გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1530-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - მ------------------ე, კ-------------------ე, ზ-------------–---–ი, შ-----------------ი, ი-–----------–---–ი
წარმომადგენელი - ლ---------------ე
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - თ--------------ე
მოპასუხე - შპს „ს-----------------------“
წარმომადგენელი - მ------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოსარჩელეებზე არაკანონიერად მინიჭებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორიის შეცვლა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორიით.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის №6------------ წერილი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის №6------------ წერილი;
1.3. დაევალოს მოპასუხე - შპს ”ს----------------------ს” მოსარჩელეებზე არაკანონიერად მინიჭებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორიის შეცვლა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორიით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - შპს ,,ს-----------------------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი 2015 წლის 27 ოქტომბერი) მ------------------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე, ბ-----------------------------------------–-------–--------------------ედ; საკადასტრო კოდი: 6-----------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი 2017 წლის 24 თებერვალი) ზ-------------–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე, ბ-------------------------------------------------–------------; საკადასტრო კოდი: 6-----------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი 2016 წლის 21 ოქტომბერი) შ-----------------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე, ბ----------------------------------------------------–------------; საკადასტრო კოდი: 6-----------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი 2014 წლის 01 ოქტომბერი) ი-–----------–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე, ბ-------------------------------------------------------------; საკადასტრო კოდი: 6-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 53-54; 55-56; 57-58; 64-65
4.1.2. მ------------------ე, კ-------------------ე, ზ-------------–---–ი, შ-----------------ი, ი-–----------–---–ი ცხოვრობენ თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში და თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სეზონურად აქირავებენ. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულნი არიან ფიქსირებულ გადამხდელებად და იხდიან გადასახადებს, როგორც ფიზიკური პირები.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება - იხ. სხდომის ოქმი
- ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სერთიფიკატები- ს/ფ 44-48
- საგადასახადო მოთხოვნები - ს/ფ 45-49
4.1.3. მოსარჩელეებმა - მ------------------ემ, კ-------------------ემ და ზ-------------–---–მა შპს ,,ს-----------------------’’-საგან 2017 წლის აპრილი-მაისის თვეში მიიღეს წერილები, რომლითაც მათ ეცნობათ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.
ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც გაზს ყიდულობს და არ მოიხმარს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ითვლება, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მისი ტარიფი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანებით დარეგულირებულია.
შპს ,,ს----------------------მა’’ მოძიებული ინფორმაციით დაადგინა, რომ ზემოთ აღნიშნული მოქალაქეები ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნდათ სასტუმრო, რას ასევე დადასტურებული იქნა მოქმედი სარეკლამო საინფორმაციო ვებ-გვერდებზე განთავსებული მასალიდან.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ფუნქციონირების შეუფერხებელი, ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდებისა და ტარიფის სამართლიანი გადანაწილების, ასევე საგადასახადო რისკებისა და კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, 2017 წლის 01 ივლისიდან ბილინგის ერთიან ელექტრონულ ბაზაში განხორციელდა ცვლილება და მოსარჩელეებს მიენიჭებოდათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია. მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთი კუბურმეტრზე განისაზღვრა 1.03 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- შპს ,,ს-----------------------ს’’ 2017 წლის 01მაისის N O---------------------- წერილი - ს/ფ 35-36
- შპს ,,ს-----------------------ს’’ 2017 წლის 10 აპრილის N O----------------------- წერილი - ს/ფ 37-38
- შპს ,,ს-----------------------ს’’ 2017 წლის 10 აპრილის N O----------------------- წერილი - ს/ფ 39-40
4.1.4. 2017 წლის 12 სექტემბერს მ------------------ემ, კ-------------------ემ და დ--------------ის სხვა მაცხოვრებლებმა ერთობლივი საჩივრით მიმართეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას და განმარტეს, რომ შპს ,,ს----------------------მა’’ არაკანონიერად მიანიჭათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია, რის გამოც ითხოვეს შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში, დავალებოდა ლიცენზიანტს შეეცვალა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია სამომხმარებლო კატეგორიით და ანაზღაურებოდათ ზიანი (სხვაობა), რომელიც მიადგათ აღნიშნული ქმედებით. ამასთან, ვინაიდან უმეტეს მათგანს გაზრდილი ტარიფით დარიცხული დავალიანება არ ჰქონდა დაფარული, როგორც მარეგულირებელს უზრუნველეყო, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტამდე არ მომხდარიყო ,,ს-----------------------ს’’ მიერ მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საჩივარი - ს/ფ 130-134
4.1.5. შპს ,,ს-----------------------ს’’ 2017 წლის 05 ოქტომბრის N O----------------------- წერილის მიხედვით, შპს ,,ს----------------------მა’’ გამოთქვა მზაობა და შეთავაზებული იქნა როგორც საქმიანობის სეზონული ტარიფის, ასევე გაქირავებულ ფართში დამატებით ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის მოწყობა, რაზეც კომპანია წესების სრული დაცვით მოახდენდა შესაბამის ქმედებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ითვალისწინებდა რა მომხმარებელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში სამუშაო შეხვედრაზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს, გამოთქვა მზადყოფნა იმ მომხმარებლებს, რომლებიც საგადასახადო ორგანოში პერიოდულად დარეგისტრირდებიან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად და სათანადო წესით კომპანიაში წარადგენენ აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მიანიჭოს მათ შესაბამისი მომხმარებლის კატეგორია და სათანადო ბუნებრივი გაზის ფასი/სამომხმარებლო ტარიფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- შპს ,,ს-----------------------ს’’ 2017 წლის 05 ოქტომბრის N O----------------------- წერილი - ს/ფ. 28-29
4.1.6. 2017 წლის 09 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N6--------------------- (6------------) წერილით მ------------------ეს და დ--------------ის სხვა მაცხოვრებლებს (ხოლო ასლი შპს ,,ს----------------------ს’’) გაეგზავნათ შპს ,,ს-----------------------ს’’ წერილობითი ახსნა-განმარტება და ასევე განემარტათ, რომ იმ შემთხევაში თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გააჩნდათ პრეტენზია, შეეძლოთ კომისიაში წარედგინათ გაცხადება სათანადო მტკიცებულებებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის N6--------------------- (6------------) (6------------) წერილი - ს/ფ. 27
4.1.7. 2017 წლის 24 ნოემბერს მ------------------ემ, კ-------------------ემ და დ--------------ის სხვა მაცხოვრებლებმა ერთობლივი საჩივრით მიმართეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას და განმარტეს, რომ შპს ,,ს----------------------მა’’ არაკანონიერად მიანიჭათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია, რის გამოც ითხოვეს შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში, დავალებოდა ლიცენზიანტს შეეცვალა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია სამომხმარებლო კატეგორიით და ანაზღაურებოდათ ზიანი (სხვაობა), რომელიც მიადგათ აღნიშნული ქმედებით. მოსარჩელეები საჩივარში მიუთითებდნენ, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს, შეუძლებელია განხილულნი ყოფილიყვნენ გაზის არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლად. საცხოვრებელი სახლის მოკლე ვადით გაქირავება არ ცვლის გაზის საყოფაცხოვრებო გამოყენების მიზნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საჩივარი - ს/ფ. 138-143
4.1.8. შპს ,,ს-----------------------ს’’ 2017 წლის 12 დეკემბრის N O----------------------- წერილის მიხედვით, შპს ,,ს-----------------------ს’’ მიერ გადამოწმებული იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წერილში მითითებული პირების მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის საკითხი. საჩივრის ავტორები აღიარებენ და სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ისინი აქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, რის გამოც წარმოადგენენ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს და რეგისტრირებულნი არიან ასეთებად, კანონით დადგენილი წესით, სსიპ შემოსავლების სამსახურში, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, ამ აბონენტებისათვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სტატუსისა და შესაბამისი ბუნებრივი გაზის ფასის მინიჭების საფუძველი გახდა. შპს ,,ს-----------------------’’ ითვალისწინებს რა მომხმარებელთა მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიაში სამუშაო შეხვედრაზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს, გამოთქვა მზადყოფნა იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც საგადასახადო ორგანოში პერიოდულად დარეგისტრირდებიან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად და სათანადო წესით კომპანიაში წარადგენენ ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მიანიჭოს მათ შესაბამისი მომხმარებლის კატეგორია და სათანადო ბუნებრივი გაზის ფასი/სამომხმარებლო ტარიფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- შპს ,,ს-----------------------ს’’ 2017 წლის 12 დეკემბრის N O----------------------- წერილი - ს/ფ 20
4.1.9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის N1--------------------------- (6------------) წერილით თ--------------–-–---–ს და დ--------------ის სხვა მაცხოვრებლებს (ხოლო ასლი შპს ,,ს----------------------ს’’) გაეგზავნათ შპს ,,ს-----------------------ს’’ წერილობითი ახსნა-განმარტება და ასევე განემარტათ, რომ იმ შემთხევაში თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გააჩნდათ პრეტენზია, შეეძლოთ კომისიაში წარედგინათ გაცხადება სათანადო მტკიცებულებებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის N1--------------------------- (6------------) წერილი - ს/ფ 19.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------------------ის, კ-------------------ის, ზ-------------–---–ის, შ-----------------ის, ი-–----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №6------------ წერილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის №6------------ წერილი წარმოადგენენ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან ისინი კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტენ, ადასტურებენ, აზუსტებენ პირთა შეზღუდული წრის უფლებებს, მოსარჩელეებმა მიმართეს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას მის კომპეტენციას შემავალი საკითხის განხილვისთვის, თუმცა კომისიამ საკითხი არ განიხილა და მხოლოდ შპს ”ს-----------------------ს” ახსნა-განმარტება გადაუგზავნა მოსარჩელეებს, რითაც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, დაადასტურა, რომ შპს ”ს-----------------------ს” ქმედება იყო კანონიერი, ამდენად, აღნიშნული წერილები, სასამართლოს აზრით, ზიანს აყენებენ მოსარჩელეთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. აქედან გამომდინარე განხილული უნდა იქნენ, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ”ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.
”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მიიჩნევს, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული საჩივარი არის – დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამავე კოდექსის მე-13 თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ------------------ეს, კ-------------------ეს, ზ-------------–---–ს, შ-----------------ს და ი-–----------–---–ს საკუთრებაში აქვთ უძრავი ქონებები ბ-------------------ი დ--------------ში, სადაც ცხოვრობენ თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში და თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სეზონურად აქირავებენ. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულნი არიან ფიქსირებულ გადამხდელებად და იხდიან გადასახადებს, როგორც ფიზიკური პირები. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა - მ------------------ემ, კ-------------------ემ, ზ-------------–---–მა შპს ,,ს-----------------------’’-საგან 2017 წლის აპრილი-მაისის თვეში მიიღეს წერილი, რომლითაც მათ ეცნობათ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი. ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც გაზს ყიდულობს და არ მოიხმარს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ითვლება, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მისი ტარიფი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანებით დარეგულირებულია. შპს ,,ს----------------------მა’’ მოძიებული ინფორმაციით დაადგინა, რომ ზემოთ აღნიშნული მოქალაქეები ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნდათ სასტუმრო, რას ასევე დადასტურებული იქნა მოქმედი სარეკლამო საინფორმაციო ვებ-გვერდებზე განთავსებული მასალიდან. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ფუნქციონირების შეუფერხებელი, ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდებისა და ტარიფის სამართლიანი გადანაწილების, ასევე საგადასახადო რისკებისა და კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, 2017 წლის 01 ივლისიდან ბილინგის ერთიან ელექტრონულ ბაზაში განხორციელდა ცვლილება და მოსარჩელეებს მიენიჭებოდათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია. მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთი კუბურმეტრზე განისაზღვრა 1.03 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ორჯერ - 2017 წლის 12 სექტემბერს და 2017 წლის 24 ნოემბერს საჩივრებით მიმართეს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და განმარტეს, რომ შპს ,,ს----------------------მა’’ არაკანონიერად მიანიჭათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია, რის გამოც ითხოვეს შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში, დავალებოდა ლიცენზიანტს შეეცვალა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორია სამომხმარებლო კატეგორიით და ანაზღაურებოდათ ზიანი (სხვაობა), რომელიც მიადგათ აღნიშნული ქმედებით. მოსარჩელეები საჩივარში მიუთითებდნენ, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს, შეუძლებელია განხილულნი ყოფილიყვნენ გაზის არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლად. საცხოვრებელი სახლის მოკლე ვადით გაქირავება არ ცვლიდა გაზის საყოფაცხოვრებო გამოყენების მიზნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ფორმა და რეკვიზიტები. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. მე-2 ნაწილის მიხედვით, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; ე) გამოცემის დროსა და ადგილს; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს. მე-2 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის N6--------------------- (6------------) წერილით მ------------------ეს და დ--------------ის სხვა მაცხოვრებლებს (ხოლო ასლი შპს ,,ს----------------------ს’’) გაეგზავნათ შპს ,,ს-----------------------ს’’ წერილობითი ახსნა-განმარტება და ასევე განემარტათ, რომ იმ შემთხევაში თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გააჩნდათ პრეტენზია, შეეძლოთ კომისიაში წარედგინათ გაცხადება სათანადო მტკიცებულებებთან ერთად, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 22 დეკემბრის N1--------------------------- (6------------) წერილით თ--------------–-–---–ს და დ--------------ის სხვა მაცხოვრებლებს (ხოლო ასლი შპს ,,ს----------------------ს’’) გაეგზავნათ შპს ,,ს-----------------------ს’’ წერილობითი ახსნა-განმარტება და ასევე განემარტათ, რომ იმ შემთხევაში თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გააჩნდათ პრეტენზია, შეეძლოთ კომისიაში წარედგინათ გაცხადება სათანადო მტკიცებულებებთან ერთად. თუმცა აღნიშნული წერილები არ შეიცავს, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმასა და რეკვიზიტებს, ასევე სადავო აქტებში მოპასუხის მიერ არ არის დასაბუთებული თუ რა გარემოებებისა და სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ უნდა გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო ასევე განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას, დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან, ასევე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის N6------------ და 2017 წლის 22 დეკემბრის N6------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას განიხილოს მოსარჩელეთა 2017 წლის 12 სექტემბრის, 2017 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრები და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს მოპასუხე - შპს ”ს----------------------ს” მოსარჩელეებზე არაკანონიერად მინიჭებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორიის შეცვლა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის კატეგორიით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სადავო აქტების ბათილად ცნობა და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას განიხილოს მოსარჩელეთა 2017 წლის 12 სექტემბრის (N1-------), 2017 წლის 24 ნოემბრის (N1-------) ადმინისტრაციული საჩივრები და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გულისხმობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნულ საჩივრებში მითითებული საკითხების ხელახალ შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის ზემოთ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი. ამდენად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------------------ის, კ-------------------ის, ზ-------------–---–ის, შ-----------------ის და ი-–----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 09 ნოემბრის N6------------ და 2017 წლის 22 დეკემბრის N6------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განიხილოს მოსარჩელეთა 2018 წლის 12 სექტემბრის (N1-------), 2018 წლის 24 ნოემბრის (N1-------) ადმინისტრაციული საჩივრები და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი