (პ.№3----------) და მოპასუხე მ-------- კ------ეს (პ.№3----------) ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2001 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ი-----–- ბ---------ე (პ.ნ.38001049597) და მ-–---- ბ---------ე (პ.ნ.38301052033) დაბადებული 2006 წლის 07 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შეგებებული სარჩელი (ს.ფ.42-54)
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 57-58);
3.2.2. დადგენილია, რომ მ-------- კ------ე და კ---- ბ---------ე ერთად აღარ ცხოვრობენ, სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მათ შორის მიღწეული მორიგება ქონების გაყოფისა და განქორწინების ნაწილში. ასევე დადგენილია, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების შემდეგ არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩნენ მამასთან კ---- ბ---------ესთან, რომელიც ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დარყაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მორიგების აქტი (ს.ფ. 86)
3.2.3. დადგენილია, რომ ამჟამად მ-------- კ------ე ცხოვრობს ქალაქ ჭიათურაში, გიორგაძის ქ. N9-ში, იგი დასაქმებული არ არის, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ 2019 წლის მდგომარეობით მოქალაქე მ-------- კ------ის (პ.ნ.3----------) მიერ 2018-2019 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს. მ-------- კ------ე ჯანმრთელია და ხანდახან მუშაობს სხვადასხვა სამუშაოებზე. გარკვეული ხანი საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა და თავისივე განმარტებით იქ მიღებული შემოსავლით შეიძინა ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- შემოსავლების სამსახურის ცნობა (ს.ფ.84)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მ-------- კ------ეს (პ.ნ. 3----------) სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების ი-----–- ბ---------ის (პ.ნ.38001049597 დაბ:15.10.2001 წ) და მ-–---- ბ---------ის (პ.ნ.38301052033; დაბ: 17.11.2006 წ.) სარჩენად კ---- ბ---------ის (პ.ნ. 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის, ჯამში 170(ასსამოცდაათი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1212-ე , 1213-ე, 1214-ე ,1122-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის1106 მუხლის შესაბამისად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება, რომელიც შეწყდა სასამართლო სხდომაზე მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცებით.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
6.5.გარდა ამისა „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
6.6.კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, ბავშვები ცხოვრობენ მამასთან. მოცემულ შემთხვევაში დედა არ მუშაობს სტაბილურად, მაგრამ არის ჯანმრთელი. გარკვეული შემოსავალი ჰქონდა წარსულში, აღნიშნულიდან გამომდინარე ალიმენტის მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო რაც შეეხება ალიმენტის ოდენობას უნდა განისაზღვროს 85 ლარით თითოეულ ბავშვზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს , რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მეტი მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.8. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გონივრული შეფასების ფარგლებში და მ-------- კ------ეს უნდა დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა - აღზრდისათვის ალიმენტი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. .სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. N2/461-2018 წ. საქმეზე არსებული კ---- ბ---------ის შეგებებული სარჩელი მ-------- კ------ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და
მ-------- კ------ეს (პ.ნ. 3----------) სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების ი-----–- ბ---------ის (პ.ნ.38001049597 დაბ:15.10.2001 წ) და მ-–---- ბ---------ის (პ.ნ.38301052033; დაბ: 17.11.2006 წ.) სარჩენად კ---- ბ---------ის (პ.ნ. 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულ ბავშვზე თვეში 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის, ჯამში 170(ასსამოცდაათი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.
2. მ-------- კ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 61 ლარისა და და 20 თეთრის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი