გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2019
საქმის ნომერი
080210018002654386
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
09.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002654386

საქმე №2/3235-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.02.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ლ-----------ე;

მოპასუხე - ლ-------------ე;

წარმომადგენელი- მ-------------–---ი;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ-------------ეს მცირეწლოვანი შვილის მ--------------ის- სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - მის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2006 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება ლ-------------ესთან. ქორწინების პერიოდში 2006 წლის 30 ოქტომბერს შეეძინათ ერთი შვილი მ--------------ე. ქორწინების შემდეგ ხასიათის შეუთავსებლობის გამო 2018 წლის 1 მარტიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე ქორწინების პერიოდში ახორციელებდა მასზე, როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ ძალადობას. ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და თავად ზრდის შვილს. მოპასუხე ლ------------ე არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენაში. ამჟამად ცხოვრობს ძმასთან, თერჯოლის რაიონში. მოპასუხე ლ------------ე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მის სახელზე ირიცხება 11 სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალება, შესაბამისად მას გააჩნია საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ ყოველთვიურად მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი 700 ლარის ოდენობით. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. ლ-------------ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა რომ სკოლის არდადეგების დროს მ------- უმეტესად იმყოფებოდა მამასთან, ასევე თავისი სურვილით მ------- ნებისმიერ დროს მოდის მასთან და უზრუნველყოფს მატერიალურად. სასკოლოდ გადასცა გარკვეული თანხა, რომ შეეძინა საჭირო ნივთები. არ აკლებს მზრუნველობას და სიყვარულს. აქვს ხშირი სატელეფონო კავშირი. ლ------------ემ განმარტა, რომ მუშაობს მძღოლად, მისი ყოველთვიური შემოსავალი დამოკიდებულია გამომუშავებაზე და მაქსიმალური თანხა თვეში შეადგენს 700-800 ლარს. თანახმაა შვილს ალიმენტის სახით გადაუხადოს ყოველთვიურად 100 ლარი. მართალია მის სახელზე ირიცხება 11 ავტოსატრანსპორტო საშულება, თუმცა ისინი დღეის მდგომარეობით მის საკუთრებას აღარ წარმოადგენენ, გაყიდულია და რეალურად ა/მანქანის მესაკუთრეები სხვა პირები არიან. ამასთან ერთად აქვს ფინანსური პრობლემები და უსახსრობის გამო ვერ ახერხებს ბანკის ვალების დაფარვას. (იხ. შესაგებელი, 31.01.2019 წ სხდომის ოქმი ).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ლ-----------ე 2006 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ლ------------ესთან. 2018 წლის 01 მარტიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. ლ-----------ეს და ლ------------ეს თანაცხოვრების პერიოდში 2006 წლის 30 ოქტომბერს შეეძინათ შვილი მ--------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა #351270;

 

3.1.3. მ--------------ე არის ქუთაისის #21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. დამატებით სწავლობს ცეკვას და მუსიკას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. ლ-----------ე არასრულწლოვან შვილთან მ--------------ესთან ერთად ცხოვრობს ძმასთან და მშობლებთან ერთად თერჯოლაში. მამა პენსიონერია. თავად მუშაობს საკონდიტრო მაღაზიაში 10-10 დღე. ასევე დასაქმებულია კვლევით კომპანიაში. მისი შრომის ანაზღაურება საკონდიტრო მაღაზიაში შეადგენს ყოველდღიურად 10 ლარს. ხოლო კვლევით კომპანიაში ანკეტის შევსების შესაბამისად შემოსავალი შეადგენს 60 თეთრიდან 5 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. ლ------------ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, დედასთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

3.1.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ლ------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.08.2018წ განაჩენი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე ლ------------ის სახელზე რეგისტრირებულია 11 სატრანსპორტო საშუალება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.09.2018 წ შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა;

 

3.2.2. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მუშაობს მძღოლად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 700-800 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის გაცემული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ლ------------ის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 5500 ლარს. ხოლო 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 33610,3 ლარს. ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენდა 1250, 2850, 1000, 400, 200 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- 25.12.2018 წ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, დანართი;

 

3.2.3. მოპასუხე ლ------------ეს 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით სს საქართველოს ბანკის წინაშე გააჩნია ფინანსური ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით მოპასუხე ყოველთვიურად ახდენს სესხის დაფარვას 1134,33-1331,34 ლარის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

მოპასუხე მხარის მტკიცებით შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს მის საკუთრებას, გაყიდულია და სხვის საკუთრებაში იმყოფება. დანართის მე-9 გრაფაში მითითებული ავტომანქა იმყოფება ლ------------ის საკუთრებაში. ავტომანქანას სახ. #LEK505 სარგებლობდა ლ-----------ე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის დანართში აღნიშნული რიგით #1, #2, #6 და #10 ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაყიდულია, ხოლო რიგით #8 სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მისაბმელს.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 250 ლარის ოდენობით 2018 წლის 10 ოქტომბირდან მის სრულწლოვანებამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება;

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

6.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

 

გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი;

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი მ--------------ე ფაქტობრივად ცხოვრობს დედასთან, ლ-----------ესთან ერთად. ლ-----------ე მუშაობს საკონდიტრო მაღაზიაში, მისი ყოველდღიური შემოსავალი შეადგენს 10 ლარს. ლ------------ე არის მძღოლი, ასრულებს სეზონურ სამუშაოებს, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 700-800 ლარს. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის გაცემული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ლ------------ის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 5500 ლარს. ხოლო 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 33610,3 ლარს. ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენდა 1250, 2850, 1000, 400, 200 ლარს. 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ლ------------ეს გააჩნია ფინანსური ვალდებულება სს საქართველოს ბანკის წინაშე. მოპასუხე ცხოვრობს დედასთან ერთად, მის სახელზე ირიცხება 11 სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალება. მოპასუხის მტკიცებით რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებება გასხვისებულია და მესაკუთრეს სხვა პირები წარმოადგენენ, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს მცირეწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ალიმენტის სახით 700 ლარის მოთხოვნის დასაბუთებისას მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ აღნიშნული ოდენობთ თანხა მას ესაჭიროება ასევე საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის. სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ვერ გაითვალისწინებს აღნიშნულ ფაქტს, რადგან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ალიმენტის დაკისრება და არა მოპასუხისათვის დამატებითი ხარჯების გადახდა.

 

დადგენილია, რომ ლ-----------ე არასრულწლოვან შვილთან მ--------------ესთან ერთად ცხოვრობს ძმასთან და მშობლებთან ერთად. მამა პენსიონერია. თავად მუშაობს საკონდიტრო მაღაზიაში 10-10 დღე. ასევე დასაქმებულია კვლევით კომპანიაში. მისი შრომის ანაზღაურება საკონდიტრო მაღაზიაში შეადგენს ყოველდღიურად 10 ლარს. ხოლო კვლევით კომპანიაში ანკეტის შევსების შესაბამისად შემოსავალი შეადგენს 60 თეთრიდან 5 ლარამდე. მხარეთა შემოსავლის ოდენობის მხედველობაში მიღების შედეგად სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს მოპასუხისათვის 700 ლარის დაკისრებას. სასამართლო დასახელებული გარემოების გათვალისწინებთ მიიჩნევს, რომ შვილის საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვოს 250 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი მკიცებულებების საფუძველზე ალიმენტის მითითებული ოდენობა გონივრულია.

 

6.4. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

 

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლო ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი მ--------------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვი არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის იანვრის თვისათვის - 178.6 ლარს.

 

6.7. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი.

 

მოპასუხე ლ------------ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

 

6.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულება, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან, სასესხო ვალდებულების არსებობა მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 700 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მცირეწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 250 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 01 ოქტომბრიდან, შვილის - მ--------------ის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

7.2. საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

7.3. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი);

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ლ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 54 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ლ-------------ეს (პ/ნ 6----------) - არასრულწლოვანი შვილის - 2006 წლის 30 ოქტომბერს დაბადებული მ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე..

 

3. ლ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 54 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე