განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/8---18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და-------------------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ფ--–--- კო------ე
მამის სახელი: ფ--–---ი
დაბადებული: 05-------4 წელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნი-------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 13 თებერვალს, საღამოს საათებში ქუთაისში ნ----- N19-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ფ--–--- კო------ემ შელაპარაკებისას მეუღლეს ნ-----–--------ეს დანა ესროლა მარცხენა ფეხის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ფ--–--- კო------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ--–--- კო------ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის;
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-----–----- განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 აგვისტოს მიღებულ იქნა შეტყობინება ფ--–--- კო------ის მიერ თვითდაზიანების ფაქტზე. გამოძიება დაწყებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით. ბრალდებული ფ--–--- კო------ე მიყენებული დაზიანებების გამო გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, ხოლო მეუღლე ნ---- წი-------ე იმყოფებოდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მშობლების საცხოვრებელ სახლში, რომელიც შემდეგ პოლიციის თანამშრომლების მიერ გეგუთიდან გადაყვანილ იქნა საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მისაცემად. ნ-----–--------ემ განმარტა, რომ მისი მეუღლე ფ--–--- კო------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დანა ესროლა, რომელიც მოხვდა ფეხზე, კერძოდ მუხლის ქვემოთ. დაზარალებული, მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნა საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნ---- წი-------ე პოლიციის ავტომანქანით დააბრუნეს სოფელ გეგუთში - მშობლების საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ელ----- განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მას ჩატარებული აქვს რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება; კერძოდ გამოკითხული ყავს დაზარალებულ ნ---- წი-------ის დედა - ი--–ი-------ე. აგრეთვე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყველა პროცესუალური ნორმის დაცვით დააკავა ბრალდებული ფ--–--- კო------ე. ბრალდებულს გაეცნო მისი უფლებები, მოხდა მტკიცებულებათა გაცვლა კანონით დადგენილი წესით, თუმცა ის უარს აცხადებდა ოქმებზე ხელმოწერაზე, რაც აღნიშნა შესაბამის ოქმებში. მოწმის განმარტებით მის მიერ დაკითხული იქნა ნ---- წი-------ის დედა - ი--–ი-------ე, რომელმაც განმარტა, რომ მისმა შვილმა ნ---- წი-------ემ აცნობა, რომ მას და მის მეუღლეს მოუვიდათ კონფლიქტი, სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც ფ--–--- კო------ემ მის ქალიშვილს ესროლა დანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა გ---------------- განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა ქალბატონი ნ---- წი-------ე, რომელმაც განმარტა, რომ წინა დღეს შელაპარაკება მოუვიდა ფ--–--- კო------ესთან, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს ჩაუტარდა ექსპერტიზა, გაიცა №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად: 01.08.2018 წ- 19:18-19:25 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ---- წი-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--–ი-------ემ განმარტა, რომ დაზარალებული ნ---- წი-------ე არის მისი ქალიშვილი, მომხდარი ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა შვილისაგან და იცის, რომ ფ--–---ს რაღაც პრობლემა შეემთხვა მის მცირე ბიზნესთან დაკავშირებით, რის გამოც აღელვებული მივიდა სახლში და მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ დაისერა ვენები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არანაირ ძალადობას ფ--–--- კო------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ხოლო გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, რომ თითქოს მისმა ქალიშვილმა მოუყვა, რომ მეუღლესთან ფ--–--- კო------ესთან მოუვიდა კონფლიქტი და მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არასწორია და მას გამოძიებისათვის აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებია.
დაზარალებულმა ნ---- წი-------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, ფ--–--- კო------ის მიერ ღამის საათებში თვითდაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 1 აგვისტოს 02:53 საათზე 112-ის საშუალებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელს დაუკავშირდა ხ---- ჟო--–---–---ი და აცნობა, რომ ფ--–--- კო------ე შეყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების მიერ დასერილი, პაციენტის განცხადებით იგი თვიდაზიანებას იყენებს დაშინების მიზნით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: 01.08.2018 წ.- 19:18-19:25 საათზე, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ---- წი-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისში, ნ----- ქუჩა N3------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 03.08.2018 წლის 19:30 საათზე, ფ--–--- კო------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით ფ--–--- კო------ე ცნიბილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ფ--–--- კო------ის მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არერთგზის;
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ფ--–--- კო------ემ იძალადა მეუღლეზე ნ---- წი-------ეზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 01.08.2018წ-19:18-19:25 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ---- წი-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება ნ---- წი-------ემ მიიღო ფ--–--- კო------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები ლევან ცაავა და ბ----- ე-–----. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ მოწმეებს უშუალოდ ფაქტთან შემხებლობა არ ჰქონიათ და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისა და მოწმისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ფ--–--- კო------ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ფ--–--- კო------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ფ--–--- კო------ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ--–--- კო------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გაუქმდეს ფ--–--- კო------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ფ--–--- კო------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური