გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.03.2019
საქმის ნომერი
340310016001340258
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340310016001340258

საქმე #3/62-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(შესავალი ნაწილი)

04 მარტი 2019 წელი ქ.გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - ნა--------------–---–ი

წარმომადგენელი - ნუ------–--------–---–ი

მოპასუხე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნა-----------ე

მესამე პირები – ნუ------–--------–---–ი, აკ------–----–---–ი

მესამე პირი – ეთ-------–---–-–---–ი

წარმომადგენელი - პა-----------ე

დავის საგანი: აინდივიდუალური დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 21.12.2013 წლის №2155 ბრძანება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ და 26.12.2013 წლის №000248 მშენებლობის სანებართვო მოწმობა; 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 18.12.2014 წლის №2382 ბრძანება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ და 18.12.2014 წლის №000036 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. გურჯაანში, ნო--–---–ის გამზირის №1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ მესამე პირი ეთ-------–---–-–---–ი მშენებლობას აწარმოებს. კერძოდ, ნო--–---–ის გამზირის №9-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე მიშენებას ახორციელებს. მშენებლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 21 დეკემბრის №2155 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის და მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე მიმდინარეობს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ძირითად შენობაზე განხორციელებული მიშენება სამშენებლო მიწის ნაკვეთს 2.2 მეტრით სცილდება და ნო--–---–ის გამზირის №1--ის და №9--ს საერთო სარგებლობის ეზოში იჭრება. მიშენების შედეგად საერთო სარგებლობის ეზოს ფართი მცირდება და მოსარჩელეს კუთვნილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნულოვან სართულზე პანდუსის მოწყობაში ხელი ეშლება. მიშენების პროქტის მიწის ნაკვეთის ზომებთან შედარების შედეგად დგინდება, რომ მიშენების ე.წ. ,,Г“ საყრდენის მოწყობა მიწის ნაკვეთის საზღვრის გარეთ, ანუ საერთო სარგებლობის ეზოში ხდება. ამდენად, ეთ-------–---–-–---–ის მშენებარე ობიექტი საერთო სარგებლობის ეზოში იჭრება და მრავალსართულიანი შენობის ნულოვან (სარდაფი) სართულზე ჩასასვლელი სამანქანე პანდუსის მოწყობას ხელს უშლის. მესამე პირის მიერ წარმოებულ მიშენებაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 18.12.2014 წლის №23282 ბრძანებით, შეთანხმებული იქნა ახალი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცა. მართალია ამ პროექტის მიხედვით ,,Г“ საყრდენის მოწყობა საერთო სარგებლობის ეზოში აღარ არის გათვალისწინებული, მაგრამ შენობა სცდება მიწის ნაკვეთის საზღვარს. ამასთან, ბრძანების გაცემა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მოხდა და მიშენების ჩამონგრევის საშიშროება არსებობს, რითაც კორპუსის მესაკუთრეებს და მათ შორის მოსარჩელეს საფრთხე ექმნება, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. 2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია: 2.1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გამგებლის 21.12.2013 წლის №2155 ბრძანება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ და 26.12.2013 წლის №000248 მშენებლობის სანებართვო მოწმობა ძალადაკარგული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რადგან ნებართვის გაცემის შემდგომ დადგინდა, რომ ნო--–---–ის №9-ში არსებულ მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლის მერე სართულზე მიშენება/რეკონსტრუქცია მიწის ნაკვეთის საზღვრებს სცილდებოდა და პროექტის მიხედვით ,,Г“ საყრდენის მოწყობა საერთო სარგებლობის ეზოში ხდებოდა, თუმცა ეთ-------–---–-–---–მა გამგეობას განცხადებით მომართა და კორექტირებული პროექტის შეთანხმება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა და გამგებლის 18.12.2014 წლის №2382 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი 2.2. მეტრი სიგრძის აივნის და საერთო სარგებლობის ეზოში ,,Г“ საყრდენის მოწყობას აღარ ითვალისწინებს. შესაბამისად, 26.12.2013 წლის ბრძანება ძალადაკარგული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და მშენებლობაც ამ ბრძანებით შეთანხმებული პროექტის მიხედვით არ მიმდინარეობს. რაც შეეხება 2014 წლის 18 დეკემბრის ბრძანებას, იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მიღებისა და გამოცემის წესი არ დარღვეულა. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. 2.2. მესამე პირმა ეთ-------–---–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესი არ ილახება. სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გამომდინარე აქედან, სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია სათანადო წესების დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. მესამე პირმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. 2.3. მესამე პირებმა ნუ------–--------–---–მა და აკ------–----–---–მა სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. ქ. გურჯაანში, ნო--–---–ის ქუჩა №9-ში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 597 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსი მოსარჩელე ნა--------------–---–ის და საქმეში მესამე პირებად ჩართული ნუ------–--------–---–ის და აკ------–----–---–ის საკუთრებას წარმოადგენს. ამ უძრავი ქონების მომიჯნავედ, ნო--–---–ის №9-ში, ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ის“ საკუთრებად საჯარო რეესტრში №51---------7 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 236 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე მდებარე 15.6 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა მესამე პირის - ეთ-------–---–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენს (ს.კ. 51---------7.0----2). 3.1.2. ეთ-------–---–-–---–მა 2013 წლის 28 ნოემბერს განცხადებით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ნო--–---–ის №9-ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე და ზუ-----------–---–ის კუთვნილ სასაწყობე ფართზე მეორე სართულის დაშენება-რეკონსტრუქცია და შენობის გვერდითა და უკანა ფასადის მხრიდან მიშენება-რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემა მოითხოვა. განმცხადებელმა გამგეობას შპს ,,არ--------ის“ მიერ მომზადებული მიშენება-რეკონსტრუქციის პროექტი წარუდგინა. 3.1.3. დადგენილია, რომ ამხანაგობა ,,მე---------ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დასავლეთი საზღვრის სიგრძე 13.78 მეტრია, ხოლო მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობის დასავლეთი კედლის სიგრძე 10.50 მეტრს შეადგენს (იხ. ტომი I, ს.ფ. 250, 260, ტომი II, ს.ფ. 27). შესაბამისად, ძირითადი შენობის კედლიდან მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთი მხარის საზღვრამდე მანძილი 3.28 მეტრს შეადგენს. 3.1.4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 26 დეკემბრის №2155 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ეთერი მეშველიშვილის მიერ წარდგენილი მიშენება-დაშენების პროექტი და იმავე დღეს მშენებლობის №000248 სანებართვო მოწმობა გაიცა. მშენებლობის ვადა ერთი წლით განისაზღვრა. ბრძანების დანართის მიხედვით მიშენების ფართი 49.8 კვ.მ-ს შეადგენდა. 3.1.5. შპს ,,არ--------ის“ მიერ 2013 წელს მომზადებული პროექტის მიხედვით, მისაშენებელი შენობის ფასადის ,,Б-Г“ ღერძების სიგრძე 5.525 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის მიხედვით ასაშენებელი შენობა სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარს 2.245 მეტრით სცილდება და საზოგადოებრივ სივრცეში გადადის. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიშენება მიწის ზედაპირიდან 3.12 მეტრის სიმაღლეზე უნდა მომხდარიყო. ამავე პროექტის მიხედვით ,,Г“ საყრდენის ფაქტობრივად საზოგადოებრივ სივრცეში უნდა მოწყობილიყო. (იხ. ტომი I, ს.ფ. 250, ტომი II, ს.ფ. 19, 22) 3.1.6. დადგენილია, რომ შპს ,,არ--------ის“ მიერ 2013 წელს მომზადებული პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ,,Г“ საყრდენის საზოგადოებრივ სივრცეში მოწყობის შემთხვევაში მოსარჩელე ნა--------------–---–ის და მესამე პირების ნუ------–--------–---–ის და აკ------–----–---–ის კუთვნილი მრავალსართულიანი კორპუსის ნულოვან სართულზე ჩასასვლელი პანდუსის მოწყობაში ხელი შეეშლება. 3.1.7. ეთ-------–---–-–---–მა 2014 წლის 04 დეკემბერს განცხადებით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, წარადგინა კორექტირებული პროექტი და მისი დამტკიცება მოითხოვა. გამგებლის 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ეთ-------–---–-–---–ის მიერ წარდგენილი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და იმავე დღეს მშენებლობის №000036 სანებართვო მოწმობა გაიცა. მშენებლობის ვადა 6 თვით, შენობა-ნაგებობის კლასი II კლასით, ხოლო რეკონსტრუქციის ფართი 32.12 კვ.მ-ით განისაზღვრა. ამ შემთხვევაში გამგეობის მიერ შეთანხმებული პროექტით მისაშენებელი შენობის ,,Б-B“ ღერძების სიგრძე 3.25 მეტრს შეადგენს, რასაც 0.3 მეტრი სიგრძის ღია აივანი ემატება. შესაბამისად, მთლიანი სიგრძე 3.55 მეტრს შეადგენს. პროექტის მიხედვით აივნის მოწყობა მიწის ზედაპირიდან 3.12 მეტრის სიმაღლეზე უნდა განხორციელდეს (იხ. ტომი I, ს.ფ. 261-264). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 21-22); - ბრძანება №2382, №2155 (ტომი I, ს.ფ. 28, 63); - მშენებლობის სანებართვო მოწმობები (ტომი I, ს.ფ. 65, 83); - განცხადება ( ტომი I, ს.ფ. 80); - ბმა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმი (ს.ფ.78-79); 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიშენების აივანი მიწის ზედაპირიდან 3.12 მეტრის სიმაღლეზე უნდა მოეწყოს და იგი 0.27 მეტრით სცდება საჯარო რეესტრში ბ.მ. ამხანაგობა ,,მე---------ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვარს და საზოგადოებრივ სივრცეში გადადის. ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში 1 მეტრით გადადის მიშენების სახურავი, რომლის ყველაზე დაბალი ნაწილი პროექტის მიხედვით მიწის ზედაპირიდან 5,66 მეტრის სიმაღლეზე უნდა მოეწყოს. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით უდავოდ დასტურდება, რომ ამხანაგობა ,,მე---------ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დასავლეთი საზღვრის სიგრძე 13.78 მეტრია. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორსართულიანი შენობის დასავლეთი კედლის სიგრძე 10.5 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, ძირითადი შენობის კედლიდან მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთი მხარის საზღვრამდე მანძილი 3.28 მეტრს შეადგენს (13.78-10.5=3.28). მიწის ნაკვეთის ამ ნაწილზე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მიშენებულია ერთსართულიანი შენობა, რომელიც ზუ-----------–---–ის კუთვნილ სასაწყობე ფართს წარმოადგენს და რომლის დასავლეთი კედლის სიგრძე 4.28 მეტრს შეადგენს (იხ. ტომი I, ს.ფ.19-20, 78-79, 258, 260). კორექტირებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მიხედვით, რეკონსტრუქციის ფართი 32.12 კვ.მ-ით განისაზღვრა. წინა პროექტისაგან განსხვავებით იგი 2.2. მეტრი სიგრძის აივნის და ,,Г“ საყრდენის მოწყობას არ ითვალისწინებს. განსხვავებულია მისაშენებელი შენობის სიგრძეც და უკვე ახალი პროექტით გათვალისწინებული ,,Б-B“ ღერძების სიგრძე 3.25 მეტრს შეადგენს, რომელსაც ემატება 0.3 მეტრი სიგრძის ღია ნაწილი, რომელიც მიწის ზედაპირიდან 3.12 მეტრის სიმაღლეზე უნდა მოეწყოს. ამდენად, ,,Б-B“ ღერძების და ღია ნაწილის მთლიანი სიგრძე (მიშენების ქვედა ნაწილი) 3.55 მეტრს შეადგენს. ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც ძირითადი შენობის განაპირა კედლიდან ჩრდილოეთის მხარეს მიწის ნაკვეთის საზღვრამდე მანძილი 3.28 მეტრს შეადგენს, მასზე 3.55 მეტრი სიგრძის შენობის მიშენებით (იგულისხმება შენობის ქვედა ნაწილი) მისაშენებელი ობიექტი მიწის ნაკვეთის საზღვარს სცდება და საზოგადოებრივ სივრცეში 0.27 მეტრით გადადის. (3.55-3.28=0.27). ანალოგიურად, საქმეში წარმოდგენილი პროექტით ნათლად ჩანს, რომ ამხანაგობის მიწის ნაკვეთის საზღვარს სცდება და 1 მეტრით საზოგადოებრივ სივრცეში გადადის მიშენების გადახურვა. პროექტის მიხედვით სახურავის დახრილი ფორმისა და მისი ყველაზე დაბალი ნაწილი მიწის ზედაპირიდან 5,66 მეტრის სიმაღლეზე უნდა მოეწყოს. (იხ. ტომი II ს.ფ. 18) შესაბამისად, მიშენების სახურავი ამხანაგობის მიწის ნაკვეთის საზღვარს 1 მეტრით სცდება და მიწის ზედაპირიდან 5.66 მეტრის სიმაღლეზე გადადის საზოგადოებრივ სივრცეში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - - მიშენების პროექტი (იხ. ტომი I, ს.ფ. 250, 260, 263-266) - - ფოტომასალა (იხ. ტომი I, ს.ფ. 258)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (შემდგომში - სზაკ);

5.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (შემდგომში - სასკ);

5.3. ,,ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

5.4. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება

5.5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 08.07.08 წლის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულება“.

(5.3. და 5.5. პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებით სასამართლო ხელმძღვანელობს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით)

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ადგილობრივი მმართველობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას;

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტები პასუხობს საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს და, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამიტომ, სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მათი შესაბამისობა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან მიმართებით უნდა შემოწმდეს.

6.2. მოსარჩელე მხარემ ეთ-------–---–-–---–ის სასარგებლოდ 2013 და 2014 წლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხის მიერ 2013 წლის დეკემბერში გამოცემული №2155 ბრძანება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ და №000248 მშენებლობის სანებართვო მოწმობა ძალადაკარგული ადმინისტრაციული აქტებია, ვინაიდან 2014 წლის დეკემბერში მოპასუხემ შეითანხმა მშენებლობის კორექტირებული პროექტი და გამოსცა ახალი ადმინისტრაციული აქტები.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წლის დეკემბერში გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით იმ პროექტის შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვით ასაშენებელი ობიექტი 2.2 მეტრით სცდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრებს და საზოგადოებრივ სივრცეში გადადის. პროექტის მიხედვით ,,Г“ საყრდენის მოწყობა საზოგადოებრივ სივრცეში 3.12 მეტრი სიმაღლეზე უნდა მომხდარიყო. აღნიშნულით კი მოსარჩელე ნა--------------–---–ის და მესამე პირების ნუ------–--------–---–ის და აკ------–----–---–ის კუთვნილი მრავალსართულიანი კორპუსის ნულოვან სართულზე ჩასასვლელი პანდუსის მოწყობას ხელი შეეშლებოდა.

სასამართლო მიუთითებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებაზე, რომელიც არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს და რომლის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 4.5 მ-მდე სიმაღლეზე: ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 0.3 მ-ზე მეტად; ბ) სხვა არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი შეჭრა 0.3 მ-ზე მეტად.

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით აკრძალულია საზოგადოებრივ სივრცეში მიწის ზედაპირიდან 4.5 მეტრი სიმაღლეზე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილების ან დეტალების შეჭრა 0.3 მეტრზე მეტად. ამ მოთხოვნის დარღვევით წარმოებული მშენებლობა კი წარმოადგენს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევას. შესაბამისად, პროექტი, რომელიც მოპასუხემ 2013 წლის დეკემბერში შეითანხმა და სადავო აქტები გამოსცა, წინააღმდეგობაშია მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნასთან და სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. თუმცა სასამართლო მიუთითებს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხის მიერ 2013 წლის დეკემბერში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ძალადაკარგულ აქტებს წარმოადგენენ და შესაბამისად, მათ საფუძველზე შეთანხმებული სამშენებლო პროექტის მიხედვით მესამე პირის მხრიდან მშენებლობის წარმოება აღარ მიმდინარეობს.

საქმეში წარმოდგენილია ეთ-------–---–-–---–ის მიერ იმავე მშენებლობასთან დაკავშირებით 2014 წელს წარდგენილი და მოპასუხის მიერ გამოცემული აქტებით შეთანხმებული კორექტირებული პროექტი, რომლითაც შეიცვალა მისაშენებელი ნაგებობის ფართობი და იგი აღარ ითვალისწინებს საზოგადოებრივ სივრცეში 2.2 მეტრი სიგრძის კონსტრუქციულ ნაწილს. აგრეთვე, კორექტირებული პროექტით ე.წ. ,,Г“ საყრდენის მოწყობა არ არის გათვალისწინებული, რომლიც მოწყობაც წინა პროექტის მიხედვით საზოგადოებრივ სივრცეში უნდა მომხდარიყო.

სზაკ-ის 190-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა უნდა გაგრძელდეს, თუ დაინტერესებული მხარე მოითხოვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებას. სასკ-ის 22-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ 2013 წლის დეკემბერში გამოცემულ აქტების ბათილად ცნობის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ პროექტის მიხედვით მშენებლობის წარმოების შემთხვევაში ხელი ეშლება მომიჯნავე ნაკვეთში აშენებულ მრავალსართულიანი კორპუსის ჩასასვლელი პანდუსის მოწყობაში.

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება აქტის გაუქმებას იწვევს, თუმცა მათ შორის სხვაობა მათ სამართლებრივ ბუნებაში მდგომარეობს. ბათილად ცნობა აქტის უკანონობაზე მიუთითებს, ხოლო ძალადაკარგულად კანონიერის აქტის ცნობა ხდება. ამავდროულად, აქტის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, როგორც წესი, მისი მოქმედების შეწყვეტა ძალადაკარგულად ცნობის მომენტიდან ხდება და მას არ მოსდევს ძალადაკარგულად ცნობამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება. მაგრამ სადავო სადავო აქტების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ძალადაკარგული აქტის საფუძველზე შეთანხმებული პროექტის მიხედვით მშენებლობის გაგრძელება დაუშვებელია. ანუ, ძალადაკარგულად ცნობა ერთგვარ გავლენას ახდენს იმ მოქმედებებზე, რაც დაინტერესებული პირის მიერ იქნა განხორციელებული. სასამართლო ამ განმარტების დასადასტურებლად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნებზე მიუთითებს. კერძოდ, 96-ე მუხლის მიხედვით შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს შენობა-ნაგებობის შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში დამკვეთმა უნდა წარადგინოს განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები. ამავე ნორმატიული აქტის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობის შესაბამის სახელმწიფო ზედამხედველს შეუძლია მოახდინოს ობიექტის დათვალიერება ან/და აზომვა მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რისთვისაც დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ზედამხედველი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.

ამდენად, მითითებული ნორმატიული მოთხოვნა ცხადყოფს, რომ დასრულებული მშენებლობა შესაბამისობაში უნდა იყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტაციასთან. ამ უკანასკნელს კი მოპასუხის მიერ 2013 წელს შეთანხმებული პროექტი კი არა არამედ 2014 წლის დეკემბერში შეთანხმებული კორექტირებული პროექტი წარმოადგენს. შესაბამისად, ეთ-------–---–-–---–ი მშენებლობას ვერ განახორციელებს იმ პროექტის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებდა კორექტირებულ პროექტს და რომლის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით გამოცემული აქტები ძალადაკარგულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს წარმოადგენს.

მოსარჩელე მხარემ აგრეთვე მიუთითა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს ტექნიკურ მოთხოვნებთან, უსაფრთხოების ნორმებთან და შენობის მდგრადობის კუთხით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს მის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადაო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოებების არსებობა. მართალია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე აღძრულ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ მოსარჩელე სრულიად განთავისუფლებულია მტკიცების ტვირთისგან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, არ დადგენილა პროექტში მითითებული მონაცემების შეუსაბამობა უსაფრთხოების ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს არ მიუთიტებია პროექტის ამგვარ ხარვეზზე. ამავდროულად, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში არ მსჯელობს და არ იკვლევს ეთ-------–---–-–---–ის მიერ რეალურად აშენებული ნაგებობის მდგრადობის საკითხს. არამედ მოცემული დავის ფარგლებში განიხილება სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერება და ამ მიზნით შემოწმდა შეთანხმებული პროექტი კანონშესაბამისია თუ არა. ერთადერთი შეუსაბამობა, რაც განხილვის შედეგად დადასტურდა არის ის, რომ სამშენებლო პროექტით, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ 2013 წლის დეკემბერში გამოსცა სადავო ადმინისტრაციული აქტები, დარღვეული იყო ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების“ 29-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა. თუმცა, აგრეთვე დადგენილია, რომ ამ პროექტის მიხედვით მშენებლობის განხორციელება ვერ მოხდება და შემდგომში შეთანხმებული კორექტირებული პროექტი აღარ ითვალისწინებს საზოგადოებრივ სივრცეში 2.2 მეტრი სიგრძის კონსტრუქციულ ნაწილის და ე.წ. ,,Г“ საყრდენის მოწყობას.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძალადაკარგული 21.12.2013 წლის №2155 ბრძანების და 26.12.2013 წლის №000248 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. მოსარჩელემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 18.12.2014 წლის №2382 ბრძანების და №000036 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა, რომ ამ შემთხვევაშიც დარღვეულია კანონის მოთხოვნა, ვინაიდან შეთანხმებული პროექტი სცდება სამშენებლო მიწის ნაკვეთს და იჭრება საზოგადოებრივ სივრცეში.

,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების’’ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს მიწის ზედაპირიდან 4.5 მეტრი სიმაღლეზე საზოგადოებრივ სივრცეში 0.3 მეტრზე მეტად შეჭრას. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 4.5 მეტრი სიმაღლიდან აკრძალულია საზოგადოებრივ სივრცეში შენობის დამამთავრებელი კარნიზების და სახურავის არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი გადმოწევა 1.0 მ-ზე მეტად. ამდენად, კანონმდებლობით საზოგადოებრივ სივრცეში აკრძალული არ არის 4.5 მეტრის სიმაღლემდე 0.3 მეტრამდე შესვლა, ხოლო 4.5. მეტრის სიმაღლიდან 1 მეტრამდე შესვლა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 დეკემბრის №2382 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით მიშენება მიწის ზედაპირიდან 3.12 მეტრ სიმაღლეზე 0.27 მეტრით სცდება საჯარო რეესტრში ამხანაგობა ,,მე---------ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს და საზოგადოებრივ სივრცეში გადადის. ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში 1 მეტრით გადადის მიშენების სახურავი, რომლის ყველაზე დაბალი ნაწილი პროექტის მიხედვით მიწის ზედაპირიდან 5,66 მეტრის სიმაღლეზე უნდა მოეწყოს. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით შეთანხმებული პროექტი არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

დამატებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რომლის მიხედვით ეთ-------–---–-–---–ის მხრიდან მშენებლობა ხორციელდება ზუ-----------–---–ის კუთვნილ სასაწყობე ფართზე მეორე სართულის დაშენებით. შპს ,,არ--------ის“ მიერ მომზადებული მიშენება-რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით ზუ-----------–---–ის სასაწყობე ფართის დასავლეთი კედლის სიგრძე 4.28 მეტრს შეადგენს და ამდენად, იგი ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარს ერთი მეტრით სცილდება და საზოგადოებრივ სივრცეშია გადასული. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ კორექტირებული პროექტი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია, შეუძლებელია მის მიხედვით აშენებული შენობა მოსარჩელეს კუთვნილ შენობა-ნაგებობის ნულოვან სართულზე პანდუსის მოწყობაში ხელს უშლიდეს და რაიმე ფორმით უარყოფითად მოქმედებდეს მის უფლება-მოვალეობებზე.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის 18.12.2014 წლის №2382 ბრძანება და №000036 მშენებლობის სანებართვო მოწმობა არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და შესაბამისად, სახეზე არ არის მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნა--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24 ) მეშვეობით.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე