გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/34993-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ყ--------------------–--ი’’
წარმომადგენელი - გ-----------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ჯ---------------------------------ი’’
წარმომადგენელი- ი------------–--–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ჯო----------------------------რ’’-ს, შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 505.46 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში, შ----------ს ქუჩა N 3- -ის მიმდებარედ, შპს „ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს „ყ----------------------–--ი“-ს კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო - სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი (N1--------- გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 286.59 ლარი.
2018 წლის 02 აპრილს ქალაქ თბილისში, კ---–------------–--ასთან, შპს „ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს „ყ----------------------–--ი“-ს კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო - სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი N18-1----- გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი მერაბ სააკაშვილი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 92.99 ლარი.
2018 წლის 12 აპრილს, ქალაქ თბილისში, მ------–-ს ქუჩაზე, შპს „ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს „ყ----------------------–--ი“-ს კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო - სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი N1------- გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. ასევე, დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ბადრი ჩერქეზიშვილი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 125.88 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2018 წლის 26 მარტს, 2018 წლის 02 აპრილს და 2018 წლის 12 აპრილს განსახორციელებელ გეგმიურ წყალმომარაგების სამუშაოებთან დაკავშირებით, პროექტი შეთანხმებული იყო მოსარჩელე მხარესთან, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ პროექტზე დასმული შესაბამისი შტამპით, „შეთანხმებულია“. მოსარჩელის მხრიდან რაიმე მითითება, რომ მიმდებარედ მათი ქსელი გაედინებოდა მითითებული არ ყოფილა. შესაბამისად, მოპასუხე კატეგორიულად გამორიცხავს კომპანიის რაიმე ბრალეულ ქმედებას.
მოპასუხემ სამივე შემთხვევასთან მიმართებით სადავო გახადა ავარიული ქსელის აღსადგენად მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტის ან ექსპერტის დასკვნა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. ამასთან, ტექნიკური ინჟინერის ხელმოწერილი დოკუმენტი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან არ ირკვევა მითითებული მილსადენი რა ოდენობის გაზს ატარებდა საათში, რამდენი წუთის განმავლობაში იფრქვეოდა გაზი, გამოყენებული მასალების ღირებულების დასაბუთება და ა.შ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში, შ----------ს ქუჩა N 3- -ის მიმდებარედ შპს „ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს „ყ----------------------–--ი“-ს კუთვნილი გაზსადენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ.23);
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2018 წლის 02 აპრილს ქალაქ თბილისში, კ---–------------–--ასთან შპს „ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს „ყ----------------------–--ი“-ს კუთვნილი გაზსადენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ.25);
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 12 აპრილს ქალაქ თბილისში, მ------–-ს ქუჩაზე შპს „ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს „ყ----------------------–--ი“-ს კუთვნილი გაზსადენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ.27);
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 26 მარტს, 2018 წლის 02 აპრილს და 2018 წლის 12 აპრილს გაზსადენის დაზიანებების გამო მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი, რაც მოიცავს გაზსადენის აღდგენის ხარჯებსა და ავარიის დროს ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ღირებულებას, ჯამში შეადგენს 505.46 ლარს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მიყენებული ზიანის დასტურად წარმოდგენილი აქვს შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვები, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 26 მარტის შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანებისას მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 286.59 ლარი, 2018 წლის 02 აპრილს შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანებისას მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 92.99 ლარი, ხოლო 2018 წლის 12 აგვისტოს მომხდარი დაზიანების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 125.88 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხარჯთაღრიცხვები (ს.ფ. 24; 26; 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მას მიადგა ზიანი 505.46 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა ბრალი კი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ამასთან, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული დაზიანებების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 505.46 ლარი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებული მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ჯ---------------------------------’’-ს, შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 505.46 ლარის გადახდა;
3. შპს ,,ჯ---------------------------------’’-ს, შპს ,,ყ--------------------–--ი’’-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე