გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.10.2018
საქმის ნომერი
160310018002606373
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №160310018002606373

№3/109-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - თამთა როყვა

 

მოსარჩელე - ლ--- დ--------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - მამუკა შუბითიძე, მარინე სიხარულიძე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2016 წლის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ.

 

1.3. დაევალოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილებას აუნაზღუროს ლ--- დ--------ს 2013 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული პენსია - 8205 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას 2008 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია. 2013 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივლისამდე შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილ პირზე გაცემული მინდობილობის ვადის გასვლის გამო. ლ--- დ--------მ 2013 წლის 7 ნოემბერს #131172416 მაკა ასანიძის სახელზე დაამოწმებინა მინდობილობა საქართველოს გენერალურ საკონსულოს, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მიუხედავად აღნიშნულისა მას არ აღუდგინეს შეჩერებული პენსია და 2016 წლის 1 თებერვლიდან შეუწყდა პენსია. მოსარჩელემ საქართველოში დაბრუნდების შემდგომ 2017 წლის 1 ივლისიდან შეძლო პენსიის კვლავ აღდგენა. 2017 წლის 10 ნოემბერს კი განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების მარნეულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა, რომელზეც მიიღო წერილობითი უარი 04-14-07/3758.

 

აღნიშნულის შემდეგ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მიუღებელი პენსიის გაცემა, მაგრამ სააგენტომ 2018 წლის 7 მარტის N04/13455 წერილობითი პასუხით უარი უთხრა პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ლ--- დ--------ს საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ თანახმად შეუჩერდა პენსიის მიღება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ კი გასაცემელი წყდება. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე და არ ანაზღაურდება წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება 2013 წლის 7 ნოემბერს დამოწმებული მინდობილობის სააგენტოში წარდგენის შესახებ. ლ--- დ--------მ 2017 წლის 10 ნოემბრის განცხადებაზე #6348 მარნეულის რაიონული განყოფილებიდან მიიღო ამომწურავი წერილობითი პასუხი 04-14-07/3758 და ასევე სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან N04/13455 წერილობითი უარი. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

- 2008 წლის 11 ივლისიდან მოსარჩელე ლ--- დ--------ს, როგორც ასაკით პენსიონერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, რომელიც გაიცემოდა მინდობილ პირზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.

 

- 2013 წლის 1 თებერვლიდან ლ--- დ--------ს შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო.

 

- 2016 წლის 1 თებერვალს ლ--- დ--------ს შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება, შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის გამო.

 

- ლ--- დ--------ს პენსია აღუდგა 2017 წლის 1 ივლისიდან.

 

- 2017 წლის 10 ნოემბერს, ლ--- დ--------მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების მარნეულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა გაუცემელი პენსიის ანაზღაურება.

 

- დადგენილია, რომ 2013 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივლისამდე ლ--- დ-------ისათვის გასაცემი საპენსიო თანხის ოდენობა შეადგენს 8205 ლარს.

 

- სსიპ სოციალური მომსახურების მარნეულის რაიონულ განყოფილების 2017 წლის 14 ნოემბერის N04-14-07/3758 წერილობითი პასუხით ლ--- დ--------ს, განემარტა, რომ 2013 წლის 1 თებერვლიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, ვინაიდან 1 წლის განმავლობაში თანხები გაიცემოდა მინდობილობის საფუძველზე.

 

- 2013 წლის 7 ნოემბრის სანოტარო აქტით – მინდობილობით დასტურდება, რომ მაკა ასანიძეს პ/ნ (28001006280) მიენიჭა უფლებამოსილება იყოს ლ--- დ--------ს წარმომადგენელი. რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია მიიღოს ლენა დ--------ს კუთვნილი პენსია, პენსიასთან დაკავშირებული სხვა კუთვნილი დოკუმენტები და განკარგოს ბანკის ანგარიშები.

 

- ლ--- დ--------მ 2018 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიმართ გაუცემელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება.

 

- ლ--- დ--------ს 2018 წლის 7 მარტის N04/413455 წერილობითი პასუხით განემარტა რომ 2013 წლის 1 თებერვლიდან შეუჩერდა პენსიის მიღება, მინდობილობის ვადის გასვლის გამო. პენსიონერ ლ--- დ--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კი არ წარმოუდგენიათ საკონსულო წესით დამოწმებული მინდობილობა. ამიტომ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ლ--- დ--------ს პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 11);

- სსიპ- საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ;

- სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის დანიშნული პენსიის შეჩერების თაობაზე.

- სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ.

- 2013 წლის 7 ნოემბრის სანოტარო აქტი – მინდობილობა (ს.ფ. 12);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება 2017 წლის 14 ნოემბრის N04-14-07/3758 წერილი

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 22 იანვრის N04-14-07/286 წერილი (ს.ფ. 14);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის N04/413455 წერილი (ს.ფ. 16).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - ლ--- დ-------ისათვის დანიშნული პენსიის შეჩერების, ასევე შეწყვეტის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

6.2. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

6.3. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ დანართი №1 მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერება განახლების საფუძვლები, კერძოდ პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მეორე წინადადების თანახმად, პენსია შეჩერდება ასევე, იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.

 

დადგენილია, რომ ლ--- დ--------ს 2013 წლის 1 თებერვალს შეუჩერდა პენსიის გაცემა, რადგანაც არ იქნა წარდგენილი მინდობილობა.

 

ლ--- დ--------მ 2017 წლის 10 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების მარნეულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა გაუცემელი პენსიის თანხის გაცემა, რომელზეც მიიღო წერილობითი უარი 04-14-07/3758.

 

აღნიშნულის შემდეგ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მიუღებელი პენსიის გაცემა, მაგრამ სააგენტომ 2018 წლის 7 მარტის N04/13455 წერილობითი პასუხით უარი უთხრა პენსიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ლ--- დ--------ს საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ თანახმად შეუჩერდა პენსიის მიღება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ კი გასაცემელი წყდება. შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე და არ ანაზღაურდება წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელწმიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის უფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საყოველთაოობა; დ) მუდმივობა; ე) თაობათა შორის სოლიდარობა; ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.

 

კანონმდებელი უფლების წარმოშობას უკავშირებს 60 წლის ასაკის მიღწევას, ხოლო უფლების რეალიზებას - პენსიის დანიშვნას, მათ შორის შეჩერებული პენსიის შემთხვევაში მიუღებელი თანხის ანაზღაურებას განცხადების შეტანას. შეტანის ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევაში პირისთვის კანონით მინიჭებული უფლების წართმევა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს, გამორიცხავს პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიას და უგულვებელყოფს მოქალაქის სოციალურ საჭიროებებს.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებასთან მიმართებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ--- დ--------მ გასცა მინდობილობა უფლებამოსილ პირზე, თუმცა სააგენტოს განმარტებით აღნიშნული მინდობილობა მათთან არ ყოფილა წარდგენილი და არ ყოფილა შესაბამისი განაცხადი გაკეთებული. ლ--- დ--------მ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია, პენსიის მიღება მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მან პირველივე შესაძლებლობისთანავე მიმართა სააგენტოს და მოითხოვა მისთვის განკუთვნილი პენსიის მიღება.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამდენად, ლ--- დ-------ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მისი კუთვნილი მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ.

 

ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ--- დ-------ის პ/ნ(01030009808) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის გადაწყვეტილება ლ--- დ-------ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ;

 

3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს ლ--- დ--------ს მისი კუთვნილი მიუღებელი პენსია.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თეა ლეონიძე