გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
330310016001445731
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/5505-16 28 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - ბ--–--------–--ე

წარმომადგენელი - ნ-----–------------ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილების და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართში დაშვებული შეცდომის გასწორების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ქალაქ თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე 3820.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 2012 წლის 14 ივნისს ბ--–--------–--ის საკუთრებად დარეგისტრირდა. ამონაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტებად N------ სააღრიცხვო ბარათი (აღრიცხულია 1981 წელს) და 2012 წლის 24 იანვარს დამოწმებული N--------- სამკვიდრო მოწმობა არის მითითებული.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 105); სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 107-108).

 

3.2. 2016 წლის 27 მაისს ბ--–--------–--ემ, ჯ----–------------–---–მა, ნ-----–------------ემ და ც-----------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N--------- განცხადებით მიმართეს, რომლითაც ქალაქ თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში მიწის ნაკვეთზე არსებულ მონაცემსა და მის შესაბამისად გაცემულ ცნობა-დახასიათებაში დაშვებული შეცდომის გასწორება მოითხოვეს. განცხადების თანახმად, ქალაქ თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე ქონებაზე განმცხადებელმა უფლება მემკვიდრეობით მიიღო, აღნიშნული ქონება თავდაპირველად ი------–-----------–---–ის სახელზე ტექბიუროში შეცდომით აღირიცხა 4255 კვ.მ ფართობით, ვინაიდან რეალურად მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 8357 კვ.მ-ს. განცხადებასთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეგმა-ნახაზები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 მაისის N0-------- ექსპერტის დასკვნა წარედგინა, რომლითაც მითითებული იყო, რომ:

- 2015 წლის 18 აგვისტოს მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ხელით შესრულებულ ნახაზს იგი არ არის შესრულებული მასშტაბის სრული დაცვით და მისი ერთ-ერთი გვერდით მასშტაბის მოყვანის დროს ირღვევა სხვა გვერდების გაბარიტული ზომები. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყველა გვერდს არ აწერია შესაბამისი გაბარიტული ზომა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა გვერდების ზომებით მიწის ნაკვეთის გამოხაზვა. შესაბამისად 2015 წლის 18 აგვისტოს მომზადებულ საინვეტნარიზაციო გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართის დადგენა შეუძლებელია;

- 2015 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სარეგისტრაციო წარმოების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზზე ასახული კოორდინატების გათვალისწინებით მასშტაბის მოყვანის დროს მიწის ნაკვეთის ყვითელი ფერით დაფერილი ფართი შეადგენს 8357 კვ.მ ფართს (იგივეა წყვეტილი ხაზების მქონე მიწის ნაკვეთის ფართიც), ხოლო აგურისფერი 649 კვ.მ ფართს;

- 2015 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სარეგისტრაციო წარმოების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზზე კოორდინატების გათვალისწინებით მასშტაბების მოყვანის დროს მიწის ნაკვეთის აგურისფერი ფერით დაფერილი ფართი შეადგენს 4034 კვ.მ ფართს, შავი ფერის 3690 კვ.მ ფართს, ხოლო ყვითელი ფერის 1282 კვ.მ ფართს;

- ქალაქ თბილისში, წ-----------ში მდებარე N---------------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა დღეის მდგომარეობით დემონტირებულია, დარჩენილია მხოლოდ ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული კედელი, რომელიც აზომვით მიღებული მონაცემების მიხედვით მთლიანად განთავსებულია N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და არ მოიცავს N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული 4255 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის მასშტაბში მოყვანა და მიწის ნაკვეთის ზუსტი ფართის დადგენა ვერ ხერხდება და შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენაც შეუძლებელია. საინჟინრო ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს იმის შესახებ ხვდება თუ არა N---------------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 2015 წლის 18 აგვისტოს მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ 4255 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე.

მტკიცებულება: განცხადება, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 151-156, 157-182).

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილებით ბ--–--------–--ეს, ჯ----–------------–---–ს, ნ-----–------------ეს და ც-----------–---–ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ იმაზე მითითებით, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტებში გადაკეთების/ჩასწორების და სხვაგვარი ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა, სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება კი შეესაბამებოდა არქივში დაცულ მონაცემს.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 186-187).

 

3.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილება ბ--–--------–--ემ, ჯ----–------------–---–მა და ნ-----–------------ემ 2016 წლის 3 ივნისის N--------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს. საჩივრის ავტორები ითხოვდნენ, რომ სააგენტოს შეესწავლა წარდგენილი და ტექბიუროს არქივში დაცული დოკუმენტები, რომლის საფუძველზე აღიარებული იქნებოდა ი------–-----------–---–ის მართლზომიერი მფლობელობა ქალაქ თბილისში, წ----------------–--–ის N1-ში მდებარე 9444 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 188-195).

 

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ბ--–--------–--ეს 2016 წლის 3 ივნისის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ცნობა-დახასიათებაში ასახული ინფორმაცია შეესაბამებოდა ქალაქ თბილისში, წ----------------–--–ის N1-ში მდებარე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში არსებულ მონაცემებს და ტექნიკური ხარვეზის არსებობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში არ დასტურდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ბოლო მდომარეობით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებში ქალაქ თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალის შესაბამის გრაფაში მიწის ფართობად მითითებულია 4255 კვ.მ და აღნიშნული მონაცემი ზუსტად იქნა გადმოტანილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის N--------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 230-233).

 

3.6. თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დასტურდება.

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალის (ტომი 2, ს.ფ. 80-170) მიხედვით, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე ქონების ი------–-----------–---–ის სახელზე პირველადი აღრიცხვა 1956 წელს ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტის გარეშე ფიქსირდება (ტომი 2, ს.ფ. 84, 137). თავდაპირველი აღრიცხვის საფუძველზე (1956 წელს) სააღრიცხვო მასალის შესაბამის გრაფაში მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 3780 კვ.მ, 1967 წლის მონაცემებით - 3882,5 კვ.მ, ხოლო შემდგომ (1973-1986 წლებში, ზუსტი თარიღი არ ირკვევა), ბოლო ჩანაწერების ჩათვლით - 4254,5 და 4255 კვ.მ; ბოლო ჩანაწერი განხორციელებულია 1981 წელს, რა დროსაც მიწის ნაკვეთის ფართად მითითებულია 4255 კვ.მ (ტომი 2, ს.ფ. 140, 151, 157). მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ მუშა ნახაზზე (ტომი 2, ს.ფ. 134) არც შედგენის თარიღი და არც ფართი ოდენობა არ არის დატანილი, შესაბამისად, შეუძლებელია მის საფუძველზე სადავო ფართის ოდენობის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში ზემოაღნიშნული სახით თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ნივთის ფართობის თაობაზე მონაცემების დაფიქსირების ფაქტი არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ, არამედ, მისი მტკიცებით, სწორედ არქივის მონაცემები შეიცავს უზუსტობას (განცხადება - ტომი 1, ს.ფ. 157-156, საჩივარი - ტომი 1, ს.ფ. 188-195).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, N------ სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, 1981 წლის მდგომარეობით თბილისში, წ----------------–--–ი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობად დაფიქსირებულია 4255 კვ.მ (ტომი 1, ს.ფ. 99, 100).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის N------ გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმის გამორკვევით, გააჩნდა თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სააღრიცხვო მასალაში არსებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების უფლება ან/და მის მიერ გაცემულ დოკუმენტებში დაშვებულ იქნა თუ არა ტექნიკური უსწორობა.

საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.

დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი). სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა (მუხლი 28).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულებით „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და და ამ სამსახურებში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე მოცემულია რამდენიმე საინვენტარიზაციო გეგმა და მათზე არსებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ის საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც შეესაბამება ამ უძრავ ნივთზე არქივში დაცულ ბოლო მდგომარეობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ წ----------------–--–ი N1-ში მდებარე ქონებაზე ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად გასცა, საარქივო მონაცემების შესწორების უფლებამოსილება კი მას არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობი საფუძველი.

6.2. ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის N------ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N------ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს (პუნქტი 6.1).

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ საფუძველზე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე გაწეული ხარჯი გადახდება სახელმწიფოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბ--–--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია