გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.12.2018
საქმის ნომერი
330310018002689937
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6--9-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ლ-------–-----–ია

წარმომადგენელი - რ---–-----–---ია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–-ძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელე ლ-------–-----–იას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ო--------------- ძე შ-----–ია სოხუმის გაერთიანებულ ავიარაზმში მუშაობდა 1974 წლიდან. ქართულ-აფხაზური ომის დროს მუშაობდა სოხუმის სამხედრო ავიაგარნიზონში ტ-------------------------------------------დ. 1993 წლის 21 სექტემბერს ო--------------- ძე შ-----–ია ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. თვითმფრინავი ტ------------- აფხაზი სეპარატისტების მიერ იქნა აფეთქებული, რის შედეგადაც ჩავარდა ზღვაში და ჩაიძირა სოხუმის აეროპორტის აკვატორიაში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს.ფ. 84);

- 1998 წლის 10 ივლისის საბრძოლო მოკვლევა (იხ.ს.ფ. 83).

 

3.2. მოსარჩელე - ლ-------–-----–ია, მისი შვილი - ნ-----------ა და შვილიშვილი - მ----------------ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მითითებული მოწმობების თანახმად, ლ-------–-----–ია, მისი შვილი - ნ-----------ა და შვილიშვილი - მ----------------ა დევნილად რეგისტრირებულნი არიან მისამართზე: ქ. ხ---------------------------1, შპს ,,შ----------–-----------–-“.

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის (სარეგისტრაციო N---------) მიხედვით, ლ-------–-----–იას უფიქსირდება მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, გულრიფში, ს. ბ----–---ა, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხ-------------ს ქ. N1. ობიექტის დასახელება - შპს ,,შ-----------–-----------–ი).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები (იხ.ს.ფ. 90);

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა (იხ.ს.ფ. 45).

 

3.3. 2014 წლის 21 თებერვალს, ლ-------–-----–იამ N---- განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: შვილი - ნ-----------ა, სიძე - ლ--------------ა, შვილიშვილი - მ----------------ა და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.

2014 წლის 5 მარტის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ლ-------–-----–ია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ქ. ხობი, ს-----------. სარეიტინგო ქულა - 538-- (ქულის მინიჭების თარიღი 25.10.2013 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 25.09.2013 წელი).

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ლ-------–-----–იამ შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ლ-------–-----–იას ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქ. ხობი, ს-----------------, შპს ,,–----------–-----“, განსახლების ქალაქად ირჩევს ფოთს. მისი ოჯახის წევრები არიან: შვილი - ნ-----------ა (დაოჯახებული, დევნილი), სიძე - ლ--------------ა (დაოჯახებული, არადევნილი), არასრულწლოვანი შვილიშვილი - მ----------------ა (დევნილი). ლ-------–-----–იას ძმა დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. ლ-------–-----–ია პენსიონერია, ნ-----------ა - დიასახლისი, ლ--------------ა - დაქირავებით მომუშავე. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი, უძრავი ქონება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი 2-- ლარია, ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალია 6-- ლარი. მათი ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მათი სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი კოლექტიური განთავსების ცენტრია, სადაც 3 წელზე მეტია ცხოვრობენ. ბოლო 5 წლის მანძილზე საცხოვრებელი არ შეუცვლიათ. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ოჯახის საცხოვრებელი ნგრევადია, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, შემოწმდა ლ-------–-----–იას ოჯახი. ლ-------–-----–იას ოჯახის შემოსავალი შეადგენს 300 ლარს, თავად განმცხადებელი, მისი შვილი და შვილიშვილი ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებაში. ლ-------–-----–ია ქვრივია. ძმა ო----- შ-----–ია დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ოჯახის სარეიტინგო ქულა 533-- ერთეულია. დაზუსტების ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ ოჯახი ცხოვრობს კომპაქტურ ჩასახლებაში, 3 ოთახი - 70მ2, ტუალეტი და აბაზანა არის ეზოში. ლ-------–-----–იას ჰყავს არადევნილი სიძე, რომელიც ცხოვრობს აბაშის რაიონის სოფელ ნ------ში, აქვს კერძო სახლ-კარი. ადგილზე არ დახვდათ შვილი - ნ-----------ა და შვილიშვილი - მ----------------ა, რომლებიც განმცხადებლის საოჯახო ნომრით არიან რეგისტრირებულნი. საცხოვრებელში სახურავიდან ჩამოდის წყალი, ოთახის კედლები გაფუჭებულია, ფანჯრები დამპალია და საჭიროებს შეცვლას. დარიცხული ქულა საეჭვოა ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე, რადგან არ არსებობს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი. ო----- შ-----–ია არის ლ-------–-----–იას ძმა და არა ოჯახის წევრი. საოჯახო ნომერზეა ვინმე ნ-----–-----------, რომელიც ამჟამად ცხოვრობს რუსეთში და შეჩერებული აქვს დევნილის სტატუსი. ნ-----–----------- არის ლ-------–-----–იას ბიძაშვილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ლ-------–-----–იას 2014 წლის 21 თებერვლის N---- განცხადება (იხ.ს.ფ. 56-57);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 91);

- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (იხ.ს.ფ. 58-69);

- 2014 წლის 25 ივნისის მონიტორინგის ფორმა (იხ.ს.ფ. 76-82).

 

3.4. შპს ,,შ----------–-----------–-ს“ დირექტორმა 2016 წლის 8 ნოემბერს N------ წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და განმარტა, რომ ქ. ხობში, შპს ,,შ----------–-----------–-ს“ ბალანსზე არსებულ შენობაში 22 წელია ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები. მათგან რამდენიმე ოჯახი დაკმაყოფილდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. ამჟამად შენობაში ცხოვრობს სამი ოჯახი. მინისტრს წერილში განემარტა, რომ ოჯახები საცხოვრებლად არამიზანშეწონილ გარემოში იმყოფებიან, ამასთან ორგანიზაციის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს აღნიშნული შენობის საწარმოს საჭიროებისათვის დანიშნულებისამებრ გამოყენება, რაც მითითებული მიზეზის გამო ვერ ხერხდება. ამდენად, წერილის ავტორმა, მინისტრს მიმართა თხოვნით, რომ ოჯახებისა და საწარმოს პრობლემებიდან გამომდინარე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, შპს ,,შ----------–-----------–-ს“ საოფისე შენობაში მცხოვრები ოჯახები (3 ოჯახი, 6 ადამიანი) დაეკმაყოფილებინათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს ,,შ----------–-----------–-ს“ 2016 წლის 8 ნოემბერის N------ წერილი (იხ.ს.ფ. 87).

 

3.5. ლ-------–-----–იამ 2017 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და განმარტა, რომ იგი ოჯახთან ერთად (სამი პირის შემადგენლობით, თვითონ, შვილი და შვილიშვილი) ცხოვრობს ავარიულ სახლში. შესაბამისად, მოითხოვა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ზუგდიდში, ბ-------- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

2017 წლის 13 თებერვლის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ლ-------–-----–ია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ქ. ხობი, ს-----------. სარეიტინგო ქულა - 13620 (ქულის მინიჭების თარიღი 29.07.2015 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 29.06.2015 წელი).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ლ-------–-----–იას 2017 წლის 13 თებერვლის განცხადება (იხ.ს.ფ. 89);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 93).

 

3.6. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ-------–-----–იას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 11 ქულით. კერძოდ: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2 ქულა; დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას - 3 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა; ომში დაღუპული წევრი - ო----- შ-----–ია გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში - 3 ქულა.

 

ფორმაში აღნიშნულია, რომ ლ-------–-----–იას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, შვილიშვილი და ერთი გაურკვეველი პირი, განაცხადს აკეთებს შვილთან და შვილიშვილთან ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოღებულია სიძე - ლ--------------ა. ლ--------------ას აქვს თანასაკუთრება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო, 1400 კვ.მ.)მიწის ნაკვეთი, მისამართი აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ--------

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, შემოწმდა ლ-------–-----–იას საცხოვრებელი პირობები მისამართზე, აბაშის რაიონი, სოფელი ნ--------

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ ლ-------–-----–ია ერთი დღეა რაც იმყოფება მონიტორინგის მისამართზე (აბაშის რაიონი, სოფელი ნ-------), მისი განმარტებით ცხოვრობს ხობში, თ. ს------------ში (შპს ,,შ---------–-----------–ი“) 1993 წლიდან. მისი შვილი და შვილიშვილი 2 წელია მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობენ. დასკვნაში მითითებულია, რომ სამ სულიანი ოჯახის შემოსავალი არის 430 ლარი (ლ-------–-----–ია: სოციალური შემწეობა - 60 ლარი, ასაკობრივი - პენსია 180 ლარი, ნ-----------ა: დევნილის დახმარება - 45 ლარი, მ----------------ა: დევნილის დახმარება - 45 ლარი). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში განმცხადებელი ფიქსირდება 13620 ქულით. ლ-------–-----–ია არის ასაკით პენსიონერი, რომელსაც ომში დაეღუპა ძმა. განცხადებას ერთვის გამოსახლების წერილი განმცხადებლის მიერ დაკავებულ ფართზე ქალაქ ხობში. მონიტორინგის მისამართზე არსებული სახლი ეკუთვნის განმცხადებლის შვილის მამამთილს (აბაშის რაიონი, სოფელი ნ-------). ლ--------------ამ არ მისცა უფლება დაესურათებინათ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ივნისს განხილულ იქნა ლ-------–-----–იას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (05.06.2018წ., ოქმი N--) ლ-------–-----–იას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, დაოჯახებულ შვილთან ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--) ქ. ზუგდიდში, ბ-------- ქ--------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვას ლ-------–-----–იას ოჯახს, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 20 მარტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა (იხ.ს.ფ. 54-55);

- 2018 წლის 23 მარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (იხ.ს.ფ. 70-75);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 46-51);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 8).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-------–-----–იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ-------–-----–ია, მისი შვილი - ნ-----------ა და შვილიშვილი - მ----------------ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე უფიქსირდებათ აფხაზეთი, გულრიფში, ს. ბ----–---ა, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხ-------------ს ქ. N1. ობიექტის დასახელება - შპს ,,შ----------–-----------–-“).

 

შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს ლ-------–-----–იამ განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს და განმარტა, რომ იგი ოჯახთან ერთად (სამი პირის შემადგენლობით, თვითონ, შვილი - ნ-----------ა და შვილიშვილი - მ----------------ა) ცხოვრობს ავარიულ სახლში. შესაბამისად, ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ-------–-----–იას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 11 ქულით. კერძოდ: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2 ქულა; დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას - 3 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა; ომში დაღუპული წევრი - ო----- შ-----–ია გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში - 3 ქულა.

 

ფორმაში აღნიშნულია, რომ ლ-------–-----–იას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, შვილიშვილი და ერთი გაურკვეველი პირი, განაცხადს აკეთებს შვილთან და შვილიშვილთან ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოღებულია სიძე - ლ--------------ა. ლ--------------ას აქვს თანასაკუთრება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო, 1400 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი, მისამართი აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ--------

 

ამასთან, დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა აბაშაში, სოფელ ნ-------ში. მონიტორინგის შედეგით დადგინდა, რომ ლ-------–-----–ია ერთი დღეა იმყოფება მონიტორინგის მისამართზე (აბაშის რაიონი, სოფელი ნ-------), მისი განმარტებით ცხოვრობს ხობში, თ. ს------------ში (შპს ,,შ---------–-----------–ი“) 1993 წლიდან. მისი შვილი და შვილიშვილი 2 წელია მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობენ. დასკვნაში მითითებულია, რომ სამ სულიანი ოჯახის შემოსავალი არის 430 ლარი (ლ-------–-----–ია: სოციალური შემწეობა - 60 ლარი, ასაკობრივი პენსია - 180 ლარი, ნ-----------ა: დევნილის დახმარება - 45 ლარი, მ----------------ა: დევნილის დახმარება - 45 ლარი). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში განმცხადებელი ფიქსირდება 13620 ქულით. ლ-------–-----–ია არის ასაკით პენსიონერი, რომელსაც ომში დაეღუპა ძმა. განცხადებას ერთვის გამოსახლების წერილი განმცხადებლის მიერ დაკავებულ ფართზე ქალაქ ხობში. მონიტორინგის მისამართზე არსებული სახლი ეკუთვნის განმცხადებლის შვილის მამამთილს (აბაშის რაიონი, სოფელი ნ-------).

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ივნისს განხილულ იქნა ლ-------–-----–იას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (05.06.2018წ., ოქმი N--) ლ-------–-----–იას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, დაოჯახებულ შვილთან ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--) ქ. ზუგდიდში, ბ-------- ქ--------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვას ლ-------–-----–იას ოჯახს, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია). ამავე დანართის ,,გ“ ქვეპუნქტით დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას. „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა. ასევე, ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთ-ერთი კომპონენტია ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ლ-------–-----–იას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი - ნ-----------ა და შვილიშვილი - მ----------------ა, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. ლ-------–-----–იას ძმა ო----- შ-----–ია დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ლ-------–-----–ია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ის ასაკით პენსიონერია. მის საცხოვრებელში სახურავიდან ჩამოდის წყალი, ოთახის კედლები და ფანჯრები დაზიანებულია, ფანჯრები საჭიროებს შეცვლას. მიღებულია წერილი განმცხადებლის მიერ დაკავებული ფართიდან (ქ. ხობი) გამოსახლების შესახებ. ამდენად, საქმეში არსებული დოკუმენტაცია ცალსახად ადასტურებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის აუცილებლობას ლ-------–-----–იას ოჯახთან მიმართებით. ამდენად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ, იმ მოტივით, რომ ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება საკითხი განეხილა განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანება ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ლ-------–-----–იას ოჯახი უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-------–-----–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 სექტემბრის N--------- ბრძანება;

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ-------–-----–იას ოჯახი უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე