გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/11741-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე - შპს N--------------
წარმომადგენელი - ლა–--------–---
მოპასუხე - შპს „ე-------------“
წარმომადგენელი - ან-------–-–---–-, თა------–----–---–-, სო----------–-–---–-
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ე-------------სათვის“ მოსარჩელე შპს N---------------ს სასარგებლოდ 42 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. შპს N-------------- პერიოდულად ახორციელებდა შპს „ე------–------------“ სხვადასხვა სახის საოჯახო ტექნიკის და საყოფაცხოვრებო საქონლის მიწოდებას. მხარეთა შორის არსებობდა დიდი ხნის ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელე პირველივე მოთხოვნისას კონსიგნაციით აწვდიდა პროდუქციას მოპასუხეს. მოსარჩელემ შპს „ე------–-----“ მიაწოდა წვრილი საოჯახო ტექნიკა და სხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარი (ხორცის გასატარებელი მანქანები, ელექტრო ჩაიდნები, ელექტრო ტოსტერები და სხვა), საიდანაც დაფარული აქვს თანხის ძირითადი ნაწილი. 2014 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ 85 640.20 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა მოპასუხეს, ხოლო 2015 წლის 27 აპრილს - 71 784.58 აშშ დოლარის ღირებულების. კომპანია „ე------–------------“ ჯამში მიწოდებულ იქნა 157 424 აშშ დოლარის საოჯახო ტექნიკა. N M----------- სატრანსპორტო ზედნადებით გაგზავნილი პროდუქტის ღირებულებიდან შპს „ე------–-----“ 42 000 აშშ დოლარი დაფარული არ აქვს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შპს „ე------–-----“ უარს აცხადებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ე------–-----“ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით არ ცნობს სარჩელის მოთხოვნა და განმარტავს, რომ მხარეებს შორის არსებობს რამდენიმე წლიანი საქმიანი ურთიერთობა და ასევე სხვადასხვა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. დღეის მდგომარეობითაც კი მიმდინარეობს მოლაპარაკება მხარეებს შორის არსებული დავალიანების ურთიერთგაქვითვასთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ 85 640.20 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა მოპასუხეს, ხოლო 2015 წლის 27 აპრილს - 71 784.58 აშშ დოლარის ღირებულების. კომპანია „ე------–------------“ ჯამში მიწოდებულ იქნა 157 424 აშშ დოლარის საოჯახო ტექნიკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომერციული ინვოისები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არ დგინდება შპს “ე-------------ს“ ვალდებულება მოსარჩელის წინაშე.
მოპასუხე ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლად აპელირებს მის სასარგებლოდ კრედიტორის ვალდებულების არსებობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოპასუხის მიერ არ არის მითითებული რაიმე ფაქტობრივი გარემოება თუ რა ვალდებულება დაარღვია მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რა მოთხოვნის უფლება გააჩნია მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ, მოთხოვნის მოცულობა და სხვა გარემოებები. ამ გარემოებების დასადასტურებლად არც მტკიცებულებებია წარმოდგენილი. მხოლოდ მხარის ზოგად განმარტებას ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის ვალდებულების არსებობის თაობაზე, სასამართლო არ იზიარებს.
3.2.2. შპს „ე------–-----ს“ დავალიანება მოსარჩელე შპს N---------------ის მიმართ შეადგენს 42 000 აშშ დოლარს.
მოპასუხე შპს „ე------–-----“ არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას 42 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ ას-867-834-2016).
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ NM----------- სატრანსპორტო ზედნადებით გაგზავნილი პროდუქტის ღირებულებიდან შპს „ე------–-----“ 42 000 აშშ დოლარი დაფარული არ აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოს წარმოუდგენს მტკიცებულებებს ზიანის გაანგარიშების თაობაზე (მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ზედნადებები), მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელიც ზიანის ოდენობას ხდის სადავოდ.
რაიმე საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, შპს „ე------–-----ს“ დავალიანება მოსარჩელე შპს N---------------ის მიმართ შეადგენს 42 000 აშშ დოლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს N---------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო 317-ე მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
დადგენილია, რომ შპს N---------------სა და შპს „ე------–-----“ (ამჟამად შპს „ე-------------“) შორის არსებობდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს გარკვეული სახის საოჯახო ტექნიკა, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შესაბამისი ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა.
კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა. თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს.
ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადის გადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადისდარღვევას.
შპს „ე------–------“ სრულად არ შეასრულა შპს N---------------ს მიმართ არსებული ვალდებულება, კერძოდ, გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილ იქნა რომ, შპს „ე------–-----ს“ დავალიანება შპს N---------------ს მიმართ შეადგენს 42 000 აშშ დოლარს.
მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, ნასყიდობის საზღაურის გადახდა - არ შესრულებულა, რაც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 3 209 ლარის გადახდა და ასევე 50 ლარის გადახდა უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს N---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე შპს „ე-------------“ მოსარჩელე შპს N---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 42 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
2. მოპასუხე შპს „ე-------------“ მოსარჩელე შპს N---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3 209 ლარისა და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია