გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310019002877939
N3/21-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე - რ--------------,წარმომადგენელი - ე----------------,მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველო;
წარმომადგენელი - ნ----------------;
დაინტერესებული პირი- ი----------------;
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ნ----------------- მიერ 2019 წლის 28 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ნ----------------- მიერ 2019 წლის 28 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი;
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 17 ნოემბერს რ---------- დედის - ი----------------- შეტყობინების საფუძველზე, შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით , ი----------------- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. რ---------- შემაკავებელი ორდერის პირობები არ დაურღვევია. 2019 წლის 28 თებერვალს რ--------------- მიმართ კვლავ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვითაც ძალადობის ფორმად განსაზღვრულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ი----------------- მიმართ. ამავე ორდერით რ---------- აეკრძალა - მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით. მიაჩნია, რომ 2019 წლის 28 თებერვლის შემაკავებელი ორდერი N0----- არის უკანონო, რადგან არ არსებობდა მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესაფონის რაიონულმა სამმართველომ საქმეზე შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი - ნ---------------- არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 28 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია
დაინტერესებულ პირს ი----------------ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 17 ნოემბერს, ი----------------- შეტყობინების საფუძველზე, შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ----–---–----- მიერ რ--------------- მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით , 2018 წლის 16 ნოემბერს მსხვერპლის - ი----------------- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული ორდერით მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 17 ნოემბრის შემაკავებელი ორდერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 2018 წლის 17 ნოემბრის შემაკავებელი ორდერის შინაარსი გაეცნო მოძალადე რ--------------ს, რომელსაც შემაკავებელი ორდერის პრობები არ დაურღვევია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. 2019 წლის 03 თებერვალს რ--------------- შეტყობინების საფუძველზე, შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველო დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ქ.ზესტაფონში, მ-------–----------- მცხოვრებ რ--------------სა და დედამისს შორის არსებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რ---------- შეტყობინება N277790;
- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1);
3.1.4. 2019 წლის 26 თებერვალს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლის მიხედვითაც რ-------------- ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენის თარიღი - 2018 წლის 17 ნოემბერი. ძალადობის ფორმა - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;
3.1.5. 2019 წლის 27 თებერვალს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N10/ა-5-2019 განჩინებით, რ--------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით. განჩინების მე-8 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულ რ--------------ს განემარტა, როგორც აღკვეთის ღონისძიების პირობის ისე ზოგადად კანონის დარღვევის სამართლებრივი შედეგები, რასაც უკავშირდება გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის N10/ა-5-2019 განჩინება;
3.1.6. 2019 წლის 28 თებერვალს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ----------------- მიერ რ--------------- მიმართ კვლავ იქნა გაცემული შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვითაც ძალადობის ფორმად განსაზღვრულია 2018 წლის 16 ნოემბერს განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მსხვერპლის - ი----------------- მიმართ. ამავე ორდერით რ--------------ს აეკრძალა - მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 28 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ--------------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
6.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
6.4. მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა პროცესუალური ნორმები და გამოყენებული იქნა თუ არა შესაბამისი და აუცილებელი ღონიძიებები, რაც უზრუნველყოფდა ძალადობის თავიდან აცილებას.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემაკავებელი ორდერის დანიშნულება და მიზანი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანს წარმოადგენს დაიცვას მსხვერპლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების, უგულებელყოფის და ეკონომიკური ძალადობისაგან. შესაბამისად, ყველა პირობა, რაც მითითებული იქნება შემაკავებელ ორდერში მიმართული უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვას.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
6.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს რ--------------- დედის - ი----------------- შეტყობინების საფუძველზე, შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ი----------------- მიმართ 2018 წლის 16 ნოემბერს რ--------------- მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა - ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა. რ---------- შემაკავებელი ორდერის პირობები არ დაურღვევია. 2019 წლის 3 თებერვალს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ზესტაფონში, მ-------–----------- მცხოვრებ რ--------------ს და დედამისს შორის არსებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო რ--------------- მიერ 2019 წლის 3 თებერვალს განხორციელებული შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაკითხულმა ი----------------მ (კონკრეტული სარჩელისათვის დაინტერესებული პირი) 2019 წლის 3 თებერვალსა და 19 თებერვალს გამოკითხვის შედეგად აჩვენა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს მის მიმართ რ--------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა 2018 წლის 17 ნოემბერს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოში მას ფიზიკური შურაცხყოფის ფაქტი არ გაუმჟღავნებია. 2019 წლის 17 თებერვალს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ი----------------- დაზარალებულად ცნობის შესახებ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე და ამავე საქმეზე 2019 წლის 26 თებერვალს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლის მიხედვითაც რ-------------- ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენის თარიღი - 2018 წლის 17 ნოემბერი. ძალადობის ფორმა - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2019 წლის 27 თებერვალს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N10/ა-5-2019 განჩინებით, რ--------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. 2019 წლის 28 თებერვალს რ--------------- მიმართ შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ----------------- მიერ კვლავ იქნა შედგენილ შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვითაც ძალადობის ფორმად განსაზღვრულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ი----------------- მიმართ . ამავე ორდერით რ---------- აეკრძალა - მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით. შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი გახდა 2018 წლის 16 ნოემბერს რ--------------- მიერ დედის - ი----------------- მიმართ განხორციელებული სიტყვიერი (ფსიქოლოგიური) და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ ი----------------- მიმართ 2018 წლის 16 ნოემბერს განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე 2018 წლის 17 ნოემბერს გაცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, ამასთან, 2019 წლის 03 თებერვალს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო რ--------------სა და ი----------------ს შორის არსებული ოჯახური ძალადობის იმავე ფაქტზე, კონკრეტულად კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, რომლის საფუძველზეც რ--------------ს შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება - ამ მომენტისათვის, ანუ 2019 წლის 28 თებერვლისათვის რა ისეთი მყისიერი და გადაუდებელი მოგვარების აუცილებლობა წარმოიშვა, რომ კვლავ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რ--------------- მიმართ იმავე ფაქტზე შემაკავებელი ორდერის გაცემისათვის. მითუფრო, რომ 2018 წლის 17 ნოემბრის შემდეგ რ--------------სა და ი----------------ს შორის რაიმე ფორმით კომუნიკაციაც კი არ შემდგარა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ 2018 წლის 17 ნოემბრის შემაკავებელი ორდერი რ--------------- მხრიდან არ დარღვეულა, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. შესაბამისად, ძალადობის ახალი ფაქტის განხორციელებას ი----------------- მიმართ ადგილი არ ჰქონია. სამართლოს მიაჩნია, რომ წარსულში ჩადენილი ძალადობრივი ქმედება ან ი----------------- მხოლოდ ვარაუდი, როგორც ეს მითითებულია შემაკავებელი ორდერის ოქმის მე-4 თავის პირველ პუნქტში, რომ იგი შემდგომშიც არ გამორიცხვას რ---------- მხრიდან ძალადობას, ვერ გახდება ავტომატურად ამ უკანასკნელის მოძალადედ მიჩნევის საფუძველი, იმდენად რამდენადაც შემაკავებელი ორდერი ემსახურება ოჯახის წევრთა შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის დროებით მოწესრიგებას და არა პირის სამომავლო სავარაუდო ძალადობისგან დაცვას. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების საფუძველია რეალურად განხორციელებული ძალადობის ფაქტების არსებობა, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ კი საქმეზე ვერ მოხდა ვერცერთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა რ--------------- მიერ ი----------------- მიმართ განხორციელებულ ძალადობის ახალ ფაქტებს.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს დამცავი და შემაკავებელი ორდერის დანიშნულებაზე, კერძოდ, დამცავი და შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოჯახური საფრთხის მყისიერი და ეფექტური აღკვეთა და თავიდან აცილება, თუმცა, იგი დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და საბოლოოდ ვერ აღმოფხვრის ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს. თუკი ძალადობის საფრთხის არსებობა არ დასტურდება, დაუშვებელია გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადით ამ ღონისძიებების გამოყენება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი ორჯერაა გაცემული სხვადასხვა დროის მონაკვეთში, ერთი და იგივე კონფლიქტთან დაკავშირებით და მხოლოდ ის გარემოება, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი იყო მსხვერპლის მიერ მითითებული მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, ხოლო 2019 წლის 28 თებერვალს შემაკავებელი ორდერი გაიცა იმავე კონფლიქტის დროს განხორციელებული როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ვერ ამართლებს 2019 წლის 28 თებერვალს გაცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობას, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მითითებული ორდერით მოძალადე პირის მიმართ იგივე ვალდებულებები იქნა განსაზღვრული, რაც 2018 წლის 17 ნოემბრის შემთხვევაში.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დედა-შვილს (მოსარჩელესა და დაინტერესებულ პირს შორის) ერთმანეთის მიმართ არაჯანსაღი, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ, ეს არ ქმნის ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების სამართლებრივ საფუძველს (აღსანიშნავია ისიც, რომ არ არსებობს ამავე კანონის მე-10 მუხლის 11-ლი ნაწილი გათვალისწინებული სავალდებულობა), რადგან ამგვარი დამოკიდებულება იმთავითვე ძალადობას არ ნიშნავს და ასეთ დროს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ნ----------------- მიერ, 2019 წლის 28 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, რადგან საქმის გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერების გამოცემის დროისათვის არ არსებობდა მისი მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობები. ამდენად, რ--------------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ--------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ნ----------------- მიერ 2019 წლის 28
თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი;
გადაწყვეტილება საჩივრდება ერთჯერადად, სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი ნიუპორტის №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7).
მოსამართლე შოთა ნიკურაძე