განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N 1/45-19
( №021211218002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ზ-----------–------ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, ს----------–----------–--ე, პირადი ნომერი 1----------, დ------------–ი, ს-–----–----------–---თ, ნ----------–--------------ე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–----------------–-------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - გ----------------------------–-----–----ი.
ადვოკატი: ლოლა ტუსაშვილი,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ზ------------–------ე და ნ-----------–-–---–ი 2004 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ზ------------–------ე ნ-----------–-–---–ის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ახორციელებდა ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას იმის გამო, რომ არ იყო მისთვის გასათვალისწინებელი მეუღლის არცერთი სურვილი და მოსაზრება და მიიჩნევდა მას თითქმის უუფლებოდ. 2018 წლის 18 დეკემბრიდან ნ-----------–-–---–მა გადაწყვიტა ზ-----------–------ესთან თანაცხოვრების შეწყვეტა, რის გამოც 2018 წლის 19 დეკემბერს ზ-----------–------ემ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ნ-----------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ნ-----------–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
ზ------------–------ე და ნ-----------–-–---–ი 2004 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ზ-----------–------ე ნ-----------–-–---–ის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 2018 წლის 19 დეკემბერს ზ-----------–------ემ, იმის გამო, რომ ნ-----------–-–---–მა გადაწყვიტა მასთან განშორება, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ნ-----------–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ზ-----------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, მოწმეების: ა-----------–--ის, მ-----–---------–---–ის, ი-–---------ის, ნ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებას, შემაკავებელი ორდერის მასალები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ იქნა მიჩნებული ყველა მტკიცებულება, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის ჩვენებისა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
დაზარალებულმა ნ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულთან 2004 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ სამი შვილი. თავდაპირველად მეუღლესთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა იმის გამო, რომ მას ჰყავდა სხვა პარტნიორი, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ურთიერთობა დაეძაბათ და ხშირად ჩხუბობდნენ. მათი ძირითადი პრობლემა ასევე იყო ეკონომიური სიდუხჭირე, ბრალდებული არ მუშაობდა და არც მას აძლევდა შესაძლებლობას, რომ ემუშავა. ვინაიდან ასეთი დამოკიდებულების გამო თავს ცუდად გრძნობდა, დაშორდა მას, თუმცა იგი ურეკავდა და უგზავნიდა შეტყობინებებს, აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, რომ არ აპატიებდა და შეეშინდა რომ რაიმე არ დაეშავებინა, ამის გამო მიმართა კიდეც პოლიციას.
დაზარალებულის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ მასა და ბრალდებულს შორის იყო უარყოფითი, არასახარბიელო დამოკიდებულება როგორც პირადი, ისე ოჯახური ურთიერთობის თვალსაზრისით, თუმცა დაზარალებულმა გარკვეულწილად არ დაადასტურა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, ხოლო მისი განმარტებები იძლევა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დადგენის შესაძლებლობას.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდების მხარემ ზ-----------–------ესა და ნ-----------–-–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულის ჩვენება და მხარეთა შორის უდავოდ მიჩნეული მტკიცებულები, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მას შემდეგ რაც ნ-----------–-–---–მა გადაწყვიტა ბრალდებულთან დაშორება და დარეკა პოლიციაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დაურეკა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ამ მომენტამდე არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, სხვადასხვა დროს განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, სასამართლოს შეფასებით იძლევა მუქარის საფუძვლიანობაში დარწმუნების საფუძველს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ დანაშაულის მოტივს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და შესაბამისად მასზე დაყდნობით მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გენდერული შეუწყნარებლობის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ბრალდებულის დამოკიდებულება ქალის მიმართ, როგორც მასზე დაბლა მდგომი სუბიექტის მიმართ, მისი ცხოვრების წესისა და მის ინტერესებზე კონტროლის სურვილით. ასევე უნდა დადგინდეს, რომ მუქარას, ძალადობას ან სხვა სახის ქმედებას ადგილი აქვს ქალის მიმართ არათანასწორი დამოკიდებულების გამო.
გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ნამდვილად არსებობდა კონფლიქტური, არაჯანსაღი და ოჯახურ ურთიერთობებზე არასწორი შეხედულებების მქონე ურთიერთობა და უთანხმოების ძირითადი მიზეზი იყო ბრალდებულის უმუშევრობა, ეკონომიური პრობლემები და სხვა პარტნიორის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა განქორწინებაზე გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მუქარის განხორციელების გენდერული მოტივი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა, შესაბამისად, მუქარა ვერ ჩაითვლება გენდერულ დიკსრიმინაციად და არ ქმნის ამ ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ზ-----------–------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად, ზ-----------–------ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, გაცნობიერებული აქვს ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს სამი შვილი, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ზ-----------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქმეზე ამოღებული მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ზ-----------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული „სამსუნგის“ მარკის ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, რომელიც ინახება გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით
მოსამართლე მ.მაისურაძე