განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
330100118002596325
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების №0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თ---–---

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - დ-------------–---–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - კ--------–------–---–-

ბრალდებული - ლ-–- ბ-–--ის ძე ვ-–-----ე, დაბადებული - 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ--------, ც----------–-- ქუჩა N-, ბინა N-1-ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა დანის გამოყენებით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–---, 2-------- მ-------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „მ---------–----ს" უკანა მხარეს, ურთიერთშელაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ლ-–- ვ-–-----ემ ლ-–- დ------ეს გაარტყა სახეში სილა, რა დროსაც ამ უკანასკნელს აეწვა სახე და იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

იმავე დროს და იმავე ადგილას, ლ-–- ვ-–-----ე დანის გამოყენებით დაემუქრა ლ-–- დ------ეს ჯანმრთელობის დაზიანებით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ლ-–- ვ-–-----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

დაზარალებულ ლ-–- დ------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ლ-–- ვ-–-----ე გაიცნო 2013 წელს კ------- ა-----ში, რომელთანაც ახლობლობდა და სახლშიც დადიოდა სტუმრად. ლ-–- ვ-–-----ესთან შეყვარებულის გამო მოუვიდა კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგ გაიქცა და იმალებოდა ს-----------ში. 2018 წლის 27 ივნისს, შუადღისას, დაუკავშირდა ლ-–- ვ-–-----ე, რომელმაც უთხრა, რომ წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო უნდოდა შეხვედრა. შეთანხმდნენ შეხვედრაზე და შეხვდნენ ს----------------–--თან, რა დროსაც ლ-–- ვ-–-----ემ უთხრა, რომ ციხეში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციის თანამშრომლეთან იყო შეკრული, რის გამოც გაარტყა ხელი და აგინებდა, ხელიდან წაართვა მობილური ტელეფონი, უკანა ჯიბიდან ან ქამრიდან ამოიღო დანა და დაემუქრა რომ დააინვალიდებდა. ის შეეშინდა და გაიქცა, რომელსაც გინებით დაედევნა ლ-–- ვ-–-----ე. სწორედ ამ დროს, მანქანა „ფოლკსვაგენიდან“ გადმოხტა მეორე ბიჭი, რომელსაც არ იცნობდა და ორივე ერთად გამოეკიდა. სირბილისას დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებთანაც მივიდა და დახმარება სთხოვა. ამასთან, მიუთითა პირებზე, რომლებიც მისდევდნენ. პოლიციელებმა განახორციელეს დევნა და დაზარალებულის მიერ მითითებული პირები დააკავეს.

2018 წლის 28 ივნისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მოხდა დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------ ხ-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ვა--------------–-------------------–---–----------------------გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 27 ივნისს, საღამოს საათებში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ხ---- მ-------თან ერთად ს----------------–-------------------------------- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ამ დროს მათთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი - ლ-–- დ------ე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული, ხელით მიუთითა ორ პიროვნებაზე და განუმარტა, რომ ლ-–- ვ-–-----ემ წაართვა მობილური ტელეფონი, დანის გამოყენებით ემუქრებოდა სხეულის დაზიანებით და ითხოვდა დახმარებას. ის მეწყვილესთან ერთად გაემართა ზემოაღნიშნული პირების მიმართულებით, რაც შენიშნეს ბრალდებულმა და მისმა თანხლებმა პირმა და გაიქცნენ. მათ მიერ განხორციელებული დევნის შედეგად, ორივე მათგანი დაკავებული და პოლიციის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმის განმარტებითვე, დაკავებული პირები ცდილობდნენ ტაქსის გაჩერებას და მიმალვას, რაც არ გამოუვიდათ.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ხ---- მ-------მა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---- კ--–--–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ უ-----------------------------–-ს თ------ ხ-----ას პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა თ------ ხ-----ა, ხ---- მ-------ი და ლ-–- დ------ე. ლ-–- დ------ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ლ-–- ვ-–-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: 2012-2013 წლებში ბ------–- მეგობრისგან გაიცნო ლ-–- დ------ე. ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. შემდეგ, დაზარალებული დააპატიმრეს და იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა და შეთანხმდნენ ს----------------–--თან შეხვედრაზე. შეთანხმებისამებრ, შეხვდნენ ს----------------–--თან. მას კ-------ში მოგებული ჰქონდა 200 ლარი, ხოლო ლ-–- დ------ე სთხოვდა 40 ლარის გადაცემას. ამაზე მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც დ------ემ უთხრა, რომ წელში დანა ჰქონდა, რის გამოც ერთხელ შეაგინა, მაგრამ არ დამუქრებია და არც დაურტყამს. ამის შემდეგ, დაზარალებული გაიქცა და თავადაც დაედევნა მეგობართან ერთად, ხოლო ლ-–- დ------ე პოლიციის თანამშრომლებთან მივიდა და მათი თავი დააჭერინა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ლ-–- ვ-–-----ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ვ-–-----ემ ჩაიდინა: 1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა დანის გამოყენებით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ლ-–- ვ-–-----ე თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ლ-–- ვ-–-----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში - ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, შედეგში - დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ძალადობა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. ამასთან, სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, განსხვავებით ცემისა. მაგალითად, ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა - სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება - რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შეშინებული დაზარალებული გაიქცა და პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა დახმარება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- ვ-–-----ემ ჩაიდინა: 1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა დანის გამოყენებით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-–- ვ-–-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ-–- ვ-–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- ვ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ლ-–- ვ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. ლ-–- ვ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას მ--- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. რ--------, ც----------–-- ქუჩა N-, ბინა N-1, საერთო ფართი 69.48 კვ.მ, საკადასტრო კოდით - 0------------------, რომელიც დაყადაღებულია 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი