გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
330210018002497615
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/17828-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე - ს----------–----–------------------------------------------

წარმომადგენელი - მ-----------------–-–---–ი

მოპასუხე - თ----------–----

წარმომადგენელი - დ---------–--ე

დავის საგანი: ფულადი თანხის დაკისრება,კეთილსინდისიერი მფლობელისთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 მოპასუხე თ----- ვ---–---ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ს----------ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურება ავტომანქანის გაყვანის დღისთვის დარიცხული თანხის ოდენობით; 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დარიცხული საფასური შეადგენს - 3 412 ლარს.

 

1.2. ს----------ის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს თ----- ვ---–---ს დაეკისროს ს----------ის მიერ ქ. თბილისში, დიღომში მდებარე (დ----------–---–-----–----–--------------) ს----------ის სპეციალურად დაცულ (დაცულ) ავტოსადგომზე (ს/კ 0--7--1--0---2--) გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების „ოპელი“ (სახელმწიფო ნომერი: F------) საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.

 

ს----------–----–------------------------------ ს--------- ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია უზრუნველყოს სპეციალურად დაცული სადგომების მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული და/ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს შს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში ჩამორთმევას დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებათა აღნიშნულ სადგომებზე გადაყვანისა და შენახვის მიზნით.

 

2016 წლის 04 მარტს მოპასუხე თ----------–---- საქართველოს შსს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის.

 

2016 წლის 04 მარტს მოპასუხეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება - „ოპელი“ (სახელმწიფო ნომერი: F------), რომელიც ს----------ის მიერ გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში, დიღომში მდებარე ს----------ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე.

 

მოპასუხეს დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების ს----------ის ავტოსადგომზე გადაყვანისა და შენახვის საფუძველზე ყოველდღიურად ეკისრება მომსახურების საფასური. ს----------ის მომსახურების საფასურის ოდენობა წინამდებარე სარჩელის შეტანის თარიღისათვის შეადგენს 3 412 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც გამოთვლილია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი განაკვეთების მიხედვით.

 

ს----------ის მომსახურების საფასურის გადასახდელი ოდენობისა და ს----------ის სპეციალური დაცული სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების ორი კვირის ვადაში გაყვანის მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მოპასუხეს ოფიციალურად ეცნობა 2018 წლის 17 მაისს N1------ წერილით, რაც ჩაბარდა 2018 წლის 25 მაისს.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და შესაგებელში აღნიშნავს, რომ დაჯარიმდა 250 ლარით, რომელიც გადაიხადა, რადგან ჯარიმა გამოწერილი იყო პირადად მოპასუხეზე. ამასთნ მიაჩნია, რომ თავად არ უნდა დაეკისროს ს-----------ს ავტოსადგომიდან ავტომანქანის გაყვანისა და სადგომზე დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ არის მითითებული ავტომანქანის მესაკუთრე, და ავტომანქანის მესაკუთრე არის იურიდიული პირი და უბრალოდ ერთი დღით გადაეცა გადასაადგილებლად. მოპასუხემ არ იცოდა, რომ ავტომანქანა მოხსნილი იყო რეგისტრაციიდან, აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა საპატრული სამსახურის მიერ ოქმის შედგენის მომენტში.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს ავტომანქანის მესაკუთრის და არა მის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2016 წლის 04 მარტს მოპასუხე თ----------–---- (პ/ნ 1----------) დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 250 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარიმო ქვითარი;

მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2016 წლის 4 მარტს მოპასუხე - თ----- ვ---–---ს ს----------–----–------------------------------ უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - სახელმწიფო ნომრით F------ და გადაყვანილი იქნა ს---------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

-დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სატრანსპორტო საშუალებას - სახელმწიფო ნომრით F------ ს---------ის“ ევაკუატორით ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება ს---------ის“ მომსახურების საფასური - 3 412 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული ს---------ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დარიცხული დავალიანების შესახებ;

- ს-----------ის 2018 წლის 17 მაისის წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 155-ე, 161-ე და 172-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმდება უშუალოდ დამრღვევი, მიუხედავად იმისა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა თუ არა ეს პირი;

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად ცნობილ იქნა თ----------–----, რომლის მართვის ქვეშ იმყოფებოდა მოცემული მომენტისთვის ავტომანქანა - სახელმწიფო ნომრით F------ და სწორედ მისი ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა ავტომანქანის გადაყვანა ავტოსადგომზე;

 

საქმეში წარმოდგენილი დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტიდან დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე მომსახურება ფასიანია და მისი ანაზღაურება ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ნივთის ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება მფლობელობის კონსტიტუციური ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ეს ბატონობა უნდა ხორციელდებოდეს თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილი ერთმანეთისაგან განასხვავებს ნივთის მფლობელს ნივთის მოსარგებლისაგან (ე.წ. მჭერი, მპყრობელი), როდესაც ამ უკანასკნელს ნივთის ფლობის უფლება გადაცემული აქვს მესაკუთრისგან; დასახელებული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნივთის მოსარგებლე (მჭერი, მპყრობელი) არ ითვლება მფლობელად, ამ უკანასკნელს ნივთის ფლობასთან დაკავშირებით არ გააჩნია დამოუკიდებელი, პირადი ინტერესი. ამდენად, მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება არც თვით იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე პირთა მიმართ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 2);

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში თ----------–---- ვერ ჩაითვლება მოძრავი ნივთის მართზომიერ მფლობელად, იგი არის მხოლოდ ავტომანქანის მოსარგებლე. მართალია, თ----------–---- სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში ახორციელებდა ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, თუმცა როგორც დადგინდა ავტომანქანა მას გადასცა მესაკუთრემ დროებით სარგებლობაში, ის მართავდა იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რა დროსაც დაჯარიმდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

დასახელებული მუხლის ანალიზის შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში თ----------–---- არ არის არც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და არც სხვა უფლებამოსილი პირი; აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ----- ვ---–---ს ეკისრება ავტომანქანის სადგომის ხარჯის გადახდის ვალდებულება;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მას არ ევალებოდა ავტომანქანის მესაკუთრის მოძიება და დამრღვევისადმი შეტყობინება საჯარიმო თანხების გადახდის შესახებ, რაც ვერ იქნება საკმარისი საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით კეთილსინდისიერი მფლობელისათვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომიდან გაყვანილ უნდა იქნას დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განიხილება საზოგადოების ძირითადი საქმიანობისთვის ხელშემშლელ გარემოებად და რეალიზებულ იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამონაგები თანხა აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ს------------ის მიმართ არსებული დავალიანების გამოკლებით გადაეცემა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს;

 

ზემოაღნიშნული დანაწესი ცალსახად მიანიშნებს, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ს------------თან არის სწორედ ავტომანქანის მესაკუთრე, რომლის ვინაობის დადგენის ვალდებულება სწორედ რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ სადგომიდან მანქანის გაყვანა უნდა დაევალოს არამესაკუთრეს, ან არაუფლებამოსილ პირს, რაც შემდგომში შესაძლოა სხვა სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების ჩადენის საფუძველი გახდეს, ვინაიდან თუ ნივთის მოსარგებლე ყოველგვარი მინდობილობის ან მისთვის რაიმე ფორმით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე იმოქმედებს, ეს აუცილებლად განიხილება არამართზომიერ ქმედებად. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------–---- არ არის ვალდებული სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტომანქანის გაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების ხარჯები გადაიხადოს. ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანის მესაკუთრეს ან სხვა უფლებამოსილ პირს, მას არც სატრანსპორტო საშუალების გაყვანის ვალდებულება ეკისრება.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოსარჩელე ს----------ს უნდა დაეკისროს თ----------–----ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 296.48 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-259-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს----------–----–-------------------------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს ს----------–----–------------------------------ ს----------ს მოპასუხე თ----------–----ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 296.48 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია