გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/15389-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.02.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს „ს---------------------------------–“
წარმომადგენელი სა-–---------------–---–-
მოპასუხე შპს „ო---“
წარმომადგენელი მი----–-----------–---–-
დავის საგანი სადაზღვევო პრემიის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ო---სათვის“ მოსარჩელე სს „ს---------------------------------–ის“ სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის ასანაზღაურებლად 525 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე შპს „ო---სათვის“ მოსარჩელე სს „ს---------------------------------–ის“ სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით 882.64 ლარისა და ყოველდღიური მიუღებელი შემოსავლის, 2018 წლის 23 მაისიდან ყოველი მომდევნო დღისათვის, ყოველდღიური 1.02 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რაც შეადგენს 372.3 ლარს. (ჯამში, 1254.94 ლარი).
მხარეებს შორის 2015 წლის 30 იანვარს გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ დააზღვია ხელშეკრულების დანართი N3-ში მითითებული პირები (კერძოდ, მოპასუხე მხარესთან ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისა და მისგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა დაზღვეულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას). მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის განვადებით გადაეხადა სადაზღვევო პრემია, ხელშეკრულებით (მისი ყველა დანართის და მასში შესული ყველა ცვლილების ჩათვლით) გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დანართი N4-ით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო პრემია უნდა გადახდილიყო 12 თანაბარ ტრანშად. თითოეული ტრანშის ოდენობამ შეადგინა 4537 ლარი, ხოლო ჯამში, 39 204 ლარი.
2015 წლის 1 მარტს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების დანართი N3-ისა და N4-ში, რომლის გათვალისწინებით სადაზღვევო პრემიის ოდენობა მარტში განისაზღვრა 4735 ლარით. 2015 წლის 1 აპრილის შეთანხმებით იმავე დანართებში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობამ აპრილში შეადგინა 4560 ლარი. 2015 წლის 1 მაისის შეთანხმებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სადაზღვევო პრემიის ოდენობამ მაისში შეადგინა 4335 ლარი. 2015 წლის 01 ივნისის შეთანხმებით N3 და N4 დანართებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის ოდენობამ სექტემბრის თვეში შეადგინა 4260 ლარი. 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმებით ივლისის თვიდან გადასახდელმა პრემიამ - 4000 ლარი; 2015 წლის 01 აგვისტოს შეთანხმების თანახმად, დანართი N3 და N4-ში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად გადასახდელმა სადაზღვევო პრემიის ოდენობამ აგვისტოს თვეში შეადგინა 4070 ლარი. 2015 წლის 1 სექტემბრის შეთანხმებით დანართი N3 და დანართი N4-ში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში მზღვეველისათვის გადასახდელმა სადაზღვევო პრემიის ოდენობამ სექტემბერში შეადგინა 3955 ლარი. 2015 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სადაზღვევო პრემიის ოდენობამ ოქტომბერში შეადგინა 3820 ლარი.
ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებისა და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით მოპასუხეს სადაზღვევის პრემიის სახით უნდა გადაეხადა ჯამში, 49 847 ლარი, საიდანაც გადასახდელად დარჩენილია 525 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მხარეთა შეთანხმებით სადაზღვევო პრემიის ოდენობამ მრავალჯერ განიცადა ცვლილება. მოპასუხემ მოითხოვა ურთიერთშედარების აქტის გაფორმება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ანგარიშსწორება.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „სა-------------------------------“-სა და შპს „ე-------------------------“ (ამჟამად შპს „ო---ს“) შორის 2015 წლის 30 იანვარს გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ დააზღვია ხელშეკრულების დანართი N3-ში მითითებული პირები (კერძოდ, მოპასუხე მხარესთან ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისა და მისგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა დაზღვეულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას). მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის განვადებით გადაეხადა სადაზღვევო პრემია, ხელშეკრულებით (მისი ყველა დანართის და მასში შესული ყველა ცვლილების ჩათვლით) გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების დანართი N4-ით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევისათვის მზღვეველის მიერ მისაღები ჯამური, წლიური სადაზღვევო პრემიის მოცულობა დანართი N3-ში მითითებულ პირთა რაოდენობისა და შერჩეული დაფარვების გათვალისწინებით დაზღვევის ხელშეკრულების საერთო სადაზღვევო პერიოდის დასაწყისისათვის შეადგენს 54 444 ლარს. ამ თანხიდან დამზღვევის (დამსაქმებლის) მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 15 240 ლარს, ხოლო 39 204 ლარი წარმოადგენდა უშულოდ დასაქმებულთა (დაზღვეულთა) მიერ საკუთარი ხარჯით, ხელფასიდან/ანაზღაურებიდან გადასახდელ თანხას.
სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდებოდა განვადებით, 12 თანაბარ ტრანშად, ყოველთვიურად 4537 ლარის გადახდით.
2015 წლის 1 მარტს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების დანართი N3-ისა და N4-ში, რომლის გათვალისწინებით სადაზღვევო პრემიის ოდენობა მარტში განისაზღვრა 4735 ლარით. 2015 წლის 1 აპრილის შეთანხმებით იმავე დანართებში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობამ აპრილში შეადგინა 4560 ლარი. 2015 წლის 1 მაისის შეთანხმებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სადაზღვევო პრემიის ოდენობამ მაისში შეადგინა 4335 ლარი. 2015 წლის 01 ივნისის შეთანხმებით N3 და N4 დანართებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის ოდენობამ სექტემბრის თვეში შეადგინა 4260 ლარი. 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმებით ივლისის თვიდან გადასახდელმა პრემიამ - 4000 ლარი; 2015 წლის 01 აგვისტოს შეთანხმების თანახმად, დანართი N3 და N4-ში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად გადასახდელმა სადაზღვევო პრემიის ოდენობამ აგვისტოს თვეში შეადგინა 4070 ლარი. 2015 წლის 1 სექტემბრის შეთანხმებით დანართი N3 და დანართი N4-ში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში მზღვეველისათვის გადასახდელმა სადაზღვევო პრემიის ოდენობამ სექტემბერში შეადგინა 3955 ლარი. 2015 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სადაზღვევო პრემიის ოდენობამ ოქტომბერში შეადგინა 3820 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება;
შეთანხმებები ცვლილების შეტანის შესახებ.
3.1.2. დაზღვევის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის 2.2.2.ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამზღვევს/დაზღვეულს სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდა დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის 2.3.1. ქვეპუნქტის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია: უზრუნველყოს სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდა დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულების ხელმოწერით დამზღვევი/დამსაქმებელი ადასტურებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეულების/დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამზღვევი/დამსაქმებლის პასუხისმგებლობა სოლიდარულია დაზღვეულ(ებ)ის/დამზღვევ(ებ)ის პასუხისმგებლობისა.
3.1.3. სადაზღვევო პრემიის სახით გადახდილია 49 322 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები.
საგადახდო დავალებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 361-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საფუძველია მხარეთა შორის 2015 წლის 30 იანვარს გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 30 იანვრის ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: ხელშეკრულების საგანზე, დაზღვევის პერიოდზე, სადაზღვევო თანხაზე, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობაზე, გადახდის ვადაზე. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანი, ხოლო შპს „ო---მ“ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა სადაზღვევო პრემია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაზღვეულებთან ერთად თანაგადახდის წესით. ამასთან, ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის შესაბამისად, მას სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა დაზღვეულების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ჯამში, სადაზღვევო პრემიის სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 49 847 ლარი, საიდანაც სადაზღვევო პრემიის სახით გადახდილი თანხის გამოკლებით, დავალიანება შეადგენს 525 ლარს. აქედან გამომდინარე, შპს „ო---ს“ მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლად აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, საფუძველსაა მოკლებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაზღვევო პრემიის სახით გადასახდელი დარჩა 525 ლარი. სადაზღვევო პრემიის ბოლო ტრანშის გადახდის ვადა დადგა 2016 წლის 15 იანვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ო---სათვის“ სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის დაკისრების თაობაზე და სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები;
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით შპს „ო---სათვის“ პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან სარჩელის შემოტანამდე და ამ დროიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.02 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში იგი თანხას შეიტანდა ბანკში ანაბარზე და მოგების სახით მიიღებდა სარგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება, რომ სა----------------------ს წლების განმავლობაში, გახსნილი ჰქონდა სხვადასხვა ბანკებში, (სს „თ-----------“, სს „---------------–----, სს „ბ-------------“, სს „ს--–-----------------) ანაბრები. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, სა---------------------- ამ თანხის ბანკში განათავსებდა და ყოველდღიური შემოსავლის სახით მიიღებდა 1.02 ლარს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დამზღვევისაგან ზიანის ასანაზღაურებლად ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით და 2018 წლის 23 მაისიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მოთხოვნილი თანხის დაკისრება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელემ შეამცირა სასამართლო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისაგან სადაზღვევო პრემიის სახით 525 ლარის გადახდევინება. აქედან გამომდინარე, საბოლოო სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რადგან სარჩელის ფასია 1779.94ლარი (525+1254.94 ლარი) (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად). მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 160 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 110 ლარი. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 102 ლარის გადახდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად. (შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი საფასური).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „ს---------------------------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ო---ს“ მოსარჩელე სს „ს---------------------------------–ის“ სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის ასანაზღაურებლად 525 ლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ო---ს“ მოსარჩელე სს „ს---------------------------------–ის“ სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით 882.64 ლარისა და ყოველდღიური მიუღებელი შემოსავლის, 2018 წლის 23 მაისიდან ყოველი მომდევნო დღისათვის, ყოველდღიური 1.02 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რაც შეადგენს 372.3 ლარს. (ჯამში, 1254.94 ლარი).
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ო---ს“ მოსარჩელე სს „ს---------------------------------–ის“ სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „ო---ს“ მოსარჩელე სს „ს---------------------------------–ის“ სასარგებლოდ 102 ლარის გადახდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.2.დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ს---------------------------------–ს“ 2018 წლის 10 მაისის N45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 160 ლარიდან 110 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე მაკა ჭედია