განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002813793
საქმე N1-50/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.02.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------------–--ლი
1. ბრალდებული: მა----------ა
მამის სახელი: ან-------
დაბადებული: 0--09.1979 წელი
პირადი ნომერი: 6---------6
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: ს-–----–ო
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ.ბათუმი, ლ. ას-------ს ქN--. ბ--.
ადვოკატი - დავ----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 08 დეკემბერს მოქმედი რედაქცია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171081218015
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 08 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. ბათუმში, ლ. ას-------ს ქN---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მა----------ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყობა მიაყენა ოჯახის წევრს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - შო--------------ეს, რამაც შო--------------ის ფიზიკური ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------9, 16.01.2019წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (09.12.18): შო--------------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი (ლოკალიზაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ ს.ფ.34-37)
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.6. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია რომ მა----------ა და შო--------------ე იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შო--------------ის, ედ-–----–--–------------–---------ის ჩვენებებით, შეტყობინების ოქმი, შემაკავებელი ორდერები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა----------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა----------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; შერიგებულია დაზარალებულთან;
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; (2018 წლის 08 დეკემბერს მოქმედი რედაქციით).
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, მა----------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, წარსულს, კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ისინი ერთად ცხოვრობენ, ოჯახს მატერიალურად უჭირს, მათი საერთო შვილი მინდობით აღზრდაზე იმყოფება, რადგან მათ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ; ბრალდებულის განმარტებით, მას სურვილი აქვს ბავშვი მასთან იზრდებოდეს და ამ მიზნით პერიოდულად მოუწევს საქართველოს საზღვრის კვეთა თურქეთის რესპუბლიკაში დასასაქმებლად; რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ მა----------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობით და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბარლდებულის პატიმრობაში ყოფნის დრო; სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის, პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-ე , 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მა----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მა----------ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 08 დეკემბრიდან 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით - გათვალისწინებით (195 სთ) ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან;
მსჯავრდებულ მა----------ას მიმართ 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ციცინო მჭედლიშვილს (პ/ნ 6---------8) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N12/16070, დასტურის №ა 0-----).
ნივთიერი მტკიცებულება - საქართველოს შსს სსიპ 112-დან მოწოდებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე