განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2----------, 2-19 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ლ-------------–---ს,ადვოკატ ი---------–---–--,ბრალდებულ ნ---------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ---------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თ---–--–-, ზ---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თ---–--–-, თ------------------------------------–----------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2-18 წლის 2- ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ---–--–-, თ---------------------–-- #5 კორპუსის წინ, ნ---------------, კუთვნილი ავტომობილით, დახვდა ყოფილ მეუღლეს -მ------–--------------–---–ს, რომელსაც მოსთხოვა ავტომობილში ჩაჯდომა და გაყოლა. უარის მიღების შემდეგ ნ---------------მ მ------–--------------–---–ი, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჩასვა ავტომობილში, რა დროსაც ამ უკანასკნელს ფეხი მოჰყვა კარებში. ჩაჯდომის შემდეგ ნ---------------მ სახეში ხელი გაარტყა მ------–--------------–---–ს, რომელმაც, როგორც ფეხის ავტომობილის კარში მოყოლის, ასევე, სახეში ხელის გარტყმის შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ავტომობილში იძულებით ჩასმის შემდეგ ნ---------------მ დაძრა ავტომობილი, საიდანაც გადასვლის საშუალებას არ აძლევდა მ------–--------------–---–ს და სთხოვდა, წასულიყო მასთან ერთად.
საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ნ---------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ მ------–--------------–---–ისა და მოწმეების: თ---------------–---–-ს, ნ-------------–-------ა და ე--------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით, სასაქონლო ექსპერტიზის #2---/ს დასკვნითა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1---/ტრ დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ნ---------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა. პირის ფიზიკური იძულება გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, გათოკვას, ხელების გაკავებას და ა.შ., ხოლო ფსიქიკური იძლება გამოიხატება მუქარაში, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის, როგორც მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ასევე, სხვა სახის. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარადაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ნ---------------მ ყოფილი მეუღლე მ------–--------------–---–ი ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილში, რა დროსაც ამ უკანასკნელს ფეხი მოჰყვა კარებში და, ასევე, ჩაჯდომის შემდეგ სახეში ხელი გაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ავტომობილში იძულებით ჩასმის შემდეგ ნ--------------- არ აძლევდა საშუალებას, რომ მანქანიდან გადასულიყო და აიძულებდა მასთან ერთად წასვლას. აღნიშნული ქმედება ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა დაზარალებულზე ფიზიკური ზემოქმედებით.
ამდენად, ბრალდებულმა ნ---------------მ ჩაიდინა იძულება, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, ნ---------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით და სასჯელი განესაზღვროს მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ---------------- ქმედებით დაზარალებულმა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა, ასევე, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ნ---------------- მიმართ წარსულში გამოცემული შემაკავებელი ორდერები, აგრეთვე, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი (ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით) არ აღმოჩნდა საკმარისი ღონისძიება, არ ჩაედინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშული.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ნ---------------- მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რისი გათვალისწინებითაც მას განუსაზღვრას გამოყენებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, დაზარალებულის ქურთუკი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ერთი ცალი დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2-18 წლის 2- ნოემბრიდან.
ნ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - მ------–--------------–---–ის ქურთუკი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე