გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26145-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - შპს “ბ------–---------ი“
მოსარჩელის წარმომადგენელი - ლე------------–---–ი
მოპასუხე - ნა---------–--------–---–ი
მოპასუხის წარმომადგენლები - ნა---–-------–---–ი, ნუ----------–---–ი
დავის საგანი-უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნა---------–--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–---------–--ი, ქი----------------, შენობა N----, ფართობი - 2365.52 კვ.მ (ს/კ N0--19.---0--.0--) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე შპს „ბ------–---------ს“.
1.2. ნა---------–--------–---–ს მოსარჩელე შპს „ბ------–---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საცხოვრებელი სადგომის ყოველი თვით სარგებლობისთვის 250 ლარი, სარჩელის აღძვრის დღიდან, 06.09.20-- წლიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქა-–---------–--ი, ქი----------------, შენობა N----, ფართობი - 2365.52 კვ.მ (ს/კ N0--19.---0--.0--) რეგისტრირებულია შპს „ბ------–---------ის“ საკუთრების უფლება.
3.2.2 მოპაასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს.
3.2.3. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 168-ე, 312-ე, 411-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ვინდიკაციური სარჩელი აღძრას, თუ მისი ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა და არსებობს სამი ელემენტი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პირველი პირობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის ის, რომ მესაკუთრეობა (თუ დავა უძრავ ნივთს ეხება) უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მეორე აუცილებელი ელემენტია, რომ მოპასუხე აუცილებლად უნდა ფლობდეს მესაკუთრის ნივთს და მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქა-–---------–--ი, ქი----------------, შენობა N----, ფართობი - 2365.52 კვ.მ (ს/კ N0--19.---0--.0--) რეგისტრირებულია შპს „ბ------–---------ის“ საკუთრების უფლება. მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა სადავო ნივთის მართლზომიერების ფაქტს, მხოლოდ მის ზეპირ ახსნა-განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალის წინაპირობები, ასევე უნდა შეესაბამებოდეს ზიანის სამართლებრივ კონსტრუქციას და ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების სფერო მოიცავს, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობს არასახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა მისთვის ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეების ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დადასტურება. უწინარესად, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ იგი აპირებდა სადავო ბინის გაქირავებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის პირდაპირი დანიშნულებაა მისი საცხოვრებლად გამოყენება, მასში ბინადრობა და იგი ყოველთვის არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მან რაიმე შემოსავალი/მოგება მოუტანოს მესაკუთრეს მისი გაქირავების შედეგად, მითუმეტეს კი, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი აპირებდა ბინის გაქირავებას. ვერ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამასთან, სასამართლო მხარეს იმასაც განუმარტავს, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწიენებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 390 ლარი, საიდანაც მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 ლარი, ხოლო 270 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ოდენობით ბაჟის ანაზღაურება - 60 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ბ------–---------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიდეს.
1.1. ნა---------–--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–---------–--ი, ქი----------------, შენობა N----, ფართობი - 2365.52 კვ.მ (ს/კ N0--19.---0--.0--) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე შპს „ბ------–---------ს“.
1.2. შპს „ბ------–---------ის“ მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ნა---------–--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
3. შპს „ბ------–---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ლე------------–---–ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი, რომელიც გადახდილია 06/09/20--, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება #0). დარჩენილი 270 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე