განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 010100119002820194
საქმე №1-72/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ბ---–----–---–------ის
ბრალდებულის _ მ---- გ-------–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075270918003 საქმე:
ბრალდებულ მ---- გ-------–--ის მიმართ
მამის სახელი: ს---–------
დაბადების თარიღი: 12.0-.---- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ტ----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, მ---- ვ---–----------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ----------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ---- გ-------–--ე ქ. ბ------–-, ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრობდა ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსით“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით G------- რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით G------ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მცირეწლოვანი ე-–---------------ი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა მ---- გ-------–--ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ--- გ-------–--ის ჩვენებისა, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ--- გ-------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ---- გ-------–--ე მისი მამაა. 2018 წლის 27 სექტემბერს ქ. თბილისიდან ჩამოვიდა ქ. ბ------–- მამის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით თავის ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ბაგრატიონის ქუჩაზე გადაადგილებისას მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა მისი მცირეწლოვანი შვილი - ე-–---------------ი. მ---- გ-------–--ის დასჯით დაინტერესებული არ არის, არ ითხოვს მის მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენებას, რომელიც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, თუმცა ითხოვს ჩამოერთვას ბრალდებულს მართვის უფლება, რადგან მან კარგად არ იცის ავტომანქანის მართვა და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვებსაც.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი სხვა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებისა, სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- გ-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებისა და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
6. მოწმე პაატა ხაჩიძის ჩვენება, 2018 წლის 29 სექტემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ფოტო-ცხრილი; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 30 ოქტომბრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-316 დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N358/ა დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ მ---- გ-------–--ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33-ე, პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2018 წლის 06 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №008347618 დასკვნა, რომლის თანახმად, ელენა ედუარდის ასული სტეფანიანის სიკვდილის მიზეზია - სისხლჩაქცევა ტვინის რბილ ქსოვილებში, მაგარი გარსის ქვეშ, ტვინის რბილ ქსოვილებზე ზეწოლით, რაც გამოწვეულია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმით, ქალა-სარქვლის ძვლების მოტეხილობით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა. ელენა სტეფანიანის გვამზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით, ერთად აღებულნი ცოცხალ პირებში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, მიზეზობრი კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
7. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
8. კანონის სწორედ აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია მ---- გ-------–--ემ ავტომანქანის მართვისას, რის გამოც შეეჯახა გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას, რასაც ელენა სტეფანიანის გარდაცვალება მოყვა.
9. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
10. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
11. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
12. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ---- გ-------–--ის ბრალდების დადასტურება.
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
16. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
17. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
18. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
19. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
21. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ---- გ-------–--ემ დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც ელენა სტეფანიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შესაბამისად, მ---- გ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
22. მ---- გ-------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
23. მ---- გ-------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
25. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
26. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
27. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
28. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
29. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
30. სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
31. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---- გ-------–--ეს, რომლის ქმედებამ გამოიწვია ერთი წლის მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის მოსპობა - უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, დაზარალებულის უფლებამონაცვლე არ ითხოვს მის მკაცრ დასჯას - სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 5 (ხუთი) წელი; ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით: - გ-------–--ე შეეჯახა ავტომანქანას, რომელიც მოძრაობაშიც არ იყო, მისმა გაუფრთხილებელმა მოქმედებამ გამოიწვია ერთი წლის ბავშვის გარდაცვალება - მიზანშეწონილია მას საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
32. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით G------- რომელიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტოს“ ავტოსადგომზე - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მ---- ს---–------ს ძე გ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ მ---- გ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცება - ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით G------- რომელიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტოს“ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი