გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2018
საქმის ნომერი
330310018002567651
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4805-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ”ჯ---------------------------------ი”

წარმომადგენელი - ი------------–--–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე

 

მესამე პირი - ზ---–-------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 21 ივნისის N4--- გადაწყვეტილება ზ---–-------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

3.1. მესამე პირმა - ზ---–-------------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 21.09.2017 წელი) დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ხ------------------–--------- მესაკუთრეა ზ---–-------------ე. საკადასტრო კოდი - 0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 59

 

4.1.2. 2018 წლის 22 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული N1---- სერთიფიკატის მიხედვით, ნ----------------–---–ი რეგისტრირებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად. ფაქტობრივი მისამართზე: ქ. თბილისი, ხ------------------–---------. საქმიანობის სახეა: თმის შეჭრა, შესწორება, შეღებვა, დახვევა, გასწორება. წარბების კორექცია, ეპილაცია, დეპილაცია, კოსმეტოლოგიური მომსახურება. პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელია 2018 წლის 01 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სერთიფიკატის ასლი - ს/ფ 53

 

4.1.3. 2018 წლის 13 მარტს შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ კომერციული მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული ას N0----- სამართალდარღვევის ოქმი ფ.პ. ნ----------------–---–ის მიმართ. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ობიექტი არის გაუფორმებელი, რის გამოც დაერიცხა 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან მრიცხველის გარეშე მოხმარებული წყილს გამტარიანობის მიხედვით.

 

2018 წლის 13 მარტს შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ კომერციულო მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების N0----- აქტი, აბონენტ ფ.პ. ნ----------------–---–ის მიმართ. აღნიშნული აქტის მიხედვით, კომპანიის თანამშრომლების მიერ ობიექტზე დაფიქსირდა წყლის აღურიცხავად მოხმარება, კერძოდ, მრიცხველი გაუფორმებელია. ამდენად, ობიექტი 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან მრიცხველის გარეშე მოიხმარდა წყალს, რის გამოც აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტის საფუძველზე, ფ.პ. ნ----------------–---–ს გადასახდელად დაერიცხა 1147,93 ლარი.

 

2018 წლის 19 მარტის შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ N2--- დადგენილებით ფ.პ. ნ----------------–---–ს სახდელის სახით მიეცა გაფრთხილება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 13 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N0----- - ს/ფ 58

- 2013 წლის 13 მარტის აღურიცხავი წყლის მოხმარების N0----- აქტი - ს/ფ 57

- 2018 წლის 19 მარტის შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ N2--- დადგენილება - ს/ფ 55-56

 

4.1.4. 2018 წლის 14 აპრილის შპს „ჯ---------------------------------ის“ N0----- ,,მრიცხველის/დამღის მოხსნის აქტის’’ მიხედვით, ქ. თბილისი, ხ------------------–---------, აბონენტ ფ.პ. ზ---–-------------ემ შეცვალა მრიცხველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 14 აპრილის N0----- ,,მრიცხველის/დამღის მოხსნის აქტი’’ - ს/ფ 54

 

4.1.5. ზ---–-------------ემ 2018 წლის 19 აპრილს N5------ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა კომპანიის 2018 წლის 13 მარტის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ დარიცხული თანხის გაუქმება. განმცხადებლის განმარტებით, იგი არ ეთანხმება დიდი ოდენობით თანხის დაკისრებას, ვინაიდან ქ. თბილისი, ხ-----------------ში გახსნილი აქვს სილამაზის სალონი, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის 01 მარტს. მის მიერ განთავსებულ მრიცხველზე ერთ თვეში დაფიქსირდა წყლის ხარჯი 8 მ3, შესაბამისად, იგი არ ეთანხმებოდა შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით 1147,93 ლარის დაკისრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზ---–-------------ის განცხადება - ს/ფ 52

 

4.1.6. 2018 წლის 21 ივნისის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №4--- გადაწყვეტილებით ზ---–-------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ ზ---–-------------ისთვის აღურიცხავი წყლის მოხმარების საფასურად 1147,93 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს „ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება; მასვე დაევალა, რომ დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 21 ივნისის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №4--- გადაწყვეტილება - ს/ფ 47-51

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 21 ივნისის №4--- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ”ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.

 

”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მიიჩნევს, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმა ერთმანეთისგან განასხვავებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს წყლის მოხმარების მიზნობრიობაში, კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი წყალს მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, განსხვავებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ფიზიკური პირი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ხ-----------------ში ზ---–-------------ეს გახსნილი აქვს სილამაზის სალონი. აღნიშნული ობიექტის გადამოწმებისას გამოვლინდა სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების ფაქტი. კერძოდ: ობიექტზე იყო მრიცხველი, თუმცა არ იყო შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ აბონენტი, რის გამოც სასმელი წყლის მოხმარება არ აღირიცხებოდა სრულად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს აღნიშნული კოდექსის 239-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2018 წლის 13 მარტის N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა“ და ას N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე, 2018 წლის 19 მარტის N2--- დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).

 

სასამართლო მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ ზ---–-------------ის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების განსაზღვრისას ერთმანეთისაგან განასხვავებს შემთხვევებს, რამდენად შესაძლებელია უკანონოდ მოსხმარების დაწყების თარიღის დადგენა; კერძოდ, ამ წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

სასამართლო, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---–-------------ე წარმოადგენს რეგისტრირებულ აბონენტს, რომელსაც საკითხის განხილვის დროისათვის მოწესრიგებული აქვს სასმელი წყლის მიღების აღრიცხვის კვანძი; ასევე ცნობილია სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდი, კერძოდ, 2018 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 13 მარტამდე დრო.

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის განმარტებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგინილია, დარღვევის პერიოდი, ანუ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდი - 13 დღე, რაც გამორიცხავს იმ ნორმის ამოქმედებას, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც შეუძლებელია უკანონოდ მოსხმარების დაწყების თარიღის დადგენა.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ”ჯ---------------------------------ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი