გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.01.2019
საქმის ნომერი
330310018002565138
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/4748-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - ა-------------–------------------–------–ი

წარმომადგენელი - ლ----–------ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-------------–------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ა-------------–------------------–------–ი (დაბადებული 1----–-–------------) არის ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 16 ივნისის ცნობის თანახმად, ა-------------–------------------–------–ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 83-86);

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 78-79);

- ეროვნული პასპორტი (ს.ფ. 16-17);

- საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 16 ივნისის ცნობა (ს.ფ. 87);

 

3.2. შპს „კ-----------------–-------------------------ს“ 2018 წლის 13 ივნისის ცნობის თანახმად, ა-------------–------------------–------–ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N1-- ბრძანებისა და კ-----------------–-------------------------ს რექტორის N0----- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა კ-----------------–-------------------------ს I კურსის სტუდენტად, მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. შესაბამის პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 5 წელი. ა-------------–------------------–------–ი არის პირველი სასწავლო წლის II სემესტრის სტუდენტი. სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია 2--- წელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობა (ს.ფ. 88);

 

3.3. სს „თ----------ის“ 2018 წლის 13 ივნისის N2---------1 ცნობის თანახმად, ა-------------–------------------–------–ი არის ანგარიშ(ებ)ის მფლობელი სს „თ----------–-“. ნაშთი ანგარიშ(ებ)ზე 2018 წლის 13 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 2---.8---–– დოლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სს „თ----------ის“ ცნობა (ს.ფ. 89)

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2017 წლის 27 ივნისის N1--------- განცხადება და ა-------------–------------------–------–ს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 27 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-27);

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 16 ივნისის №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ა-------------–------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივლისის №S---------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ა-------------–------------------–------–ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ივნისის №1---------/1 წერილი (ს.ფ. 80);

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 11 აგვისტოს №S---------------- წერილი (ს.ფ. 81);

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის №1---------/7 გადაწყვეტილებით ა-------------–------------------–------–ს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 18 ივლისამდე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის, სათანადო წესით დამოწმებული ცნობის წარმოსადგენად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის №1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 76-77);

 

3.7. ე-----ს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, ა-------------–------------------–------–ი არ არის ნასამართლევი. არ ყოფილა და არ იმყოფება ძებნაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობა (ს.ფ. 51-55);

 

3.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1--------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 14 ივნისის №1--------- განცხადება და ა-------------–------------------–------–ს უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-29).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-------------–------------------–------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი; კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.

 

ამავე დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამრიგად, პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის №1---------/7 გადაწყვეტილებით ა-------------–------------------–------–ის განესაზღვრა ვადა 2018 წლის 18 ივლისამდე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოსადგენად. სასამართლოში დავის განხილვისას წარმოდგენილი ე-----ს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, ა-------------–------------------–------–ი არ არის ნასამართლევი. არ ყოფილა და არ იმყოფება ძებნაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა და უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-------------–------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოიპოვა, თუმცა სასამართლოში დავის წარმოებისას მხარემ წარმოადგინა ის დოკუმენტი, რომლის ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარუდგენლობაც გახდა სასწავლო ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებამ შეაჩერა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა მისი კანონიერების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამასთან, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე აღმოიფხვრა ის საფუძველი, რაც ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აღნიშნული გარემოება შეისწავლოს და სათანადოდ გამოიკვლიოს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ხელახლა მოიძიოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

საქმის მასალების ანალიზით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-------------–------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს ა-------------–------------------–------–ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-------------–------------------–------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-------------–------------------–------–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით;

 

3. მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის - ა-------------–------------------–------–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) მეშვოებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე