გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7833-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - კ-------------
მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კა-----–-----ის დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით კ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 19-31).
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 36-53).
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით, ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახით განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 56-57).
3.4. დადგენილია, რომ კა-----–-----ისათვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 23 დეკემბრიდან, სასჯელის მოხდა დასრულდება 2022 წლის 23 სექტემბერს. ამასთან, სასჯელის მოხდის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 2/3 შესრულდა 2018 წლის 23 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-22);
- კა-----–-----ის პიორადი საქმე.
3.5. 2014 წლის 15 აგვისტოს N-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა N-- პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 06 აპრილის N----- ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N-- პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-22);
- კა-----–-----ის პიორადი საქმე.
3.6. დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში კ------------- დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. კ------------- ნასამართლობის არმქონეა. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა მონაწილეობა მიიღო ეკლესიის მშენებლობაში, ესწრება კულტურულ ღონისძიენებს, ვარჯიშობს. ჰყავს სოციალურ მხარდამწერთა ქსელი მეგობრების და ნათესავების სახით. კომუნიკაბელურია, ზრდილობიანი, გარეგნულად მოწესრიგებული. აქვს უმაღლესი განათლება. აქვს სამუშაო გამოცდილება. დაწესებულების დატოვების შემდეგ სურს დასაქმდეს. დღის განმავლობაში კითხულობს, ვარჯიშობს. ნანობს და განიცდის ჩადენილ დანაშაულს. მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციისა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-22);
- კა-----–-----ის პიორადი საქმე.
3.7. დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 09 ოქტომბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა კა-----–-----ის დარცენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, მონაწილეობა აქვს მიღებული
დაწესებულებაში მიმდინარე ეკლესიის მშენებლობასა და სხვა კულტურულ ღონისძიებაში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეძენასა და შენახვაში გამოიხატა. ვინაიდან დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა კა-----–-----ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-22);
- კა-----–-----ის პიორადი საქმე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კა-----–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-43 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენით. ამ გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები. ხოლო ხსენებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესი და პიურობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“. აღნიშნული წესის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. მითითებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.
შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავს ზემოთ მითითებული წესის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოთ მითითებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის შეცვლის საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
განსახილველ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გაითვალისწინა და დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, მონაწილეობა აქვს მიღებული დაწესებულებაში მიმდინარე ეკლესიის მშენებლობასა და სხვა კულტურულ ღონისძიებაში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეძენასა და შენახვაში გამოიხატა და მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას დანაშაულის ხასიათთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება, სასამართლოს მოსაზრებით, მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ------------- ნასამართლობის არმქონეა. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა მონაწილეობა მიიღო ეკლესიის მშენებლობაში, ესწრება კულტურულ ღონისძიენებს, ვარჯიშობს. ჰყავს სოციალურ მხარდამწერთა ქსელი მეგობრების და ნათესავების სახით. კომუნიკაბელურია, ზრდილობიანი, გარეგნულად მოწესრიგებული. აქვს უმაღლესი განათლება. აქვს სამუშაო გამოცდილება. დაწესებულების დატოვების შემდეგ სურს დასაქმდეს. დღის განმავლობაში კითხულობს, ვარჯიშობს. ნანობს და განიცდის ჩადენილ დანაშაულს. მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციისა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორები (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) არ გამოვლენილა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლოს მნიშნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ------------- დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია. სადავო გადაწყვეტილებაში კი არ არის დასაბუთებული, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კა-----–-----ის მიმართ მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რასაც საბოლოოდ მივყავართ სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნამდე.
ამდენად, მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით, მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით, იგი უფლებამოსილია ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტილად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე დგილობრივი საბჭოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოსთვის კა-----–-----ისათვის დარცენილი სასჯელის უფრო მსუბუქი (შინაპატიმრობით) სასჯელით შეცვლის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს ავალდებულებს, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, შეაფასოს რამდენად არსებობდა კა-----–-----ისათვის დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საფუძვლები, რასაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაძლოა მოჰყვეს კა-----–-----ისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული კი ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის კა-----–-----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კა-----–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კა-----–-----ის მიმართ;
3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ მეშველიანი