გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35488-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13თებერვალი2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი”
წარმომადგენელი - ნ---------------–--ე
მოპასუხე - გ------------------ა
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------------------ას შპს "მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 4 500 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. გ------------------ას შპს "მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარგებელის - 2 175.05 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 21 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N-–---------- რომლის საფუძველზე მსესხებელს თვეში 5 % -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4 500 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტმობილი ბმ------- ი. ხელშეკრულების შესაბამისად, 2016 წლის 21 მარტს მოპასუხეს სრულად და ჯეროვნად გადაეცა სესხი 4 500 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მათგან დამოუკიდებლად 2018 წლის 31 ივლისს იძულებით გამართულ აუქციონზე მოხდა გ------------------ას ავტომობილის რეალიზაცია 7 920 ლარად. ავტომობილი წარმოადგენდა გირავნობის საგანს, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კომპანიისთვის 2018 წლის 30 აგვისტოს მოხდა გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის 7 401.87 ლარის გადარიცხვა. რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 397 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 2 477.28 აშშ დოლარი - ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი.
სარჩელის წარდგენის დროისთვის მოპასუხეს ერიცხება დავალიანება ავტომობილის რეალიზაციამდე სესხზე დარიცხული სარგებელი 2 175.05 აშშ დოლარი და სესხის ძირითადი თანხა 4 500 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5 % - ის ოდენობით.
სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2018 წლის 06 ნოემბერს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს და მიეცა დამატებითი ვადაც, თუმცა შეტყობინების ჩაბარება კომპანიისთვის ცნობილ მისამართზე ვერ მოხერხდა. ამის შემდგემ, მსესხებელს სატელეფონო საუბრით ეცნობა დავალიანების არსებობის შესახებ, თუმცა, მის მიერ არ მომხდარა სესხის დაფარვა.
მსესხებლის დავალიანება 2018 ლის 06 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს საერთო ჯამში 6 675.05 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და სადაოდ მიიჩნია ავტომობილის შეფასება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 21 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N-–---------- რომლის საფუძველზე მსესხებელს თვეში 5 % -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4 500 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტმობილი ბმ------- ი. სესხი იყო სარგებლიანი და მისი ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5 %-ს.
სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 24 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს. სესხისა და სარგებლის გადასახდელი ნაწილის (თანხის) ოდენობა და მათი გადახდის პერიოდულობა განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი N 1 - ში მოცემული გადახდის გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 15 -20);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ.24)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2018 წლის 31 ივლისს, იძულებით გამართულ აუქციონზე მოხდა გ------------------ას საკუთრებაში არსებული ავტომობილის BM----------------------1AN რეალიზაცია 7 920 ლარად. აღნიშნული თანხიდან მოსარჩელის ანგარიშზე გადაირიცხა 7 401.87 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განკარგულება (ს.ფ.26 -27);
- საგადახდო დავალებები (28 -29);
- სააღსრულებო ბიუროს მასალები (ს.ფ. 30 - 34)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. ავტომობილის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან ნაწილობრივ გაიქვითა მოპასუხის დავალიანება. კერძოდ, სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო სრულად 397 აშშ დოლარი და სარგებლის ნაწილი 2 477.28 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „მ---------------------ი“-ს წერილი, საფოსტო შეტყობინება (ს.ფ, 26 - 27)
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 გ------------------ას დავალიანება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 4 500 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული სარგებლის ნაწილში 870 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-625-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ შპს მისო „ე---------------ს“ და გ------------------ას შორის, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის 21 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხად გადაეცა 4 500 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვით.
დადგენილია, რომ გ------------------ამ სესხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 2016 წლის 21 აპრილიდან. დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხის სახით გ------------------ას ერიცხება დავალიანება 4 500 აშშ დოლარის ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე მუხლების შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს სესხის ძირი თანხა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 21 მარტს, მოვალის მიერ გადასახდელი პროცენტის წილის ჯამი აღნიშნული დროიდან ხელშეკრულების ვადის 24 თვის განმავლობაში (21/03/2018წ) შეადგენდა 3 698 აშშ დოლარს (სხდომის ოქმი). ხელშეკრულების დადების მომენტში მოვალის მიერ პროცენტის სახით დაიფარა 350 აშშ დოლარი. ამასთან, უდავოა, რომ ავტომობილის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით მოპასუხის ვალდებულებას სარგებლის სახით გამოაკლდა 2 477.28 აშშ დოლარი. შესაბამისად, დარჩენილი სარგებლის ოდენობა უნდა შეადგენდეს 870 აშშ დოლარს და არსებობს მისი ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო, როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მასვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, რაც შეადგენს 455.3 ლარს (სასარჩელო მოთხოვნის 85%).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს "მ---------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ------------------ას შპს "მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 4 500 აშშ დოლარის გადახდა;
3. გ------------------ას შპს "მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის სარგებლის 870 აშშ დოლარის გადახდა.
4. გ------------------ას შპს "მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 455.3 ლარის გადახდა;
5. შპს "მ---------------------ი“-ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე