გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2883-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე ლ---–ა გ------ძე, გ------ი გ------ძე;
წარმომადგენელი ლ--------–იძე;
მოპასუხე: დ-----ი ს---–---ძე (არ გამოცხადდა);
მოპასუხე: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება;
წარმომადგენელი: ი-----– დ-----ძე;
დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელე გ------ი გ------ძის კუთვნილი ქონება: პლაზმური ტელევიზორი „HISENSE”-ის ფირმის, შავი ფერის - 1 ცალი და ლ---–ა გ------ძის კუთვნილი შავი ფერის ორკამერიანი მაცივარი “HITACHI”-ის ფირმის - 1 ცალი;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლით დაყადაღდა მოსარჩელეების გ------ი და ლ---–ა გ------ძეების კუთვნილი ნივთები იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახის წევრი დ----- გ------ძე, რომელმაც მოგვიანებით შეიცვალა გვარი და ამჟამად არის დ----- ს---–---ძე, 2013 წლის 19 ნოემბერს დააჯარიმეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, მას სახდელის ზომად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რომელიც ვერ გადიხადა. 2017 წლის 27 სექტემბერს აღმასრულებელმა სოფიკო მსხვილიძემ დააყადაღა მოსარჩელე გ------ი და ლ---–ა გ------ძეების კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1. პლაზმური ტელევიზორი „HISENSE”-ის ფირმის, შავი ფერის 1 ცალი, რომელიც არის გ------ი გ------ძის საკუთრება. 2. შავი ფერის ორკამერიანი მაცივარი “HITACHI”-ს ფირმის, 1 ცალი, რომელიც არის ლ---–ა გ------ძის საკუთრება. აღნიშნული ნივთები შეფასებულ იქნა აუდიტის მიერ და მათი ღირებულება განისაზღვრა 850 ლარად. მოძრავი ნივთების დაყადაღების დროს აღმასრულებელს მოსარჩელეების მხრიდან განემარტა, რომ ეს ნივთები არ ეკუთვნოდა მოვალე დ----- ს---–---ძეს და შესაბამისი შენიშვნაც კი გაკეთდა ოქმზე, თუმცა აღმასრულებელმა ეს არ გაითვალისწინა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ----- ს---–---ძემ შესაგებლით სარჩელი ცნო, სასამართლო სხდომაზე კი არ გამოცხადდა.
2.2. მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველმა განყოფილებამ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 27 სექტემბრის აქტით დაყადაღდა ქ. ქუთაისში სოხუმის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: პლაზმური ტელევიზორი „HISENSE”-ის ფირმის, შავი ფერის 1 ცალი; შავი ფერის ორკამერიანი მაცივარი “HITACHI”-ს ფირმის, 1 ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი,-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი;
3.1.3. 2013 წლის 19 ნოემბერს მოპასუხე დ----- გ------ძე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა 500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასამართლოს დადგენილება;
3.1.4 დ----- გ------ძემ შეიცვალა გვარი და ამ დროისათვის მისი გვარი და სახელია დ----- ს---–---ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-პირადობის მოწმობა;
-პასპორტი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 27 სექტემბრის აქტით დაყადაღდა გ------ი გ------ძისა და ლ---–ა გ------ძის კუთვნილი ნივთები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც, გ------ი გ------ძემ 2014 წლის 16 ნოემბერს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით შეიძინა პლაზმური ტელევიზორი „HISENSE”-ის ფირმის და ლ---–ა გ------ძის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო ამონაწერები (ერთვის სასამართლო სხდომის ოქმს);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო მიიჩნევს, წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოვალეს არ შეუძენია დაყადაღებული ქონება, ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია კვლავ მოსარჩელეს მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი, ასეთი მტკიცებულებები კი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---–ა გ------ძისა და გ------ი გ------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.2.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებით დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს აღწერილი და დაყადაღებული ნივთები შეძენილია გ------ი გ------ძისა და ლ---–ა გ------ძის მიერ და არის მათ მფლობელობაში, მოსარჩელე ლ---–ა გ------ძის შვილის და გ------ი გ------ძის ძმას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მათ შეძენაში. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებებზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. მოპასუხეს არ მიუთითებია, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული მოსარჩელის განმარტება და რატომ არ უნდა იქნას მიჩნეული ის სარწმუნოდ.
ამდენად, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს ქ. ქუთაისში სოხუმის ქუჩა N 7 საცხოვრებელ ბინაში აღწერილი და დაყადაღებული ნივთები არის გ------ი გ------ძისა და ლ---–ა გ------ძის საკუთრება, რის გამოც მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა წარმომადგენელმა უარი განაცხადა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის მოპასუხეებზე დაკისრების მოთხოვნაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ---–ა გ------ძისა და გ------ი გ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 სექტემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები - პლაზმური ტელევიზორი „HISENSE”-ის ფირმის, შავი ფერის 1 ცალი; შავი ფერის ორკამერიანი მაცივარი “HITACHI”-ს ფირმის, 1 ცალი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე