განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100119002794301
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------ ნ-----–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- ო------- ძე კ-------ე, - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პასპორტის #---------, დაბადებული 1--- წლის 2----------, მცხოვრები: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩ----------------------------–------–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

ადვოკატები - ს---–--- კ-------, გ--- ს------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.დ----- კ-------ე მეუღლეს ნ---- ქ------–---–ს, წლების განმავლობაში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უშლიდა გარეთ გასვლას და ხალხთან კონტაქტს, ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული მუდმივად განიცდიდა მორალურ ტანჯვას. 2018 წლის 30 ნოემბერს, თ---–--–-- ს------------ ქუჩა #-- კორპუსის სადარბაზოსთან დ----- კ-------ემ მეუღლეს ნ---- ქ------–---–ს, არასრულწლოვანი შვილის ბ-------ე კ-------ის თვალწინ, გაშლილი ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც ნ---- ქ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე სადარბაზოში მოქაჩა თმაზე, რა დროსაც ნ---- ქ------–---–მა მარცხენა მუხლი მიარტყა სადარბაზოს კედელს, რაც ასევე ძალიან ეტკინა.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა დ----- კ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ---- ქ------–---–ის და მოწმეების ბ-------ე კ-------ის, დ----- თ----------ს, ი-----–- ნ-------–---–ის, ნ----- ი----ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დათვალერების ოქმს და თანდართულ დოკუმენტაციას, დ----- კ-------ის მიერ ნ---- ქ------–---–ისთვის გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, პაციენტის სამედიცინო ბარათს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ----- კ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

ოჯახში ძალადობა

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4. დაზარალებულ ნ---- ქ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2010 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ამერიკის მოქალაქე დ----- კ-------ესთან. ჰყავთ ერთი შვილი ბ-------ე კ-------ე. მეუღლეები, შვილთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. თანაცხოვრების პერიოდში, დ----- კ-------ე ნ---- ქ------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, მუშაობის დაწყებას, მეგობრებთან კონტაქტს, მეუღლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ნ---- ქ------–---–ი სამყაროსგან სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა, რასაც ძალიან განიცდიდა და ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა. ჩაკეტილობის გამო ბავშვსაც დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები. ყოველივე აღნიშნულის გამო ნ---- ქ------–---–მა 2018 წელს გადაწყვიტა შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო დ----- კ-------ე. მეუღლის დედის დახმარებით, 2018 წლის 21 ივნისს ნ---- ქ------–---–ი შვილთან ერთად ჩამოვიდა თბილისში და დაიწყო მუშაობა. დ----- კ-------ე ამერიკიდან სისტემატურად უგზავნიდა SMS შეტყობინებებს. მოკლეტექსტურ შეტყობინებებში დაზარალებულს მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით, წერდა რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ცილს სწამებდა თითქოს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, ამ ყველაფერს ნ---- ქ------–---–ი ძალიან განიცდიდა, თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად და დამცირებულად, იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. 2018 წლის 27 ნომბერს, დ----- კ-------ე დაბრუნდა საქართველოში და გააგრძელა მეუღლის დამცირება.

 

2.5.დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ასევე დადგინდა, 2018 წლის 30 ნოემბერს, ტაქსით მგზავრობისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ----- კ-------ემ მეუღლეს ნ---- ქ------–---–ს ტაქსის მძღოლის და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოიხსენიებდა როგორც ,,ბოზს’’ და ,,ლესბიანკას’’. საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დ----- კ-------ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ნ---- ქ------–---–ს გაშლილი ხელი დაარტყა თავის არეში, შედეგად დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამის შემდეგ, დ----- კ-------ემ ნ---- ქ------–---–ს სადარბაზოში თმაზე მოქაჩა, რა დროსაც დაზარალებულმა მარცხენა მუხლი მიარტყა სადარბაზოს კედელს, რაც ასევე ძალიან ეტკინა. ძალადობის პროცესში დ----- კ-------ესთან მივიდა ტაქსის მძღოლი და სთხოვა შეეწყვიტა ნ---- ქ------–---–ზე ძალადობა. მსხვერპლმა დარეკა ,,112-ში’’ და შეატყობინა მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ.

 

2.6.პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს, ნ---- ქ------–---–ს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მასზე განხორციელებული ძალადობის გამო იგი უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს, შფოთვას, აფორიაქებას, მოუსვენრობას. პაციენტის გადმოცემით, მეუღლემ სცემა ქუჩაში. პაციენტს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები.

 

2.7.არასრულწლოვანი მოწმის, 6 წლის ბ-------ე კ-------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს, მისი თანდასწრებით, დ----- კ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- ქ------–---–ს. ციტატა გამოკითხვის ოქმიდან ,,როცა მანქანაში ვიყავით მამიკო ცუდად ექცეოდა დედიკოს, დედიკო მანქანიდან რომ ჩამოვიდა მამიკომ მას ჩაარტყა თავში და დედიკომ იტირა’’.

 

2.8. გამოძიებაში დაიკითხა ტაქსის მძღოლი დ----- თ---------ე, რომელიც უშუალოდ შეესწრო ძალადობის ფაქტს. მოწმის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2018 წლის 30 ნოემბერს, დ----- თ----------ს ტაქსით იმგზავრეს დ----- კ-------ემ, დაზარალებულმა ნ---- ქ------–---–მა და არასრულწლოვანმა შვილმა ბ-------ე კ-------ემ. დ----- კ-------ემ ტაქსით მგზავრობისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- ქ------–---–ს არასრულწოვანი შვილის თანდასწრებით. მისამართზე მისვლისას თავდაპირველად ტაქსიდან გადავიდა ნ---- ქ------–---–ი, მას უკან დაედევნა დ----- კ-------ე, დაეწია და ხელი დაარტყა. ძალადობას უყურებდა ბავშვი, რომელმაც თქვა ,,ეს რა დღე გამითენდაო“. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დ----- თ---------ე ჩაერთო კონფლიქტში და მოუწოდა დ----- კ-------ეს შეეწყვიტა ქალის მიმართ ძალადობა.

 

2.9. ძალადობის სურათის აღდგენის მიზნით, 2018 წლის 30 ნოემბერს დაზარალებულთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის პროცესში დაზარალებულმა მიუთითა ადგილზე, სადაც დ----- კ-------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დეტალურად ახსნა ძალადობის ხერხი და ვითარება.

 

2.10. გამოძიებაში დათვალიერდა ნ---- ქ------–---–ის კუთვნილი ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი. ტელეფონის ფოტოალბომში ნანახი იქნა დ----- კ-------ის მიერ სხვადასხვა დროს გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. SMS შეტყობინებებში დ----- კ-------ე ნ---- ქ------–---–ს მოიხსენიებდა უკიდურესად უხამსი სიტყვებით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, სხეულით მოვაჭრეს, მოღალატეს, აგინებდა, ამცირებდა.

 

2.11. საქმის არსებითი განხილვის პროცესში, ბრალდებულმა დ----- კ-------ემ სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება.

 

2.12.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა დ----- კ-------ემ 2018 წლის 30 ნოემბერს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ნ---- ქ------–---–ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დადგინდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი შვილის ბ-------ე კ-------ის თანდასწრებით.

 

2.13.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, დასჯად ქმედებად განიხილავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დგინდება, რომ დ----- კ-------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს ნ---- ქ------–---–ს, რასაც მსხვერპლი ძალიან განიცდიდა და ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა. აშკარაა რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო იმდენად დამამცირებელი, რომ მსხვერპლი იძულებული გახდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულიყო საქართველოში. თუმცა ეს არ აღმოჩნდა გამოსავალი, ბრალდებულმა მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით გააგრძელა მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება. ნათელია, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას.

 

2.14.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა დ----- კ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა დ----- კ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ----- კ-------ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მოტივი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა, ასევე დანაშაულის მასშტაბი: ერთდროულად როგორც ფიზიკური ძალადობის ჩადენა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლში დეკლარირებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სასჯელის დანიშვნის დროს (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). დასახელებული ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა, რომ მოძალადე მსხვერპლზე ძალადობდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, მოძალადე მსხვერპლს წლების განმავლობაში უწესებდა შეზღუდვებს, არ აძლევდა სახლიდან გასვლის და თვითრეალიზების უფლებას, უკრძალავდა მუშაობას და მეგობრებთან კონტაქტს, ჩაგრავდა და ამცირებდა, მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოიხსენიებდა როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. დანაშაულის მოტივმა გამოავლინა მოძალადის მიდრეკილება დაჩაგროს მასზე სუსტი ფიზიკურად და მორალურად და ამით დაიმკვიდროს თავი. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის მასშტაბზეც: ჩადენილი იქნა როგორც სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ასევე ფიზიკური ძალადობაც, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც ძალადობის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ძალადობას შეესწრო მცირეწლოვანი ბავშვი, რომელმაც ძალიან განიცადა მამის მხრიდან დედაზე ძალადობა და ტაქსის მძღოლის თანდასწრებით თქვა ,,ეს რა დღე გამითენდაო“. ძალადობის ჩადენამ არასრულწლოვნის თანდასწრებით შესაძლოა სავალალო ზემოქმედება იქონიოს მის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, დაურღვიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა.

 

5.4. რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას – დანაშაულის აღიარებას და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას, მითითებული გარემოებები შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ პირობითი მსჯავრის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების საფუძველი, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს. ძალადობის მოტივის და მასშტაბის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია დ----- კ-------ის გარკვეული პერიოდით იზოლაცია ოჯახისგან და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ვიდეო ჩანაწერი ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. დ----- კ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პასპორტი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს, ხოლო მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დ----- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 დეკემბრიდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ვიდეო ჩანაწერი ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

დ----- კ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პასპორტი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს, ხოლო მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა