გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2019
საქმის ნომერი
140310019002842744
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019002842744

საქმე № 3/20-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ხ----- ფ-----–---–-

 

მოპასუხე: დ-------- რ------–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ხელფასის სახით გაცემული თანხის - 294,20 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, დ-------- რ------–---–ი (პირ. № 5----------) მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზებული ბატალიონის მე-2 მექანიზებული ასეულის მე-3 მექანიზებული ოცეულის მძღოლ-მექანიკოსად, საიდანაც კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათავისუფლდა 2018 წლის 20 ივლისიდან. მისი თანამდებობრივი სარგო და დანამატი ხელზე მისაღები თანხის სახით განსაზღვრული იყო 760 ლარით; მას 2018 წლის 20 ივლისს ზედმეტად ჩაერიცხა 12 დღის თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი პირად ანგარიშზე 294,20 ლარი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით; შესაბამისად, მას ეს თანხა ზედმეტად აქვს აღებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დ-------- რ------–---–ი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზებული ბატალიონის მე-2 მექანიზებული ასეულის მე-3 მექანიზებული ოცეულის მძღოლ-მექანიკოსად, საიდანაც კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათავისუფლდა 2018 წლის 20 ივლისიდან. მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 760 ლარით;

 

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 20 ოქტომბრის № 7427, 2018 წლის 02 ოქტომბრის № 6001 ბრძანებები, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2019 წლის 24 იანვრის № MOD 0 19 00072953 მიმართვა.

 

3.2.2. დ-------- რ------–---–ს 2018 წლის 20 ივლისს სრულად ჩაერიცხა 760 ლარი პირად ანგარიშზე.

 

მტკიცებულება: საგადასახადო მოთხოვნა: № 331588, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2019 წლის 24 იანვრის № MOD 0 19 00072953 მიმართვა.

 

3.2.3. დ-------- რ------–---–ი 2018 წლის 20 ივლისიდან დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

 

მტკიცებულება: სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 2018 წლის 2 ოქტომბრის № MOD 0 18 00006001 მიმართვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ხელფასის ნაწილი 12 სამუშაო დღისთვის, რაც მას რეალურად არ უმსახურია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე;

 

იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

 

დადგენილია, რომ დ-------- რ------–---–ი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში მძღოლ-მექანიკოსად, და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.

 

მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 950 ლარით, საიდანაც ხელზე მისაღები თანხა 760 ლარია.

 

დადგენილია, რომ დ-------- რ------–---–ი 2018 წლის 20 ივლისიდან დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, და მას სრულად ჩაერიცხა 31 დღის ხელფასი.

 

მას 2018 წლის 20 ივლისს პირად ანგარიშზე საქართველოს თავდაცის სამინისტროსგან ჩაერიცხა სრული თვის - 2018 წლის ივლისის ხელფასი, თუმცა იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2018 წლის 20 ივლისიდან და 12 სამუშაო დღე არ უმუშავია; შესაბამისად, მან მიიღო სახელფასო ანაზღაურება იმ დღეებზეც, რაც მას არ უმუშავია - 294,20 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 294,20 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობამ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე დ-------- რ------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის ივლისში ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 294 (ორასოთხმოცდათოთხმეტი) ლარისა და 20 თეთრის გადახდა.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი