განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - ნი---------ა, სა-–----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გუ--------–--–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ-----–----------–-------------------------);
ადვოკატი - ემ---------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 01 ოქტომბერს, ქ. თბილისში, კ--------------------------ის მიმდებარედ, გუ--------–--–---–მა შპს „თ-----------------–-----“, მოტყუებით, თითქოსდა 2 დღით 110 აშშ დოლარად (272.43 ექვივალენტი ლარში) იქირავა ხსენებული კომპანიის კუთვნილი „W-----------------ის” ფირმის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით J--------, რომელიც იმავე დღეს 3 000 აშშ დოლარის (7430 ექვივალენტი ლარში) სანაცვლოდ ჩააბარა ქ. თბილისში, ი---- რაიონში მდებარე ე.წ. „დ-–-–--–--------------–-----–--–------------------“ თე-------------ეს. აღნიშნული ქმედებით „თ-----------------–-“ მიადგა 28800 (ოცდარვაათას რვაასი) ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გუ--------–--–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თი--------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების სა-–---------–-----–---–ის, ლა–----------–---–ის, გი---------------–---–ის, თე-------------ის გამოკითხვის ოქმებს, გუ--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმს, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გუ--------–--–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში- სსკ) 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გუ--------–--–---–ი თაღლითურად, შპს „თ-----------------–-----“, მოტყუებით, თითქოსდა 2 დღით 110 აშშ დოლარად (272.43 ექვივალენტი ლარში) იქირავა ხსენებული კომპანიის კუთვნილი „W-----------------ის” ფირმის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით J--------, რომელიც იმავე დღეს 3 000 აშშ დოლარის (7430 ექვივალენტი ლარში) სანაცვლოდ ჩააბარა ქ. თბილისში, ი---- რაიონში მდებარე ე.წ. „დ-–-–--–--------------–-----–--–------------------“ თე-------------ეს, რის შედეგადაც მას მიადგა 28800 (ოცდარვაათას რვაასი) ლარის დიდი ოდენობის ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გუ--------–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რისთვისაც გუ--------–--–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გუ--------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც გუ--------–--–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გუ--------–--–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გუ--------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანის ნაწილი, კერძოდ 8 100 ლარის ოდენობით და გამოხატავს მზაობას აუნაზღაუროს ზიანი დაზარალებულს სრულად. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო დამატებით ითვალისწინებს გუ--------–--–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გუ--------–--–---–ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ბრალდებულის დადებითი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. შესაბამისად, გუ--------–--–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გუ--------–--–---–ის ჩადენილი ქმედებისათვის ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 4 000 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გუ--------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
გუ--------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, შემოსავლის ორდერი და ორი ცალი საგადასახადო დავალება, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· ხელწერისა და ხელწერილის ნიმუშები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი