განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002607183
N1/189-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ----- ი-–--- ძე ე------ე, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ა-–-------–---------------------, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. მ------–- ლ------ე ქორწინებაში იმყოფება მ------ ე------ესთან. ისინი, ერთად ცხოვრობენ ზესტაფონში, წ-------–---------------–-. 2018 წლის ივნისის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, წ-------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ----- ე------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, მ------–- ლ------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ერთხელ დაარტყა მუშტი ნიკაპის არეში. მ----- ე------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ------–- ლ------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის ივნისის თვის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ზესტაფონში, წ-------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ე------ეს, მეუღლის - მ------–- ლ------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ------–- ლ------ემ განაცხადა, რომ მ----- ე------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–----------- მდებარე ბინაში.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ა-----ემ განაცხადა, რომ მ----- ე------ე არის მისი სიძე, შვილის - მ------–- ლ------ის მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–----------- მდებარე ბინაში.
5. სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა მ----- ე------ემ განაცხადა, რომ მ------–- ლ------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–----------- მდებარე ბინაში.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----- ე------ე და დაზარალებული მ------–- ლ------ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდი):
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ------–- ლ------ემ განაცხადა, რომ მ----- ე------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–----------- მდებარე ბინაში. 2018 წლის ივნისის თვეში (ზუსტად რიცხვი არ ახსოვს), სახლში ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას, მ----- ე------ემ მას ხელი დაარტყა ნიკაპის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო, ის წასული იყო სახლიდან, იყო მეგობართან, ქ.ტყიბულში 5 დღით. დაზარალებულის განმარტებით, მ.ე------ესთან ჩხუბის მიზეზი იყო მის მიერ ხშირად ალკოჰოლის მიღება. ამავდროულად, მ----- ე------ე ყოველთვის საყვედურობდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. წარსულშიც, ხშირად მიუყენებია მ-----ს მისთვის როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღნიშნულის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია, ვინაიდან არ სურდა ოჯახის დანგრევა და მაქსიმალურად ითმენდა.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ა-----ემ განაცხადა, რომ მ----- ე------ე არის მისი სიძე, შვილის - მ------–- ლ------ის ქმარი. 2018 წლის ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, შვილისგან, მ------–-სგან იცის, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - მ----- ე------ემ. როგორც მ------–-მ უთხრა „არ ვიცი როგორ გადავრჩიო“. აღნიშნულის გამო, მ------–- რამდენიმე დღით წასული იყო ქ.ტყიბულში, მეგობართან და როდესაც იქედან დაბრუნდა, მასთან მივიდა სახლში. მოწმის განმარტებით "მ------ ალბათ შეეხო მ------–-ს ყველანაირად".
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- გ---–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივლისის დასაწყისში, მას ტელეფონზე დაუკავშირდა მ------–- ლ------ე და ჰკითხა თუ იყო სახლში, რაზეც დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულის შემდეგ, მ------–-მ მას უთხრა, რომ სახლში აღარ დაედგომებოდა და ჩავიდოდა მასთან, რასაც დათანხმდა. მართლაც, მ------–- ჩავიდა მასთან ტყიბულში და დარჩა 4 დღე. მ------–-სგან იცის, რომ მ-----თან აღარანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და მ------ ავიწროვებდა მას. მასთან ყოფნის დროს, ტელეფონზე დაურეკა მ-----მა, რა დროსაც უთხრა, რომ არ იყო ჩასული ტყიბულში კაი საქმეზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც მ------–-სგან იცის, სასამართლოსგან მ-----ს გაფრთხილება აქვს მიღებული, როდესაც მ------–-ს ის ფიზიკურად შეეხო.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო მ----- ე------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიარეა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა მ.ე------ეს და გამოკითხა ბრალდებულის სახით. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის მ.ე------ის მიმართ.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ----- ე------ემ განაცხადა, რომ მ------–- ლ------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–----------- მდებარე ბინაში. 2018 წლის ივნისის თვეში, მ------–- ლ------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მართალია, მეუღლეებს შორის ხდებოდა სიტყვიერი შეკამათება, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა მ------–-სთვის არასდროს მიუყენებია. მისი განმარტებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მ------–-სთვის მიუყენებია, თუმცა ფიზიკური არასდროს.
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 1----------–------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------–- ლ------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
14. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ (ბრალდებულმა), უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტის გ------- გ-------–-–---–ის დაკითხვა.
15. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის ჩარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება მ----- ე------ის მიერ, წარდგენილი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ----- ე------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის (ბრალდებულის) პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის (ბრალდებულის) პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მ----- ე------ის მხრიდან დაზარალებულ მ------–- ლ------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის ივნისის თვის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ზესტაფონში, წ-------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ე------ეს, მეუღლის - მ------–- ლ------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
19. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ----- ე------ის მიერ მ------–- ლ------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ - მ------–- ლ------ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ----- ე------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის ივნისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მ----- ე------ემ სცემა მ------–- ლ------ე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ა-----ემ და მ--- გ---–--ემ, სასამართლოს გადმოსცეს არასრულყოფილი ინფორმაცია, გაგებული დაზარალებულისაგან. თუმცა მოწმეებს, სად, როდის, როგორ, რა ვითარებაში რა ადგილზე მიაყენა დაზიანება დაზარალებულს ბრალდებულმა, არ განუცხადებიათ. ანუ, სასამართლოსთვის დეტალები, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მათი ჩვენების გაზიარებისა, არ უთქვამთ. ზოგაგად, მშრალად შემოიფარგლნენ სიტყვების მითითებით, რომ მ----- ე------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------–- ლ------ეს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, დაზარალებულ მ------–- ლ------ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ 1---------–-----------------ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ------–- ლ------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მართალია დასკვნაში, გრაფებში „საქმის გარემოება“ და „შესამოწმებლის გადმოცემით“ მითითებულია, რომ „2018 წლის ივნისის თვის ბოლოს, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, საცხოვრებელ სახლში მოუვიდა შელაპარაკება მეუღლესთან მ----- ე------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა“, თუმცა, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დაზარალებულის პოზიციას დაზიანებების მიმყენებელი პირის ნაწილში და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ცალკე, დამოუკიდებლად, ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ, პირდაპირ მტკიცებულებად მიჩნევა დაუშვებელია, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული გრაფები - „საქმის გარემოება“ და „შესამოწმებლის გადმოცემით“ ასახავს თავად დაზარალებულ მ------–- ლ------ის განმარტებებს.
21. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ მ----- ე------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების - დაზარალებულის ჩვენების არსებობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, მ----- ე------ე მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ დაადგინა:
22. 2018 წლის 10 ივლისს, მ------–- ლ------ე, იმის გამო, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტური დამოკიდებულება, დროებით იმყოფებოდა ზესტაფონში, ა------ს ქუჩა N---ში მცხოვრებ დედასთან - რ--------- ა-----ესთან. დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე პერიოდში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ----- ე------ე, მივიდა ზესტაფონში, ა------ს ქუჩა N---ში მეუღლის დედის - რ--------- ა-----ის საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - რ--------- ა-----ეს, სურდა სახლში შესვლა, მაგრამ ვინაიდან კარები იყო დაკეტილი შეეცადა ფანჯრიდან გადასვლას. აღნიშნულზე, რ--------- ა-----ემ გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც, მ----- ე------ემ, მარჯვენა ხელი ერთხელ გაარტყა მარცხენა ლოყაში. მ----- ე------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, რ--------- ა-----ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა რ--------- ა-----ემ განაცხადა, რომ მ----- ე------ე არის მისი სიძე, ქალიშვილის - მ------–- ლ------ის ქმარი.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------–- ლ------ემ განაცხადა, რომ მ----- ე------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, წ-------–----------- მდებარე ბინაში.
25. სასამართლო სხდომაზე დაკთხულმა ბრალდებულმა მ----- ე------ემ განაცხადა, რომ რ--------- ა-----ე არის მისი მეუღლის დედა და ის ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ა------ს ქუჩაზე.
26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
27. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----- ე------ე და დაზარალებული რ--------- ა-----ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი):
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა რ--------- ა-----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, მასთან სახლში მივიდა მისი შვილი მ------–- ლ------ე და სთხოვა, რომ მასთან დარჩებოდა, რასაც ის დასთანხმდა. საღამოს საათებში, მას ტელეფონზე დაურეკა სიძემ მ----- ე------ემ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა. გაუთიშა ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ, ბევრჯერ დარეკა მ-----მა, თუმცა არ უპასუხა. რამდენიმე ხანში, დაახლოებით 22:00 საათისათვის, გაიგო ჭიშკრის ხმა, გინება. მ----- ე------ე, რომელიც იყო ნასვამი, მივიდა მასთან სახლში, აბრახუნა კარებზე, აგინა და მოსთხოვა კარების გაღება, ემუქრებოდა ყველაფრის დამტვრევით, თუმცა კარი არ გაუღო. აღნიშნულის შემდეგ, მ------ მივიდა ღია ფანჯარასთან და ისე სცადა სახლში შესვლა. რ.ა-----ე ცდილობა წინააღმდეგობა გაეწია და არ შეეშვა მ----- ე------ე სახლში, თუმცა მ-----მა მაინც შეძლო წელს ზევით ფანჯარაში შესვლა და მარცხენა მხარეს, სახის არეში მისთვის ხელის გარტყმა. ხელის გარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი, რა დროსაც წამიერადაც კი გაითიშა. აღნიშნულზე, დაიწყო ყვირილი და მეზობლების საშველად მოხმობა. მ----- ე------ე წავიდა, რა დროსაც შეძლო ტელეფონის საშუალებით გამოეძახა პოლიცია. რამდენიმე ხანში, მ----- ე------ე დაბრუნდა უკან, ასევე, ადგილზე მივიდნენ პოლიციელებიც. როდესაც მ------–- მეორე სართულიდან ჩავიდა ქვევით, პირველ სართულზე, მ-----მა გაიწია როგორც მ------–-სკენ, ასევე მისკენაც, რა დროსაც ის დააკავეს პოლიციელებმა.
29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------–- ლ------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, საღამოს მივიდა დედასთან და იქ რჩებოდა. საღამოს საათებში, დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ, ასევე, დედამისის სახლში მივიდა მისი მეუღლე მ----- ე------ე, ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც აბრახუნებდა კარებზე და ითხოვდა კარების გაღებას, თუმცა რ.ა-----ემ კარები არ გაუღო. აღნიშნულის შემდეგ, მ----- ე------ე შეეცადა ფანჯრიდან შესულიყო სახლში, თუმცა რ--------- ა-----ე ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. ამ დროს, დაინახა, რომ მ----- ე------ემ ხელი ჩაარტყა რ--------- ა-----ეს სახის არეში. მან დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. მ------ წავიდა, თუმცა რამდენიმე ხანში მიბრუნდა, ასევე, ადგილზე მივიდნენ პოლიციელებიც. როდესაც პოლიციელები დაინახა, თვითონაც ჩავიდა მეორე სართულიდან პირველ სართულზე, რა დროსაც მ----- ე------ემ შეაგინა, გაიწია მისკენ და დედამისისკენ. აღნიშნულზე, პოლიციელების მიერ დაკავებული იქნა მ----- ე------ე. მოწმის განმარტებით, მან მეორე სართულიდან, აივნიდან დაინახა თუ როგორ დაარტყა მ----- ე------ემ დედამისს სახის არეში. კარგად დაინახა დარტყმის ფაქტი. თავად პირველ სართულზე არ ჩავიდა, ვინაიდან შეეშინდა, მ------ იყო ნასვამი და „იცოდა რაც ელოდა“. როდესაც ჩავიდა პირველ სართულზე, დედამისს სიწითლე აღენიშნებოდა სახის არეში, დარტყმის ადგილზე.
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- გ---–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, მას ტელეფონზე დაუკავშირდა მ------–-ს დედა და მოუყვა, რომ მათთან სახლში მისული იყო ნასვამი მ----- ე------ე, რომელიც ცდილობად სახლში შესვლას, თუმცა არ შეუშვეს. კითხულობდა მ------–-ს. ამ დროს მ------–- იმყოფებოდა მეორე სართულზე. მ------ ფანჯრიდან შეეცადა სახლში შესვლას, რა დროსაც სახის არეში დაარტყა ხელი რ--------- ა-----ეს და ამ უკანასკნელს, ლოყა ჰქონდა გაწითლებული.
31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- მ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 10 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება მ------–- ლ------ისგან, ოჯახურ კონფლიქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, კ-------–- ბ--------–---–თან ერთად გამოცხადდა ქ.ზესტაფონში, ა------ს ქუჩა N---ში, სადაც მათ დახვდათ მ----- ე------ე, რომელიც ცდილობდა სიდედრის სახლში შესვლას და აგინებდა რ.ა-----ეს. მიუხედავად მათი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, მ----- ე------ე აგრძელებდა აგრესიას. რამდენიმე ხანში, მეორე სართულიდან ჩავიდა მ------–- ლ------ე, რომლის დანახვაზეც მ.ე------ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაიწია მისკენ, თუმცა არ მისცეს მიახლოვების შესაძლებლობა. ვინაიდან მ.ე------ე აგრძელებდა აგრესიას და არ ემორჩილებოდა მათ, აღნიშნულის საფუძველზე მოახდინეს მისი დაკავება და გადაყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით მ----- ე------ე იმყოფებოდა ალოჰოლური თრობის ქვეშ. ადგილზე, გამოკითხვისას, რ--------- ა-----ემ მას უთხრა, რომ მ----- ე------ემ გაარტყა მას სახის არეში, რაც დაადასტურა მ------–- ლ------ემაც, განაცხადა, რომ მეორე სართულიდან დაინახა დარტყმის ფაქტი.
32. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს, მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კ-------–- ბ--------–---–მა.
33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა კ-------–- ბ--------–---–ი, ასევე გამოითხოვა ინფორმაცია პრობაციის ბიუროდან და 112-დან შეტყობინებების ჩანაწერები.
34. სასამართლო სხომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქარვთველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 ივლისს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ კ.ღ------ესთან და დაზარალებულ რ.ა-----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტო გადაღება. ასევე, ფანჯრის რაფიდან მოახდინა მოწითალო ფერის ლაქის ამოღება. საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტი, დაადასტურა ხელის მოწერით.
35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო მ----- ე------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა მ.ე------ეს და გამოკითხა ბრალდებულის სახით. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის მ.ე------ის მიმართ.
36. ალკოტესტის შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ მ----- ე------ეს დაუდგინდა 2.424%-ით ალკოჰოლის მოხმარების ფაქტი.
37. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 1------018 წ. 04:18-04:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. რ--------- ა-----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
38. 2018 წლის 11 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ „დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ქ.ზესტაფონში, გ.ა------ს N---ში მდებარე რ--------- ა-----ის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც შესასვლელი აქვს ლითონის ჭიშკარი საავტომობილო გზიდან აღმოსავლეთ მხარეს. ეზოში დგას ავტომანქანა ნივა, ბეტონის საფარზე. სახლი არის ორსართულიანი, კაპიტალური ნაგებობა. სახლის პირველ სართულზე, შესასვლელი კარი არის ყავისფერი, ხის, შემინული, რომლის სამხრეთ მხარეს არის თეთრი ფერის პლასტმასის ფანჯარა, რომლის ერთ მხარეს არის ბადე, აკრული ჩარჩოში. ფანჯარის ქვეშ, ბეტონზე დგას ხის დიდი ზომის ყუთი, რაზედაც დაწყობილია მუყაოს ყუთები. დაზარალებულ რ--------- ა-----ის განმარტებით, ამ ხის ყუთზე იდგა მ------ ე------ე და ცდილობდა ამ ფანჯარაში შემოსვლას, ფანჯრის რაფაზე შიგნითა მხრიდან აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქა, რაზედაც განმარტა დაზარალებულმა, რომ დატოვებულია მ------ ე------ის მიერ, რადგან მას გამოდიოდა სახიდან სისხლი. ეზოში და სახლში სხვა რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ექსპერტიზის მიერ ამოღებული იქნა ფანჯრის რაფიდან სისხლისმაგვარი ლაქა და დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ შემთხვევის ადგილი“.
39. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ (ბრალდებულმა), უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტების ე-–--- ჟ------ის, გ------- გ-------–-–---–ის და ქ------- ქ--------–-–---–ის დაკითხვა.
40. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ----- ე------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, მას რ--------- ა-----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ის ესაუბრებოდა რ.ა-----ეს ფანჯრიდან, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პირი ახალი გაპარსული ჰქონდა და გაჭრილი, სახე ედო რაფაზე, სწორედ ამიტომ ამოვიდა მისი სისხლი ფანჯრის რაფიდან. როდესაც რ---------ს შეაგინა და წავიდა, გზაში აღმოაჩინა, რომ მობილური აღარ ჰქონდა, ამიტომ მიბრუნდა უკან, სადაც მას დახვდა პოლიცია და დააკავეს. ბრალდებულის განმარტებით, მან დაურეკა რ--------- ტელეფონზე და ჰკითხა მ------–-ს ადგილსამყოფელი, თუმცა რ---------მა ტელეფონი გაუთიშა. დარეკა რამდენჯერმე, თუმცა რ---------ი ტელეფონს უთიშავდა. ასევე, ტელეფონს უთიშავდა მისი მეუღლე მ------–- ლ------ეც. იფიქრა, მივიდოდა რ---------თან, მას დაარეკინებდა მ------–-სთან და გაიგებდა მ------–-ს ადგილსამყოფელს. სწორედ ამ განზრახვით მივიდა რ.ა-----ესთან და არა მისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დაზიანება რ--------- ა-----ისათვის არ მიუყენებია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
41. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებებს წარმოადგენს დაზარალებულ რ--------- ა-----ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის რ--------- ა-----ის, მოწმეების მ------–- ლ------ისა და მ--- გ---–--ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ მ----- ე------ესა და რ--------- ა-----ეს შორის მომხდარი ინცინდენტების დროს განვითარებულ მოვლენებს. მოწმე მ------–- ლ------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, ქ.ზესტაფონში, ა------ს ქუჩაზე, სახლში ყოფნისას, მეორე სართულიდან დაინახა, როგორ ჩაარტყა ხელი სახის არეში მ-----მა რ---------ს. ასევე, როდესაც ჩავიდა ქვევით, ნახა, რომ რ---------ს სახეზე, დაზიანების ადგილი გაწითლებული ჰქონდა. მოწმე მ--- გ---–--ემ კი განაცხადა, რომ მას ტელეფონზე მოუყვა რ.ა-----ე მომხდარის შესახებ, რომ მ------ იყო მისული მათთან სახლში, ცდილობა სახლში შესვლას, თუმცა არ უშვებდა. მ------, სახლში შესვლას შეეცადა ფანჯრიდან, რა დროსაც სახის არეში გაარტყა ხელი რ--------- ა-----ეს. ამ უკანასკნელს დაზიანება ემჩნოდა ლოყაზე, სიწითლის სახით. აღნიშნული გარემოებები კი, სრულ თანხვედრაში მოდის როგორც დაზარალებულ რ--------- ა-----ის ჩვენებასთან (რომელიც აღწერს მ------ს მხრიდან მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და დაზიანების ადგილმდებარეობას), ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან (ფანჯრის რაფიდან აღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქა) და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან (ფანჯრის შიდა მხრიდან, რაფიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომელიც ეკუთვნის მ----- ე------ეს).
42. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
43. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----- ე------ემ განხორციელებული ქმედებით, რ--------- ა-----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
44. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
45. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
46. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
47. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მ----- ე------ემ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი, 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ----- ე------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ----- ე------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
48. სასამართლო ვერ გაიზიარებს მ----- ე------ის განმარტებას მისი უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ფანჯრის რაფასთან იდო მუყაოს ყუთები. შესაბამისად, თუ ის მასზე დადგებოდა, ჩავარდებოდა. ფანჯარასთან დამაგრებულია გაზის გამათბობელი, რომელსაც აქვს საჰაერო მილი, რომელიც გამოდის გარეთ. ის ფიზიკურად ვერ შეძლებდა ფანჯრიდან რ.ა-----ისათვის ხელის დარტყმას, ვინაიდან გარედან მილი, ხოლო შიგნიდან თავად გამათბობელი გამოწეულია დიდზე. ფანჯარასთან ის იდგა მიწაზე. მიწიდან ფანჯრის რაფამდე დაშორება დიდია და ის ფანჯარას წვდებობა დაახლოებით გულმკერდით და დაყრდნობილი იყო ხელებით რაფაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მ.ე------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ურთიერთწინააღდეგობრივია. აღნიშნული გარემოებების საპირისპიროდ, სასამართლო მიუთითებს თავად მ.ე------ის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც ფანჯრიდან ესაუბრებოდა რ.ა-----ეს, ის თავით ჩამოყრდნობილი იყო ფანჯრის რაფაზე. წვერი ახალი გაპარსული ჰქონდა. გაპარსვის დროს გაიჭრა და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მისი სისხლი ფანჯრის რაფაზე. რ.ა-----ე ცდილობა ფანჯრის მოხურვას, თუმცა ის ეწინააღმდეგობოდა და ხელით ცდილობდა არ დაეხურა ფანჯარა რ.ა-----ეს. ის გარემოება, რომ ფანჯარასთან, გარეთა მხარეს განთავსებული იყო მყარი საგანი, რომელზეც იდგა მ----- ე------ე, დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფანჯარასთან, გარეთა მხარეს დგას მყარი საგანი, რომელზეც გადაფარებულია გადასაფარებელი. მყარ საგანზე, ზემოდან, განთავსებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის მუყაოს ყუთები. მანძილი, მყარი საგნიდან ფანჯრამდე მცირეა და მასზე დამდგარი მ----- ე------ე შეძლებდა ფანჯარაში შესვლას. ის გარემოება, რომ მ----- ე------ე ფანჯარაში შესული იყო ტანით, დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სადაც ნათლადაა მითითებული, რომ ფანჯრის რაფაზე, შიდა მხარეს, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სისხლისამაგვარი ლაქა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ფანჯრის შიდა მხრიდან, რაფიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- ე------ეს. ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს თავად მ----- ე------ის ურთიერთგამომრიცხველ განმატრებებს და აღნიშნავს, რომ თუ მ----- ე------ე გარეთ იდგა მიწაზე, ფანჯარა მას წვდებოდა გულმკერდამდე და სახით ჩამოყრდნობილი იყო რაფაზე, საინტერესოა როგორ აღმოჩნდა მისი სისხლი ფანჯრის რაფაზე შიდა მხარეს იმ პირობებში, როდესაც თავად გამორიცხავს ფანჯარაში ტანით შესვლას ზემოაღნიშნული დაბრკოლებებიდან გამომდინარე. აღნიშნული განმარტებებიდან ნათლად იკვეთება, რომ ბრალდებული ცდილობს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. მისი განმარტება არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება, როგორც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე, თავად მის განმარტებებს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
49. მ----- ე------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. ასევე, პასუხისმგებლობის ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
50. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
51. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- ე------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, მ----- ე------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია მ----- ე------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა 7 (შვიდი) თვისა და 3 (სამი) დღის ვადით და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ, უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
52. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----- ე------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ივნისის თვის ეპიზოდით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში;
მ----- ე------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის და 3 (სამი) დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 10 ივლისიდან;
მსჯავრდებულ მ----- ე------ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა და მ----- ე------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე