გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7104-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - გი-----------–----–---–ი
წარმომადგენელი - კა------–-----–--ე
მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - გვა-–------–------ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გი-----------–----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გ------ რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განაჩენით გი-----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 02 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– გ------ რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 38-40);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 02 მაისის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 44-46);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება (პირადი საქმის ს.ფ. 50).
3.2. გ------ რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განაჩენით გი-----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუეფლების აღკვეთა 09 წლის ვადით, ჩაეთვალა 10 დღე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართელოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– გ------ რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 20-23);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 30-31);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 თებერვლის განჩინება (პირადი საქმის ს.ფ. 48).
3.3. მ–------ რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, გი-----------–----–---–ს ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა 10 დღე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (31.07.2015წ-მდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ახ. რედაქცია), სასჯელის ზომად განესაზღვრა 08 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა 10 დღე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- მ–------ რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინება (პირადი საქმის ს.ფ. 51-54);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 06 ოქტომბრის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 55-59);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინება (პირადი საქმის ს.ფ. 60);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინება (პირადი საქმის ს.ფ. 61-66).
3.4. დადგენილია, რომ გი-----------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2----–-–---------------, სასჯელის მოხდა დასრულდება 2----–-–-----------. ამასთან, სასჯელის მოხდის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 2/3 შესრულდა 2----–-–------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– სპეციალური პენიტენციური სამსახურის მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-19);
- გი-----------–----–---–ის პირადი საქმე.
3.5. გი-----------–----–---–ი 2014 წლის 31 მაისს №- პენიტენციური დაწესებულებიდან გადყვნილ იქნა №-- პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 27 აპრილის №---- ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– სპეციალური პენიტენციური სამსახურის მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-19);
- გი-----------–----–---–ის პირადი საქმე.
3.6. დადგენილია, რომ გი-----------–----–---–ი ნასამართლობის არმქონეა. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა. დასჯილია ორჯერ: 2014 წლის 27 აგვისტოს №------ განკარგულებით გამოეცხადა საყვედური, საღამოს საბარათე შემოწმებაზე არ იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ საკანში; 2015 წლის 23 ოქტომბრის №------ განკარგულებით მოთავსდა სამარტოო საკანში 14 დღე-ღამით, ხმაურობდა საკანში უმისამართოდ იგინებოდა და ილანძღებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– სპეციალური პენიტენციური სამსახურის მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-19);
- გი-----------–----–---–ის პირადი საქმე.
3.7. დადგენილია, რომ გი-----------–----–---–ის სასჯელის მოხდის პერიოდში აქტიურად ესწრებოდა დაწესებულებაში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს. ასევე, მონაწილეობას იღებდა დაწესებულებაში არსებულ ეკლესიის მშენებლობაში. იგი არის მოწესრიგებული და კომუნიკაბელური. მისი გადმოცემით ჰყავს სოციალურ მხარდამჭერთა ქსელი. მსჯავრდებულს აქვს საშუალო განათლება და სამუშაო გამოცდილება. სამომავლო გეგმები უკავშირდება დასაქმებასა და ოჯახს. მართალია, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ბოლო პერიოდში რაიმე სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– სპეციალური პენიტენციური სამსახურის მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-19);
- გი-----------–----–---–ის პირადი საქმე.
3.8. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- ოქმის თანახმად, საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა გი-----------–----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული კულტურულ ღონისძიებებში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაულები, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და მოხმარებაში გამოიხატა. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიებები. ვინაიდან, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა გი-----------–----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:
– სპეციალური პენიტენციური სამსახურის მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-19).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გი-----------–----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
ამავე საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“. წესის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.
შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავს ზემოთ მითითებული წესის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოთ მითითებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
განსახილველ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გაითვალისწინა და დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული კულტურულ ღონისძიებებში, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაულები, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და მოხმარებაში გამოიხატა. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიებები და ვინაიდან სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას დანაშაულის ხასიათთან და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება, სასამართლოს მოსაზრებით, მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გი-----------–----–---–ი ნასამართლობის არმქონეა, სასჯელის მოხდის პერიოდში აქტიურად ესწრებოდა დაწესებულებაში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს. ასევე, მონაწილეობას იღებდა დაწესებულებაში არსებულ ეკლესიის მშენებლობაში. იგი არის მოწესრიგებული და კომუნიკაბელური. მსჯავრდებულს აქვს საშუალო განათლება და სამუშაო გამოცდილება. სამომავლო გეგმები უკავშირდება დასაქმებასა და ოჯახს. მართალია, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ბოლო პერიოდში რაიმე სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განსახკუთრებული სახის რისკ-ფაქტორები (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) არ იკვეთება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომელიც ადგენს, რომ თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლოს მნიშნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ გი-----------–----–---–ი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია. სადავო გადაწყვეტილებაში კი არ არის დასაბუთებული, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გი-----------–----–---–ის მიმართ მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რასაც საბოლოოდ მივყავართ სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებულ დასკვნამდე, არის თუ არა მისი გამოსწორებისათვის საჭირო დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
ამდენად, მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით, მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით, იგი უფლებამოსილია ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტილად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოსათვის გი-----------–----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს ავალდებულებს, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, შეაფასოს რამდენად არსებობდა გი-----------–----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები, რასაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაძლოა მოჰყვეს გი-----------–----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული კი ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის გი-----------–----–---–ის პირობით ვადამდე გათვაისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი-----------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------- №---------- გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გი-----------–----–---–ის მიმართ;
3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ მეშველიანი