გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
190310018002751306
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-379-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28.02.2019 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ავ----–----------ი“

წარმომადგენელი - თე----------ე

 

მოპასუხე - შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - აკ-------------ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 აქტი, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0-----------4 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დააკმაყოფილოს შპს „ავ----–----------ი“-ს მიერ 2018 წლის 05 აგვისტოს წარდგენილი განცხადება და მოახდინოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2014 წელს განხორციელდა შპს „ავ----–----------ი“-ს და შპს „ე-------“-ს შერწყმა, რის შემდგომაც მოსარჩელე გახდა შპს „ე-------“-ს უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე, რომელთა შორის იყო ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება - უნაგირა საწევარა თავისი მისაბმელით (მოდელი - V------------).

 

მოსარჩელის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება V------------ (უნაგირა საწევარი და ნახევარმისაბმელი) საქართველოში შემოყვანილ იქნა 1998 წელს და მოხდა მათი განბაჟება. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას აღმოჩნდა, რომ 1998 წელს, მაშინ როცა მოხდა მანქანების განბაჟება და საქართველოში შემოყვანა, სარეგისტრაციო მოწმობები გაიცა მხოლოდ უნაგირა საწევარაზე, ხოლო ნახევრადმისაბმელებზე არ არის გაცემული სარეგისტრაციო მოწმობები.

 

შპს „ავ----–----------ის“ წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის თობაზე არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 შპს „ავ----–----------მა“ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალს და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციაზე .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ( ს.ფ 93-95 )

 

3.1.2 მოსარჩელე შპს „ავ----–----------მა“ 2018 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 96-98)

 

3.1.3 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ავ----–----------ი“-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ 86-91)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1 საქმეში წარმოდგენილი სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დგინდება, რომ სადავო მოძრავი ქონება (A------) გამოგზავნილია დიდი ბრიტანეთიდან (ლონდონიდან), საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 1998 წლის 04 მარტს. ზემოაღნიშნული ქონება აღწერილია შემდეგნაირად: უნაგირი საწევარა V-------- და ტრაილერი (ცისტერნა), შასი Y----------------, ძრავა 0---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სატვირთო საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ 127–130)

 

3.2.2 საქმეში წარმოდგენილი სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დგინდება, რომ სადავო მოძრავი ქონება (A------) გამოგზავნილია დიდი ბრიტანეთიდან (ლონდონიდან), საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 1998 წლის 04 მაისს. ზემოაღნიშნული ქონება აღწერილია შემდეგნაირად: უნაგირი საწევარა V-------- და ტრაილერი (ცისტერნა), შასი Y----------------, ძრავა 0---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სატვირთო საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ 132 -135)

 

3.2.3. შპს ,,ავტ----------------ია’’-ს 2016 წლის 28 აპრილის N2/181 ცნობით დგინდება, რომ შპს ,,ს-–---------------------------------ის“ კუთვნილი სპეციალიზებული ნავთობპროდუქტების საზიდი ნახევარმისაბმელიცისტერნის ,,T--------------’’, სარეგისტრაციო № A-----, შასის № უნომრო, წონით პარამეტრებია: სრული მასა - 31000 კგ, (ღერძებზე 9650/9650 კგ.უნაგირზე -11700 კგ.) მასა დატვირთვის გარეშე - 7200 კგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 28 აპრილის ცნობა N2/181 (ს.ფ 23)

 

3.2.4. შპს ,,ავტ----------------ია’’-ს 2016 წლის 19 აპრილის N2/159 ცნობით დგინდება, რომ შპს ,,ს-–---------------------------------ის“ კუთვნილი სპეციალიზებული ნავთობპროდუქტების საზიდი ნახევარმისაბმელიცისტერნის ,,T--------------’’, სარეგისტრაციო № A-----, შასის №2------, წონითი პარამეტრებია: სრული მასა - 31000 კგ. (ღერძებზე 9650/9650 კგ. უნაგირზე - 11700 კგ. ) მასა დატვირთვის გარეშე - 7200 კგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 19 აპრილის N2/159 ცნობა (ს.ფ 24)

 

3.2.5 2016 წლის 06 ივნისის N0-------- დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ მისაბმელზე აღინიშნება ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები და კვლები. დეტალური დათვალიერება - გამოკვლევისას დგინდება რომ მისაბმელის საიდენტიფიკაციო ნომერი: ,,6-------’’ დატანილი აქვს მარცხენა ჩარჩოს კოჭაზე, რომლის მიდამოში აღინიშნება საღებავის დაშრევება.

აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ფართი დამუშავდა ფიზიკურად და ქიმიურად და შემდგომი კვლევისას ნომრის დეტალური დათვალიერება-გამოკვლევა მოხდა გამადიდებელი საშუალებების გამოყენებით ბუნებრივი განათებისას, რა დროსაც დადგინდა, რომ ნომრის მაჩვენებლებზე გადაკეთებისთვის დამახასიათებელი კვლევები არ აღინიშნებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 06 ივნისის N0-------- დასკვნა (ს.ფ 32-35)

 

3.2.6 2016 წლის 13 ივნისის N0-------- დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილია ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი-ცისტერნა ,,N-----------’’, შასის ნომერი №6-------, (შასის ნომერი ჩატვიფრულია ჩარჩოზე). სერიული ნომერია 2----. მისაბმელის ვიზუალური დათვალიერებით, წარდგენილი დოკუმენტაციის, ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაციის, ასევე ვიზუალური შეთავსებით, მივიღეთ გამოსაკვლევი მისაბმელის ტექნიკური მახასიათებლები. ვიზუალური სახისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი მისაბმელი წარმოადგენს საწვავის გადასატან სპეციალიზირებულ ცისტერნა-მისაბმელს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერტიზაზე წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი ,,N-----------’’, შასის ნომერი №6-------. დამზადების (გამოშვების წელი) 1981 წელი. ამავე დასკვნით დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზებული მისაბმელი-ცისტერნა ,,N-----------’’, შასის ნომერი № 6-------, დამზადებულია (გამოშვების წელი) 1981 წელს, დასაშვები წონა კი წარმოადგენს 31000 კილოგრამს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 13 ივნისის N0-------- დასკვნა (ს.ფ 37-39)

 

3.2.7 2016 წლის 13 ივნისის N0-------- დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილია ორღერძიანი სპეციალიზერბული მისაბმელი-ცისტერნა ,,N------------’’, შასის ნომერი №უნომრო. მისაბმელის ვიზუალური დათვალიერებით, შასის ნომერი და საინფორმაციო ფირფიტა აღმოჩენილი ვერ იქნა მათი არ არსებობის გამო. (აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემულია ტრასოლოგიური დასკვნა). მისაბმელის ბოლოში ცისტერნაზე ჩამოქლონებულია დიდი ზომის ფირფიტა, სადაც იკითხება ,,T-------’’. ექსპერტიზაზე წარდგენილია მეორე მსგავსი მისაბმელი, რომელსაც გააცნია შასის ნომერი და საინფორმაციო ფირფიტა. მისაბმელის ვიზუალური მსგავსებიდან გამომდინარე, ვიზუალური სახისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი მისაბმელი წარმოადგენს საწვავის გადასატან სპეციალიზებულ ცისტერნა მისაბმელს.

ხოლო ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერტიზაზე წარდგენილი ორღერძიანი სპეციალიზირებული მისაბმელი ,,N-----------’’, შასის ნომერი № უნომრო, დამზადებულია (გამოშების წელი) 1981 წელს, დასაშვების წონა კი წარმოადგენს 31000კგ.

 

2016 წლის 13 ივნისის N0-------6 დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი მისაბმელის ვიზუალური დათვალირებით, იგი იმყოფება კომპლექტიკაში, მასზე აღინიშნება ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები. მისაბმელის დეტალურად დათვალიერებისას დადგინდა, რომ გამოსაკვლევ მისაბმელს ფაქტიურ წარმოდგნილ მდგომარეობაში საიდენტიფიკაციო ნომერი არ გააჩნია, რის მიზეზსაც შესაძლებელია წარმოადგენდეს მისაბმელზე არსებული ძლიერი ექპლუატაციური ცვეთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 13 ივნისის N0-------- დასკვნა (ს.ფ 40-43)

- 2016 წლის 13 ივნისის N0-------6 დასკვნა (ს.ფ 45-47)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ავ----–----------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

6.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

6.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

6.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" N150-ე ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება:

ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული:

ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგიტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით.

ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

ა.გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი № 1);

ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში);

ა.ე) ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით;

ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული:

ბ.ა) სასამართლო აქტით;

ბ.ბ) გადაწყვეტილებით;

ბ.გ) განკარგულებით;

ბ.დ) ბრძანებით;

ბ.ე) აუქციონის ოქმით;

ბ. ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით;

ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება;

ბ.თ) მიღება-ჩაბარების აქტით;

ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით;

ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით;

გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით;

დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მ უხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით;

ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით;

ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპენპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით;

ზ) ქარხანა-დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება-ჩაბარების აქტით;

თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა-ანგარიშით;

ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების:

ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ;

ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „ავ----–----------მა“ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალს და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია. მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციზე. აღნიშნული უარი გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი სატვირთო საბაჟო დეკლარაციებზე, რომლებითაც დგინდება, რომ სადავო მოძრავი ქონებები (A------ და A------) გამოგზავნილია დიდი ბრიტანეთიდან (ლონდონიდან), საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 1998 წლის 04 მარტს და ამავე წლის 04 მაისს. ზემოაღნიშნული ქონებები აღწერილია შემდეგნაირად: უნაგირი საწევარა V-------- და ტრაილერი (ცისტერნა) (შასი Y---------------- და შასი Y----------------, ძრავა 0--------- და 0---------).

 

2000 წლის 18 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ იქნა N146 ბრძანება "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო პოლიციაში რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ", რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1996 წლის 9 აგვისტოს N 681 ბრძანებით (დანართი N 6) დამტკიცებული ”ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების რეგისტრაციის წესები“.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს არ აქვს შესწავლილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო მოძრავი ქონებების შემოსვლის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებით, შესაბამისად დარღვეულია სადავოდ გამხდარი აქტების მიღებისას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" N150-ე ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად რეგისტრაცია არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.

 

ამავე ბრძანების მე-10 მუხლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე საველდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სპეცტექნიკა კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად: მსუბუქი ავტომობილები, ავტობუსი, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

 

თავის მხრივ მისაბმელები იყოფა შემდეგი სახის ტიპებად: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი; სამგზავრო მისაბმელი; სამგზავრო ნახევარმისაბმელი; სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (ნახევარ-მისაბმელი); ბორტიანი მისაბმელი; თვითმცლელი მისაბმელი; ცისტერნა მისაბმელი; ფურგონი მისაბმელი; სპეციალიზებული მისაბმელი; სპეციალური მისაბმელი; ბორტიანი ნახევარმისაბმელი; თვითმცლელი ნახევარმისაბმელი; ცისტერნა ნახევარმისაბმელი; ფურგონი ნახევარმისაბმელი; სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი; სპეციალური ნახევარმისაბმელი;

 

6.7 მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

მოპასუხე მხარეს არ უმსჯელია და არ შეუსწავლია სატვირთო საბაჟო დეკლარაციები, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას არ არის შესწავლილი და გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მიღებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების მირებისას დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

6.8 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

6.9 სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

6.10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ავ----–----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0-----------4 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ავ----–----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის 2018 წლის 05 აგვისტოს №MIA 0-----------5 და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №MIA 0-----------4 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების, ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.~

3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი